"ქართული ოცნება": ზურაბიშვილი ნაცმოძრაობის გზავნილებს იმეორებს
ქართული ოცნება ზურაბიშვილზე
მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგის შესახებ ისაუბრა. კობახიძის თქმით, პრეზიდენტი ნაცმოძრაობის და რადიკალური ოპოზიციის გზავნილებს იმეორებს.
კობახიძის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიცია ბრიუსელში სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა და, მეორე მხრივ, საჯაროდ თავად იმეორებს იმ სიცრუეს, რაზეც ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების ანტისახელმწიფოებრივი კამპანიაა აგებული:
“როდესაც სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე აცხადებს, რომ შარშან ივლისში საქართველო იყო პირველ ადგილზე, ახლა კი არის ბოლო ადგილზე უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ამ განცხადებას მხოლოდ უმძიმესი შეფასება შეიძლება მიეცეს. პრეზიდენტის ეს ე.წ. შეფასება რომ ტყუილია, ამასაც კი არ აქვს ამ შემთხვევაში რაიმე არსებითი მნიშვნელობა.”
კობახიძემ ისაუბრა ე.წ. მეორე ფრონტის შესახებაც და ხაზი გაუსვა იმას, რომ თბილისიდან 40 კილომეტრში რუსეთის ჯარი დგას და არა NATO-ს.
“რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა და უკრაინაში მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი გაგვეშვა, ახლა მეორე ფრონტი უკვე დამდგარი შედეგი იქნებოდა. ვინ ითხოვდა ამ ნაბიჯების გადადგმას, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, კარგად მოიკითხოს”, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმდჯომარემ.
მისივე თქმით, ქართული ოცნება 16 ივნისს პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს. რადგან, კობახიძის განმარტებით, ზურაბიშვილის ინიციატივა “არასერიოზულია”.
ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ “ევროინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობის 85% უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს”.
ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა, უმოქმედობა, შეწყვეტილი საერთაშორისო ვიზიტები, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ე.წ. “მეორე ფრონტზე” აპელირებით, ევროპარლამენტარების, მეგობარი და მოკავშირე ქვეყნების განაწყენება, იზოლაციის საფრთხე – ამ საკითხებზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 14 ივნისს სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თემას ეხებოდა.
პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება. შეაჯამა მისი ვიზიტები ევროპასა და ამერიკაში და თქვა, რომ ევროკავშირის გზაზე, სადაც უკვე “ბევრი გაფუჭებული საქმეა”, ჯერ ისევ არის მცირე, მაგრამ რეალური შანსი.