კელი დეგნანი: მოვუწოდებთ მთავრობას, სერიოზულად მიუდგეს ომბუდსმენის რეკომენდაციებს
კელი დეგნანი: სერიოზულად მიუდგეს ომბუდსმენის რეკომენდაციებს
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე სახალხო დამცველის რეკომენდაციებს სერიოზულად მიუდგეს.
“ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ მოვუწოდებდით და მოვუწოდებთ, რომ ის მოინახულოს კვალიფიციურმა პროფესიონალმა ექიმებმა და მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს. ჩვენ გვაქვს სრული ნდობა სახალხო დამცველის რეკომენდაციების მიმართ, იმის მიმართ, თუ როგორ ჩაატარეს მონიტორინგი და შემდგომ რა რეკომენდაციებიც მიიღებს”, – აცხადებს ელჩი.
მისივე განმარტებით, სახალხო დამცველის ოფისს აქვს კონსტიტუციური მანდატი, რომ დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უფლება:
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის არის შესაბამისი ორგანო, რომელიც ძალიან კარგად ასრულებს თავის სამუშაოს და შესაბამისად, კარგი იქნება თუ მისი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება.”
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის შეფასებით, საქართველოს პატიმარი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ოჯახი, მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს.
უკვე შვიდი თვეა, მიხეილ სააკაშვილი, დაპატიმრებულია. ექსპრეზიდენტი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც ის 2021 წლის 1 ოქტომბერს, ფარულად დაბრუნდა საქართველოში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ამიტომ, ამ ხნის განმავლობაში, პროტესტის ნიშნად ორჯერ შიმშილობდა. მათ შორის, პირველ შემთხვევაში შიმშილობა 51 დღე გაგრძელდა.
მაშინ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ მკურნალობა დასჭირდა. იგი სამკურნალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
არსებობდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 10 ნოემბრის გადაწყვეტილებაც. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილის შეწყვეტისკენ მოუწოდა, სახელმწიფოს კი დაავალა, უზრუნველეყო პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა.