"ქართულმა ოცნებამ" მარნეულში მერობის კანდიდატი შეცვალა. ყველაზე ბოლოს ეს ამბავი თავად კანდიდატმა გაიგო
21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანია ამირან გიორგაძემ სექტემბრის დასაწყისში დაიწყო. მარნეულის მერობისთვის მას მმართველი გუნდის სახელით უნდა ებრძოლა. მარნეულში გიორგაძის უზარმაზარი ბილბორდებიც გამოიკრა, სადაც მერობის კანდიდატი “ქართული ოცნების” პარტიული ფერის ფონზე იღიმის და გვერდით პარტიული ნომერი “41”-იც უწერია.
თუმცა, 18 სექტემბერს გიორგაძის წინასაარჩევნო გეგმები მოულოდნელად შეიცვალა. რადიო “მარნეულის” ეთერიდან გიორგაძემ გაიგო, რომ თურმე აღარ არის მმართველი გუნდის კანდიდატი და მის ნაცვლად მარნეულის მერობისთვის თეიმურაზ აბასოვი იბრძოლებს.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგაძე მერობის კანდიდატი აღარ იყო, მარნეულში მას მხარდამჭერები მაინც აღმოაჩნდა. “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად მარნეულის ცენტრში სამასამდე ადამიანი შეიკრიბა.
ისინი მმართველი პარტიის ლიდერებისგან ოფიციალური განმარტებების გაკეთებას მოითხოვდნენ. თუმცა, ვინაიდან ადგილობრივ მხარდამჭერებთან „ქართული ოცნების“ ლიდერებიდან არავინ მისულა, აქციის მონაწილეები თბილისისკენ დაიძრნენ და უკვე “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მოიყარეს თავი.
ამირან გიორგაძის მხარდასაჭერად მარნეულის მუნციპლიტეტის გამგეობის, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი მოსახლეობაც მივიდა.
“ქართული ოცნების” ოფისთან აქცია მრავალრიცხოვანი საპატრულო მანქანებისა და პოლიციის თანხლებით მიმდინარეობდა.
დახურული შეხვედრა შედგა პარტიის ოფისში. სამსაათიანი მსჯელობის შემდეგ, აქციის მონაწილეების უმრავლესობამ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. დახურული შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნებიდან“ მარნეულის მერობისთვის თეიმურაზ აბასოვი იბრძოლებს, რაც შეეხება უკვე ყოფილ კანდიდატს ამირან გიორგაძეს, ის საკრებულოს სიის პირველი ნომერი იქნება.
ამირან გიორგაძე ამ დრომდე მედიასთან არ ჩნდება.
რატომ შეცვალა მმართველმა გუნდმა კანდიდატი მარნეულში? ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არც მმართველი გუნდის წევრებს აქვთ. „ქართული ოცნების“ შტაბში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ლიდერების გადაწყვეტილებას ეთანხმებიან.
იგივე თქვა თავის ერთადერთ კომენტარში მედიასთან ამირან გიორგაძემაც:
“არ ვიცი, მართლა არაფერი ვიცი. ჩემთვის არაფერი უთქვამთ… ჩემთვის საკმარისი ის, რასაც პარტია გადაწყვეტს,” – უთხრა მან სააგენტო “გურიანიუსს”.
თეიმურაზ აბასოვს, რომელმაც ამირან გიორგაძე ჩაანაცვლა, მარნეულში არ იცნობენ. მოსახლეობამ მის შესახებ მხოლოდ ის იცის, რომ ის ადგილობრივი არ არის.
ოფიციალური ინფორმაციას აბასოვის შესახებ არც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
სხვადასხვა ინფორმაციით, თეიმურაზ აბასოვი ბაქოში იმყოფება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ის იყო შშს-ს ატაშე აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოში, თუმცა ახლა ძალოვანი უწყების თანამშრომელი არ არის.
ქალაქ მარნეულის ცენტრში და სოფლებში ამ დრომდე რჩება ამირან გიორგაძის წინაასაარჩევნო ბილბორდები. კანდიდატმა ორი კვირის წინ დაიწყო კამპანია და მოსახლეობასთან სამი შეხვედრის გამართვაც მოასწრო.
ფეისბუკიდან უკვე წაიშალა მისი ოფიციალური გვერდი – „ამირან გიორგაძე მარნეულის მერად/ Amiran Giorgadze”.