რუსეთში შახტში აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
აფეთქება რუსეთში შახტში
რუსეთში, კემეროვოს ოლქის ქალაქ ბელოვში მდებარე „ლისტვიჟნაიას“ ქვანახშირის შახტში, 25 ნოემბრის საღამოს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის 51 ადამიანია.
26 ნოემბრის დილას, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მაშველი, რომელიც დაღუპულად მიიჩნეოდა, შახტში ცოცხალი იპოვეს.
- კონფლიქტის ზონა აღმოსავლეთ უკრაინაში ეკოლოგიური და დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზეა
- ქალები საშიშ სამუშაოზე: ტყიბულელი მეშახტეების ისტორია
როგორც „ნოვაია გაზეტა“ წერს, სულ ტრაგედიის მომენტში შახტში 258 მეშახტე იმყოფებოდა. 25 ნოემბრის საღამოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იმ დროისთვის მიწის ქვეშ მყოფი 52-ვე ადამიანი, მათ შორის 46 მეშახტე და ექვსი მაშველი, დაიღუპა. 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რეგიონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
შახტში მომხდარი ავარიის სავარაუდო მიზეზი, რომელზეც ხელისუფლება და ექსპერტები საუბრობენ – მეთანის აფეთქებაა.
რუსეთის საგამოძიებო სამსახურმა ფაქტზე ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – გულგრილობისა და წარმოების უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო. შახტის დირექტორი, მისი პირველი მოადგილე და უბნის უფროსი დააპატიმრეს.