ხელისუფლება სააკაშვილის შიმშილს იმიტირებულს უწოდებს
საქართველოს ექს-პრეზიდენტის, პატიმარი მიხეილ სააკაშვილის შიმშილიდან ერთი თვის თავზე, ხელისუფლება სააკაშვილის პროტესტის ფორმას, – შიმშილს, იმიტირებულსა და „ფეიკს“ (ყალბს) უწოდებს და ცინიკური განცხადებებით ეხმაურება.
პატიმარი პრეზიდენტის თანაპარტიელები და ექიმები კი ამბობენ, რომ მოშიმშილე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 2 ნოემბერს განაცხადა, რომ თუ ერთი თვეა ადამიანი შიმშილობს, ეს არის მისი უფლება და ხელისუფლება არაფერ შუაშია ამასთან.
„აქ არის მინიშნებები და მეც გავაკეთე მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შიმშილობა, სინამდვილეში, არის იმიტირებული…
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ ლიმონათი უყვარს. ჩვენ გვიხარია, რომ მის ჯანმრთელობას, რეალურად, არ ექმნება საფრთხე.
ეს საკითხი არ არის საერთოდ საინტერესო, ერთ-ერთი პატიმარი შიმშილობს. ერთ-ერთი პატიმარი არის სააკაშვილი, რომელიც სხვებზე ბევრად მძიმე დანაშაულებშია მსჯავრდადებული. შესაბამისად, ის არის ერთ-ერთი პატიმარი. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტის დაცვით მოეპყროს ასეთ პატიმარს“, – თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
- თითქმის ერთი თვეა სააკაშვილი შიმშილობს. რა ელის და რა ვიცით მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
- რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი და იქნება თუ არა ქართული მაიდანი – გია ნოდიას თვალსაზრისი
- ტრუსკავეციდან “უმაღლესი დონის” სპეცოპერაციამდე. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია – რა იქნება შემდეგ?
კობახიძის ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება უსწრებდა. მდინარაძემ თქვა, რომ „მოშიმშილე ადამიანი 40 დღე ძლებს და ისინი 41-ე დღეს დაელოდებიან“.
„მოდი, თავისი პერსონალური მონაცემების გახმოვანების საშუალება მისცეს პენიტენციურ სამსახურს, იუსტიციის სამინისტროს, მერე ვნახოთ, შემთხვევით ფეიკი ხომ არ არის ეს შიმშილობა, ან ნახევრად შიმშილობა ხომ არ არის და ა.შ. გარკვეული ეჭვები არსებობს. მოდი, ამაზე ვილაპარაკოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
და ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, უშუალოდ მას აქვს თუ არა ეჭვები შიმშილობაზე, უპასუხა:
„ასე გაგვიგია ყველას, რომ 40 დღე ძლებს ადამიანი და 41-ე დღეს ველოდებით და ჯანსაღად იქნება ეს ადამიანი, დარწმუნებული ვარ. მერე სალაპარაკო აღარ გვექნება მე და თქვენ და რამდენიმე ტელევიზიას.“
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 33 დღეა შიმშილობს. ექიმები, რომლებიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობიან, ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა შესაძლოა ნებისმიერ წუთს გაუარესდეს.
უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ, რომელთანაც სააკაშვილმა ახალი ოჯახი შექმნა, გუშინ, 1 ნოემბერს, მისი მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს 20 კილო აქვს დაკლებული და მისი მდგომარეობა წინა შეხვედრასთან შედარებით კიდევ უფრო მძიმეა:
„უბრალოდ ლოდინი, კიდევ უფრო მეტად როდის დამძიმდება ადამიანის მდგომარეობა, ძალიან არასწორია. ეს დიდი სირცხვილია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია და მისი მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება. ამის ასე დატოვება არ შეიძლება“.
- სანამ სტრასბურგი სააკაშვილის საქმეს განიხილავს, ის უნდა გათავისუფლდეს” – ევროპარლამენტარების წერილი
- სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის პეტიციას ხელი მეუფეებმაც მოაწერეს
ბოლო რამდენიმე დღეა, თანაგუნდელები და მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილს სთხოვენ შეწყვიტოს შიმშილი. მათ შორის არის პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიაც.
სოციალურ ქსელში უკვე არაერთი მოქალაქე წერს, რომ ხელისუფლების რეაქცია და განცხადებები ექს-პრეზიდენტის პროტესტის ფორმაზე სამარცხვინოა:
„3 დღეა ადამიანი შიმშილობს და ქვეყანა პირდაფჩენილი უყურებს. ადამიანი შეიძლება მოკვდეს და მსჯელობენ იმაზე თუ რატომ შიმშილობს ან რამდენი ხანი გაუძლებს. ზოგიც ადამიანის სიკვდილს მოუთმენლად ელის”, – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე.
„რა სამწუხაროა, რომ სააკაშვილის პროტესტის ერთი შეხედვით ირაციონალური მოდელი ყველაზე რაციონალურია ივანიშვილის რეჟიმთან დაპირისპირებისას – სხვა სიტყვებით, კომფორტული პროტესტის ზონიდან გასვლა უაღრესად არაკომფორტული პროტესტის ზონაში, რადგან “თან სასიამოვნო და თან სასარგებლო” პროტესტით, როგორც ჩანს, რეჟიმთან დაპირისპირება შედეგი ვერ, არ, ან ძალიან ნელა მიიღება“, – წერს მწერალი ლაშა ბუღაძე.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც იგი ფარულად დაბრუნდა სამშობლოში.
მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ორ საქმეზე იგი მსჯავრდებულია, ორ საქმეზე კი ბრალდებული.
პარალელურად, მას ბრალი წაუყენეს კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთას ეხება.
ძებნილის სტატუსის მქონე ექს-პრეზიდენტი დაკავებისთანავე რუსთავის N12 საპყრობილეში გადაიყვანეს. იმავე საღამოს მან შიმშილობა დაიწყო.
ადვოკატები ითხოვენ, რომ მოშიმშილე პრეზიდენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია, სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. სასჯელაღსრულების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ექს-პრეზიდენტს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.
საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნით, ციხის საავადმყოფოში არც მკურნალობისთვის საჭირო აღჭურვილობა არსებობს და არც უსაფრთხო გარემო ყოფილი პრეზიდენტისთვის, რომელსაც ბევრი მტერი ჰყავს დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენლებს შორის.
ციხის საავადმყოფოში გადასვლას არც თავად სააკაშვილი თანხმდება. ამ დრომდე, იგი კატეგორიულ უარს ამბობს შიმშილობის შეწტვეტაზეც.