ყარაბაღი. გამყოფ ზოლზე გუშინ მომხდარი გამწვავების წვრილმანები
ოთხ ივლისს JAMnews გამყოფ ზოლზე მომხდარი მორიგი გამწვავების შესახებ იუწყებოდა.
https://jam-news.net/?p=47707&lang=ka
დღეს, გუშინ მომხდარი მოვლენების შესახებ, როგორც ყოველთვის, ორივე მხარის ოფიციალურ განმარტებებსა და კომენტარებს გთავაზობთ.
ინფორმაცია აზერბაიჯანიდან
5 ივლისს აზერბაიჯანის ფიზულინის რაიონის სოფელ ალხანლიში 50 წლის საჰიბა ალაჰვერდიევასა და მის ორი წლის შვილიშვილთან ზაჰრა გულიევასთან დამშვიდობების ცერემონია ტარდება.
ფოტო გულიევების ოჯახური ალბომიდან
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვიდობიანი მაცხოვრებლების დაღუპვაზე ძალიან მკვეთრი რეაგირება მოახდინა. სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ მოწყობილი ამ პროვოკაციის შედეგად ხანში შესული ქალბატონისა და მისი ორი წლის შვილიშვილის დაღუპვა, სხვა სამოქალაქო პირის დაჭრა, ასევე სამოქალაქო ობიექტების დაზიანება წარმოადგენს ვანდალიზმის აქტს და კიდევ ერთხელ ადასტურებს სომხეთის სახელმწიფოს ტერორისტულ არსს“, – უთხრა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ჰიკმეტ გაჯიევმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „Azertag“-ს.
“იმ დროს, როდესაც რეგიონში ვიზიტის შემდეგ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, და საერთაშორისო ორგანიზაციები სუბსტანციური და სერიოზული მოლაპარაკებების გზით სტატუს-კვოს შეცვლისკენ მოუწოდებენ, სომხეთი საძაგელ და ბოროტ პროვოკაციებს მიმართავს, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბავშვების შეგნებულად განადგურებისკენ არის მიმართული“, – დასძინა გაჯიევმა.
ბევრმა აზერბაიჯანულმა მასობრივმა საინფორმაციო საშუალებამ გამოაქვეყნა გარდაცვლილი გოგონას ფოტო. სოციალური ქსელების გვედებზე შურისძიებისა და დაუყოვნებლივ ომის დაწყების მოწოდებები გაისმის. ასევე მკვეთრად აკრიტიკებენ ეუთოს მინსკის ჯგუფის საქმიანობას.
საყოველთაო აღშფოთებულ ხმაურს ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეებიც შეუერთდნენ. მაგალითად, აზერბაიჯანის პირველმა პრეზიდენტმა აიაზ მუტალიბოვიმა სააგენტო haqqin.az-თან ინტერვიუში განაცხადა: „საერთაშორისო პრობლემების დიპლომატიური გზით გადაჭრა, რასაკვირველია, კარგია, მაგრამ დღეს სომხური მხარე არჩევანს არ გვიტოვებს. საერთაშორისო საზოგადოებამ კი, დროა, ვარდისფერი სათვალე მოიხსნას და სიტუაციას რელურად შეხედოს. ვიდრე მსოფლიო დუმს, სარგსიანისეული ხუნტის დანაშაულები სულ უფრო მზაკვრული და საშინელი ხდება“.
ინფორმაცია სომხეთიდან
მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრომ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს წარუდგინა ვიდეო, რომელშიც დაფიქსირებულია, თუ როდის გახსნა საპასუხო ცეცხლი სომხურმა მხრემ.
4 ივლისს იტყობინებოდნენ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ დაახლოებით 20:20 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან (РСЗО) TR-107 გახსნა ცეცხლი. სომხური მხარის საპასუხო დარტყმა 20:31 განხორციელდა „მოწინააღმდეგის მხრიდან რამდენჯერმე ცეცხლის გახსნის შემდეგ“- როგორც ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს შეტყობინებაშია ნათქვამი.
გარდა ამისა, ყარაბაღის თავდაცვითმა უწყებამ გამოაქვეყნა აზერბაიჯანელი მეთაურების მოლაპარაკებათა ხმოვანი ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ თავდაცვის არმიამ საპასუხო ზომები მიიღო აზერბაიჯანული მხარის სასროლი წერტილის მიმართულებით.
არცახის თავდაცვის სამინისტროს შეტყობინებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ, ტრადიციულად, თავისი სასროლი წერტილები დასახლებულ პუნქტებში განალაგა, რითაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცოცხალ სამიზნედ აქცია. არცახის თავდაცვის არმიამ საპასუხო ზომებს მიმართა, რის შედეგადაც აზერბაიჯანულ მხარეს დანაკარგი ჰქონდა“.
ყარაბაღის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დავიდ ბაბაიანიმა გამოცემა Tert.am-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „აზერბაიჯანული მხარის საქციელში ახალი არაფერია, ისევ ისეთი ტერორისტული, არაადამიანური მოქმედებები, რომელთა შეფასებაც ჯანსაღი ლოგიკის ფარგლებში შეუძლებელია. გარდა ამისა, აზერბაიჯანი ასევე იარაღის ისეთ სახეობებს იყენებს, რომელთა გამოყენებაც არანაირად არ ცვლის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკურ ბალანსს.
უბრალოდ, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აზერბაიჯანი – ტერორისტული ქვეყანაა, ასე ვთქვათ, ფანატიკოსების ქვეყანა. აზერბაიჯანმა არათანაზომიერი პასუხი მიიღო. სინამდვილეში, დანაკარგი მათ განიცადეს, თანაც – ფრიად საგრძნობი“.
იმავე ინტერვიუში მან განაცხადა, რომ სომხური მხარის ძირითადი სამხედრო კონცეფცია აქტიური თავდაცვაა: ანუ ჩვენ არასდროს გამოვალთ აგრესორის როლში, თუმცა, აგრესიის ნებისმიერი გამოვლინება დაისჯება“.
სომხეთის მედია იუწყება, რომ ხუთი ივლისის ღამით გამყოფ ზოლზე სიტუაცია შედარებით მშვიდი იყო, თუ არ ჩავთვლით სნაიპერების გასროლებს, რაც აქ უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
შუამავლების რეაქცია
ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა http://www.osce.org/minsk-group/327866 4 ივლისს საღამოს გაავრცელეს განცხადება ფიზულის რაიონის სოფელ ალხანლუში სიტუაციის გამწვავების შესახებ, „რომლის შედეგადაც არის მსხვერპლი, მათ შორის – მშვიდობიან მოსახლეობაში“.
გაისმა სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მორიგი მოწოდება: ძალადობა მხოლოდ ძალადობასვე შობს, და არანაირი შედეგი არ მოაქვს. ამ ხანგრძლივი კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი პსუხისმგებლიანი და ჰუმანური გზა ის არის, რომ მხარეები თავიანთი კეთილი ნებით დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას“. თანათავმჯდომარეებმა ასევე დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს.