ტორტი "ზემფირა"
დეიდაჩემი ამ ტორტს “ზემფირას” უწოდებს, მაგრამ ამ ამ ნამცხვართან დაკავშირებით მე სულ ბულბულის ასოციაცია მაქვს.
საქმე ისაა, რომ ერთ მშვენიერ საღამოს, როდესაც დეიდაჩემის სახლში მორიგად შეიკრიბნენ სტუმრები, ვიღაცამ გაიხსენა დიალოგი, რომელიც იმ დღეს გაიმართა ერთ ლექტორსა (რომელიც მხოლოდ რუსულად საუბრობდა) და სტუდენტს შორის (რომელმაც რუსული ენა არც ისე კარგად იცოდა)
– ამჯერად რაღატომ დააგვიანეთ? – გულდაწყვეტით იკითხა ლექტორმა.
– იცით… მთელი ღამე არ მიძინია. მხოლოდ დილით მოვახერხე დაძინება და აი…
– კი მაგრამ რატომ? – გულწრფელად დაინტერესდა პედაგოგი.
– მთელი ღამე ჩიტი გალობდა, პროფესორო!
– ჩიტი?
– დიახ, ჩიტი! დამავიწყდა რუსულად როგორ ჰქვია…
– ბულბული?
– დიახ, დიახ! ბულბული! მთელი ღამე ეგ ბულბული დამჩხაოდა: “ყვა! ყვა!”
ყოველთვის, როდესაც თეფშზე უგემრიელესი გრილი ტორტის, “ზემფირას” ნაჭერი მიდევს, ეს ისტორია მახსენდება. ეს ნამცხვარი გემოების ნამდვილი თაიგულია – მჟავეცაა, ტკბილიც, და სურნელოვანიც. იმდენად მარტივია, რომ გამოცხობაც კი არ სჭირდება. მოგიყვებით, როგორ უნდა მომზადდეს!
დაგვჭირდება:
- 10 ზეფირი (აუცილებლად თეთრი ფერის, დამატებითი არომატებისა და საღებავების გარეშე)
- ნაღების კარაქი 200 გრ
- შესქელებული რძე 200 გრ
- ნიგოზი 200 გრ
- 4 მსხვილი ლიმონი
- შავი შოკოლადი 50 გრ
შეგვიძლია, ჯერ ზეფირი გვერდზე გადავდოთ. მოდით, ჯერ კრემი მოვამზადოთ. კრემისთვის დარბილებული კარაქი მიქსერით ათქვიფეთ და, ამავდროულად, კარაქს შესქელებული რძე დაუმატეთ. ნიგოზი ბლენდერით დაფქვით, ნაღების მასას დაუმატეთ და გულდასმით აურიეთ. ამ ნარევშივე ჩაასხით ლიმონი და კიდევ ერთხელ მოურიეთ. ამ ტორტისთვის სწორად მომზადებული კრემი, კონსისტენციით, თხელ არაჟანს უნდა ჰგავდეს.
ზეფირის ორ ნაწილად გაჭრის დროც მოვიდა (ფრთხილად იყავით. არ დატეხოთ. ზეფირის ფირფიტები მთლიანი უნდა იყოს). ზეფირის შუაზე გაჭრის შემდეგ მიღებული ნაჭრები სიგრძივ დაჭერით. მიღებული ფირფიტები მინის თასის ფსკერზე დაალაგეთ. ფირფიტების პირველი ფენას დიდი რაოდენობის კრემი წაუსვით; ამის შემდეგ მეორე ფენაც დადეთ და ისიც კრემით დაფარეთ. კრემის მასაზე ზეფირის მესამე ფენა განათავსეთ და ა.შ. როდესაც უკანასკნელ ფენასაც წაუსვამთ კრემს, სახეხით გახეხილი შოკოლადი დააყარეთ. მორჩა. ტორტი მაცივარში მოათავსეთ და ეცადეთ, ორი საათით დაივიწყოთ. როდესაც მტანჯველი 2 საათი გაივლის, ტორტი მაცივრიდან უნდა გამოიღოთ და კიდეები უნდა ფრთხილად გაუწიოთ – ისე, რომ ტორტის მასა თასის კედლებს მოსცილდეს.
ამის შემდეგ თასი დიდ თეფშზე დააპირქვავეთ. მზადაა!
ჩაი, ნაკლებად ტკბილი წვენი, ან კომპოტი დაისხით – ასეთ ჩინებულ დესერტს ნებისმიერი სასმელი მოუხდება.
გამოქვეყნდა: 21.07.2016