10 მარტივი ნაბიჯი წარმატების მისაღწევად
ქეთი ჟვანია-ტაისონი ქოუჩინგის სპეციალისტი, სოციოლოგი, ახალგაზრდული ცენტრის „მზიანი სახლის“ ტრენერია. მისი დახმარებით ჩამოვაყალიბეთ ათი მთავარი ნაბიჯი.
1. შეიცანი საკუთარი თავი
როცა სხვებს შეიცნობ, სწავლული ხდები, ხოლო როცა საკუთარ თავს შეიცნობ _ ბრძენი. იმისთვის, რომ წარმატებული ადამიანი გახდე, პირველ რიგში, უნდა შეიცნო საკუთარი თავი: ვინ ვარ, როგორი ვარ, საიდან მოვდივარ, რატომ ვარ ასეთი, რისთვის ვარ აქ, რა შემიძლია და რა არა. თუ ამაზე დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ თითოეული თქვენგანი არის სამყაროს საჩუქარი, რომ თქვენნაირი სხვა არასდროს ყოფილა, არ არის და არც იქნება. რაც უფრო კარგად ვიცნობ ჩემს თავს, მით უფრო მეტი ენერგია და, შესაბამისად, უფრო მეტი ძალა მაქვს წარმატების მისაღწევად. როდესაც საკუთარ თავს სწავლობ, გიჩნდება ჯანსაღი თვითშეფასების უნარი: მე ვხედავ იმას, რაც მაქვს კარგი და ამავე დროს ვხედავ იმას, რაზეც ჯერ კიდევ მჭირდება მუშაობა. ეს არის ერთგვარი მოგზაურობა საკუთარ თავში, რომლის დროსაც ადამიანი აუცილებლად აღმოაჩენს ცხოვრების მთავარ მიზანს და ხედავს მისი განხორციელების მექანიზმებს.
2. მომართე თავი საკუთარ სიხშირეზე
სამყარო ყველაფერზე ზრუნავს _ უბრალოდ, ზუსტად უნდა იცოდე, რა გინდა, და სწორედ ის შეუკვეთო. „შეკვეთა“ ეს არის ჩამოყალიბებული მიზანი, რომლის გარეშე შეუძლებელია წარმატებული გახდე. მაგალითად, თუ გინდა მოუსმინო „ამერიკის ხმას“, რადიო უნდა მომართო სპეციალურ სიხშირეზე. თუ მას სხვა სიხშირეზე მომართავ, დაიჭერ სხვა რადიოსადგურს. ასევეა ცხოვრებაშიც. წარმატების მისაღწევად უნდა მომართო საკუთარი თავი საკუთარ სიხშირეზე.
3. განსაზღვრე მიმართულება
მიზნის ჩამოყალიბება არ შველის საქმეს. მისი მიღწევისთვის აუცილებელია საკუთარი სტრატეგიული გეგმის განსაზღვრა. თუ არა გაქვს საკუთარი გეგმა, მაშინ ცხოვრობ სხვისი გეგმის მიხედვით, ექცევი სოციუმის გავლენის ქვეშ, რაც ვერ მოგიტანს ბედნიერებას და სიხარულს. თუ მე ჩავჯექი გემში და მივდივარ ფოთში, პროდუქტების და წყლის ერთი დღის მარაგი დამჭირდება. თუ ვაპირებ იტალიაში წასვლას, მაშინ დამჭირდება სხვა რაოდენობის მარაგი. მაგრამ როცა არ ვიცი, სად უნდა წავიდე, რა რაოდენობის მარაგი უნდა ჩავტვირთო გემში? ამიტომ, მიმართულების ცოდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
4. განავითარე ემოციური გონიერება
წარმატებულ ადამიანებს აქვთ ემოციური გონიერება. რა არის ეს? ყველას შეგხვედრიათ ადამიანი, რომელიც მოგწონთ, გიზიდავთ, გინდათ მასთან ურთიერთობა. ამ ტიპის ადამიანზე იტყვიან ქარიზმული არისო. ქარიზმა არის თვისება, რომლის წყალობითაც, ადამიანს აფასებენ, როგორც განსაკუთრებული თვისებებითა და ეფექტური ზემოქმედების მოხდენის უნარით დაჯილდოვებულ პიროვნებას. ადრე ითვლებოდა, რომ ეს თანდაყოლილი უნარია. შემდეგ, წარმატებული ადამიანის ფსიქოლოგიის შესწავლის მიზნით, 50-60 წლებში ამერიკაში ჩატარდა ინტენსიური კვლევა, დადგინდა, რომ ეს არ არის თანდაყოლილი. სავსებით შესაძლებელია მისი განვითარება და დახვეწა. შეეცადეთ, ადამიანებთან დაამყაროთ ურთიერთობა ისე, რომ მათ თქვენთან თავი კარგად იგრძნონ, შეუქმენით კომფორტული და სასიამოვნო გარემო.
5. იყავი მადლიერი
პერიოდულად უნდა დავფიქრდეთ, თუ ვის მიმართ და რატომ ვართ მადლიერი ზოგადად, ან მოცემულ ეტაპზე. ამ დროს ისეთი ზღვა ენერგია მოდის, ისეთი განსხვავებული თვალით შეხედავთ ყველაფერს, რომ შეუძლებელია იმ მომენტში არ იყოთ ბედნიერი. მადლიერება არის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ენერგია, რომელიც კი შეიძლება ადამიანმა შეიგრძნოს. უნდა ვიპოვით შინაგანი ძალა იმისთვის, რომ გამოვიმუშავოთ ჩვენში მადლიერების გრძნობა. სცადეთ და ნახავთ, თუ როგორ შეიცვლება თქვენს გარშემო ყველაფერი.
6. მისდიე ცხოვრების ჯანსაღ წესს
ცხოვრების ჯანსაღი წესი, პირველ რიგში, არის ყველაფერში ზომიერების დაცვა. იგი მოიცავს ქცევის ყველა ელემენტს _ განსაკუთრებით ფიზიკურ აქტივობას და კვებას. არ დაიზაროთ ფეხით სიარული, სუფთა ჰაერზე გასეირნება, არ გაუშვათ ბუნებაში გასვლის შანსი. ბუნებასთან ურთიერთობა იძლევა ენერგიას, რომელიც გვეხმარება ვიყოთ ჯანმრთელი და ხალისიანი.
7. სწავლა სიკვდიმდე შენია
ყველა ადამიანმა 40 წლის შემდეგ რაღაც ახალი უნდა ისწავლოს, იქნება ეს სპეციალური კურსების გავლა თუ წიგნებიდან თეორიული ცოდნის შეძენა. როცა კუნთი არ მოძრაობს, იგი ატროფირებას განიცდის. ასევე ატროფირდება გონებაც უძრაობის პირობებში. კვალიფიკაციის ამაღლება წარმატების მნიშვნელოვანი საწინდარია.
8. დააბალანსე კატეგორიებში ჩადებული დრო
ჩვენი ცხოვრება შედგება სხვადასხვა კატეგორიისგან: ოჯახი, სამსახური, მეგობრების წრე, გართობა და ა.შ. აიღეთ ფურცელი და ჩამოწერეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი კატეგორიები. შემდეგ გადახედეთ, თუ რომელ მათგანს უთმობთ უფრო მეტ დროს და რომელს აქცევთ ნაკლებ ყურადღებას. თუ მე მთელი დრო მაქვს გადართული სამსახურზე, მაშინ ოჯახისთვის და მეგობრებისთვის სათანადოთ ვერ ვიცლი ან თუ სულ ოჯახისთვის მაქვს დათმობილი დრო, მაშინ საკუთარი თავი მრჩება დაჩაგრული. იქმნება დისბალანსი, რაც ნიშნავს წონასწორობიდან გამოსვლას. ვინც წონასწორობაში არ არის, იგი ვერ იქნება ჰარმონიაში. როცა ჰარმონიაში არ ხარ, თავს ვერ გრძნობ ბედნიერად და, შესაბამისად, წარმატებასაც ვერ აღწევ.
9. არ დაგავიწყდეს სიკეთის კეთება
სიკეთის გამკეთებელს უფრო უხარია, ვიდრე იმას, ვისაც სიკეთეს უკეთებენ. გახსოვდეს, რომ ქველმოქმედება, საკუთარი წვლილის შეტანა, უანგარო დახმარება არის წარამტებული ადამიანისთვის დამახასიათებელი თვისება. თუ ადამიანი სიკეთეს აკეთებს ღიად, ახდენს მის აფიშირებას, ეს უკვე „პიარია“ და არა სიკეთის კეთება. სიკეთე გააკეთე ჩუმად და გულით. ამ დროს შენ მიიღებ ისეთ დიდ ენერგიას, რომელიც მომავალი წარმატებების მიღწევაში დაგეხმარება.
10. მიიღე სულიერი შხაპი
ადამიანი ბინძურდება არა მხოლოდ ხორციელად, არამედ სულიერადაც. ჩვენ პერიოდულად გვჭირდება გაწმენდა. ამისთვის არსებობს სხვადასხვა ინსტრუმენტი: აღსარება, ლოცვა, მედიტაცია, მუსიკა, სპეციალური ვარჯიშები და ა.შ. ეს ყველაფერი გააზრებულად უნდა ხდებოდეს. ცხოვრება ისეთია, რომ უამრავ რამეს გამოვყავართ წონასწორობიდან და მუდმივად გვჭირდება შინაგანი გაწმენდა.