აზერბაიჯანში კორონავირუსით მერვე გარდაცვალება და დაინფიცირების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
დაინფიცირებულების საერთო რიცხვმა 717-ს მიაღწია
აზერბაიჯანში კორონავირუსი COVID-19-ით გარდაცვალების რიგით მერვე შემთხვევა მოხდა და დაინფიცირების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამრიგად, მოცემული მომენტისთვის, ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 717 ადამიანს შეადგენს. 44 მათგანი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.
მერვე გარდაცვლილი 67 წლის იყო და ისევე როგორც კორონავირუსის წინა მსხვერპლთა უმეტესობას, მასაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებდა.
აზერბაიჯანში მკაცრი საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული (თუმცა, არა – საგანგებო მდგომარეობა).
დაკეტილია ორგანიზაციების, საწარმოებისა და კომერციული ობიექტების უმრავლესობა. დაკეტილია ასევე მეტრო, ყველა პარკი, სკვერი და გასართობი დაწესებულებები.
5 აპრილიდან დაწესებულია მოქალაქეების გადაადგილების მკაცრი შეზღუდვა – სახლიდან გასვლისთვის საჭიროა სამსახურიდან ცნობა ან ხელისუფლებისთვის SMS-ის გაგზავნა – იმ მიზნის მითითებით, თუ რისთვის გადის მოქალაქე სახლიდან.