“ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა” - “ქართული ოცნება” სუროგაციის აკრძალვას აპირებს
“ქართული ოცნება” სუროგაციას კრძალავს
მმართველი პარტია, „ქართული ოცნება”, საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვას გეგმავს. ინიციატივის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა კვირას, 22 ნოემბერს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი განცხადებით, მათ ამ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია აქვთ საპატრიარქოსთან. მანვე თქვა, რომ შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიციირდება.
ამ ინიციატივას, სოციალურ ქსელებში დიდი კრიტიკა მოჰყვა. ხელისუფლებას ქალებისთვის დედობის შესაძლებლობის შეზღუდვაში ადანაშაულებენ.
როგორ ხსნის მმართველი პარტია გადაწყვეტილებას
“ქართული ოცნება” გადაწყვეტილებას სუროგაციასთან დაკავშირებული ეთიკური და სამართლებრივი რისკებით ხსნის. მმართველი პარტია ჩამოთვლის ადამიანებით ვაჭრობის, ქალთა შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დარღვევის რისკებს.
ირაკლი კირცხალიამ სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს. თუმცა, ეკონომიკური სარგებელი ვერ გადაწონის ამ რისკებს:
“კარგად გვესმის, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა გარკვეული ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური სარგებელი ვერ იქნება აღნიშნული რისკებისა და ეთიკური საკითხების საპირწონე”
უმრავლესობის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ სუროგაციის მომსახურებით მოსარგებლეთა 98 პროცენტი საქართველოს მოქალაქე არ არის. რაც შეეხება დარჩენილ ორ პროცენტს, “ისინი გაგებით მოეკიდებიან”.
„როდესაც ასეთ რისკებთან გვაქვს საქმე, დამერწმუნეთ, ის საზოგადოება ვართ, იმ მენტალობის ქვეყანა ვართ, იმ რწმენის და შეხედულებების ქვეყანა ვართ, ის 2%-იც თუ 1.5%-იც ძალიან გაგებით მოეკიდება იმ რისკებს, რომელი რისკებიც ჩვენ აქ ჩამოვთვალეთ”, – დასძინა კირცხალიამ.
კირცხალიას ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, რომ საქართველოში დაბადებული ბავშვები ქვეყნიდან გაჰყავთ სხვადასხვა მიმართულებით, ხოლო ამის შემდეგ სახელმწიფო მათ მომავალზე კონტროლს კარგავს.
„ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე, სად მიდის“, – განაცხადა მან.
კირცხალიას არ დაუსახელებია კონკრეტული საქმეები, ოფიციალური სტატისტიკა ან დოკუმენტები, რომლებიც სუროგაციის სფეროში ტრეფიკინგის მასშტაბს დაადასტურებდა. მან მხოლოდ თქვა, რომ ხელისუფლებას „ძალიან ბევრი ფაქტი“ აქვს ცნობილი.
მმართველი პარტია ამბობს, რომ პოსტსაბჭოთა სივრციდან სულ 5-6 ქვეყანაა დარჩენილი, სადაც ჯერ კიდევ დგას სუროგაციის საკითხი. მათ შორისაა საქართველოც.
კირცხალიამ, ბრიფინგზე, ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ 2023 წლიდან სუროგაციის „ბაზარზე” მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია.
„ევროკავშირიის წევრი ქვეყნებიც რომ ავიღოთ, აკრძალულია სუროგაცია. ძალიან მკაცრად არის დარეგულირებული. რაც შეეხება კომერციალიზაციას, გვახსოვს, ეს საკითხი 2023 წელსაც იდგა. 2023 წლის ვითარება რომ შეადაროთ, სამწუხაროდ, დღეს მაჩვენებელი კოლოსალურად არის გაზრდილი. ფაქტობრივად, 100-100 პროცენტით იზრდებოდა ყოველ წელს. ეს წარმოშობს იმ რისკებს, რაც ჩამოვთვალეთ”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
მანვე დასძინა, რომ სუროგაციის სრულად აკრძალვის მიუხედავად, ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურას შეზღუდვები არ შეეხება და ის კვლავ მკაცრი რეგულირების ქვეშ დარჩება.
აკრძალვის მცდელობა 2023 წელსაც იყო
სუროგაციის შეზღუდვა ხელისუფლების დღის წესრიგში ადრეც იდგა. 2023 წელს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც დამხმარე რეპროდუქციული მომსახურების, მათ შორის სუროგაციის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვას ითვალისწინებდა.
მაშინ ეს ინიციატივა, იმდროინდელმა და ამჟამად პატიმარმა ექსპრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა:
“ჩვენს მოქალაქეებს, ქალბატონებს, სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ იცის, აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, რომელ წყვილს გაჰყავს. არსებობს ინფორმაცია, შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ. უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს”, – თქვა ღარიბაშვილმა.
კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა კიდეც, მაგრამ, კანონად არ ქცეულა. მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო უცვლელი დარჩა.
“ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა” – პირველი შეფასებები
ინიციატივის გაჟღერებას სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.
“იმის ნაცვლად, რომ კანონმდებლობა დახვეწონ, დაიცვან იმ სუროგატი ქალების უფლებები და ვინც ამ სფეროში დანაშაულს სჩადის, დასაჯონ, სუროგაციას სრულად კრძალავენ! ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა!
რა გზაც მე გავიარე, ამ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფინანსურად, იგივე გზის გავლას ვუსურვებ ყველას, მათ შთამომავლობას, ვისაც სუროგაციის აკრძალვა თავში მოუვიდა, ახლა აკრძალავს, დაამტკიცებს, ხელს მოაწერს”, – დაწერა ჟურნალისტმა ნინო კაპანაძემ.
მან ამ თემაზე რამდენიმე სტატუსი გამოაქვეყნა.
“მაინტერესებს, ვისთან გაიარეს კონსულტაციები სუროგაციის აკრძალვაზე კანონმდებლებმა – რეპროდუქტოლოგებთან? ექიმებთან? სუროგატების შუამავალ კომპანიებთან? სპეციალურ კლინიკებთან? რა კომპეტენცია აქვს რელიგიურ ორგანიზაციას, სუროგაციის აკრძალვაზე გადაწყვეტილებაში ჩაერიოს”, – კითხულობს ის.
“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი, სუროგაციის თემაზე 2022 წლიდან მუშაობს და არაერთი სტატია აქვს გამოქვეყნებული.
საქართველოში ჩამოყვანილი უცხოელი სუროგატი ქალების ისტორიებში იგი აღწერს ქალების უფლებების დარღვევის არაერთ შემთხვევას. ამ სტატიების საფუძველზე, საქართველოში გამოძიებაც დაიწყო, დააკავეს რამდენიმე სააგენტოს ხელმძღვანელი.
“მე ეს სტატიები იმისთვის არ მიწერია, ვინმეს რამე აეკრძალა. პირიქით, ეს სტატიები მზადდებოდა მხოლოდ ერთი მიზნისთვის – საქართველოს ჰქონოდა კანონმდებლობა, რომელიც სათანადოდ დაიცავდა სუროგატ ქალსაც, ბავშვსაც, პოტენციურ მშობლებსაც და სადაც არ დარჩებოდა ადგილი ტრეფიკინგისა თუ სხვა მძიმე დანაშაულებებისთვის.
აკრძალვა ძალიან ადვილია. უფრო რთულია რეგულირება, შესაბამისი კანონის შექმნა, საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრება. ხელისუფლებამ კი მარტივი გზა არჩია – აკრძალვა”, – დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში ინიციატივის გახმოვანების შემდეგ.
კრიტიკის მთავარი ხაზი – “ქართული ოცნება” საპატრიარქოს გულის მოგებას ცდილობს”
ამ ბოლო დროს, “ქართულ ოცნებასა” და საპატრიარქოს შორის, დაძაბულობა შეინიშნება. ერთ-ერთი მიზეზი აზარტული თამაშების რეგულირების საკითხია.
ოქტომბერში უმრავლესობამ დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც კაზინოებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარებისა და გარკვეული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.
საპატრიარქომ ეს გადაწყვეტილება ძალიან გააკრიტიკა. თქვეს, რომ ხელისუფლებას მათთან კონსულტაცია არ გაუვლია. კათოლიკოს-პატრიარქი შიო III-ც გამოეხმაურა საკითხს. ან თქვა, რომ აზარტული თამაშების ხელშეწყობა თავად ამ საქმიანობიდან შემოსავლის მიღებაზე არანაკლებ მძიმე ცოდვაა.
ამ ფონზე სუროგაციის აკრძალვის შესახებ ხელისუფლების განცხადება, ბევრმა ეკლესიასთან ურთიერთობის დაძაბულობის განმუხტვის მცდელობად შეაფასა.
“სამარცხვინო და ბოროტი გადაწყვეტილება! საპატრიარქოსთან „დალაგების“ მიზნით ათასობით ქალს ართმევენ დედობის შესაძლებლობას! იმ ქალებს, ვისაც კი არ ეზარება ბავშვის გაჩენა, არამედ არ შეუძლია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო! რამდენ ქართულ ოჯახს ართმევენ ბედნიერებას! რამდენი ბავშვი აღარ დაიბადება! და ეს ხდება ქვეყანაში, სადაც სრული დემოგრაფიული კატასტროფაა!“ – დაწერა “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ.
სუროგაციის მიმართ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კრიტიკული დამოკიდებულება ახალი არ არის. სხვადასხვა დროს, ეპისტოლეებში საპატრიარქო სუროგაციას აფასებდა, როგორც “უმძიმეს დანაშაულს”.
მაგალითად, 2014 წლის საშობაო ეპისტოლეში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დაყენებული, “შეიძლება თუ არა ბედნიერი იყოს ოჯახი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება” და ეწერა, რომ “ასეთი ბავშვი შესაძლოა უსიყვარულობისა და მარტოობისთვის იყოს განწირული”.
მაშინ ამ განცხადებებს საზოგადოებაში კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც საპატრიარქოს განმარტება დასჭირდა.
საპატრიქრქომ განმარტა, რომ ეკლესია სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების გზით დაბადებულ ბავშვებს არ უპირისპირდებოდა, თავად რეპროდუქციული მეთოდების მიმართ ჰქონდა უარყოფითი პოზიცია.
რა მოხდა ახლა, უშუალოდ საპატრიარქოა აკრძალვის ინიციატორი თუ “ქართული ოცნება” მართლაც მათთან ურთიერთობის გამოსწორებას ცდილობს, არ ვიცით. საპატრიარქო კირცხალიას განცხადებებს ჯერ არ გამოხმაურებია.
კონტექსტი – სუროგაციის ინდუსტრია საქართველოში
საქართველოში სუროგაციის საერთაშორისო ბაზარი განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ გაიზარდა. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამ სფეროში მომუშავე არაერთი საერთაშორისო სააგენტო უკრაინიდან და რუსეთიდან საქართველოში გადმოვიდა.
Deutsche Welle-ს 2026 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ვრცელ სტატიაში, მოყვანილია საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემები.
ამ ინფორმაციის თანახმად, 2023 წელს ქვეყანაში 3 ათასზე მეტი სუროგატი დედა იყო რეგისტრირებული. 2012 წლიდან მათ 5 ათასზე მეტი ბავშვი გააჩინეს.
გამოცემის ინფორმაციით, 2021 წელს სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვების რაოდენობა დაახლოებით 300 იყო, 2023 წელს კი 1 100-ს გადააჭარბა. DW-ის ცნობით, საქართველოში ამ მომსახურებას დაახლოებით 19 კლინიკა სთავაზობს მომხმარებლებს.
საქართველოში სუროგაცია მხოლოდ სამედიცინო მომსახურება და უცხოელი წყვილებისთვის რეპროდუქციული შესაძლებლობა არ არის.
ეს სფერო არაერთ კითხვას აჩენს იმ ქალების უფლებების დაცვის შესახებ, რომლებიც სუროგაციის პროგრამებში მონაწილეობენ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან.
სუროგაცია-დონაციის სფეროში წლების განმავლობაში ერთი და იგივე პრობლემაზე საუბრობენ სპეციალისტები.
მათი მთავარი რეკომენდაციაა, რომ საქართველოს სჭირდება ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი ჩარჩო-კანონმდებლობა, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს სუროგატი ქალების, უშვილო წყვილების, კლინიკების, ექიმებისა და შუამავალი სააგენტოების უფლებებსა და პასუხისმგებლობებს.
“ქართული ოცნება” სუროგაციას კრძალავს