მოსკოვი თბილისთან დიალოგის აღდგენაზე საუბრობს: ზურაბაშვილთან დიალოგს რუსეთის მხრიდან გალუზინი გაუძღვება
მოსკოვის და თბილისის დიალოგი
რუსეთმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, გიორგი ზურაბაშვილთან კონტაქტი დაამყარა – მისი რუსი ვიზავი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ გალუზინი იქნება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოცემა „იზვესტიას“ განუცხადეს.
„ჩვენ დავამყარეთ კონტაქტი გიორგი ზურაბაშვილთან. განსაზღვრულია მისი რუსი ვიზავიც, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი, რომელიც სამხრეთ კავკასიის მიმართულებას კურირებს. რუსეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოსთან პრაგმატული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებას“, – განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.
მოსკოვის ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებების ძირითადი თემები სავაჭრო ბრუნვისა და ტურიზმის ზრდა, სატრანსპორტო კავშირების გაფართოება და კულტურული გაცვლები იქნება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ახალ ფორმატს უფრო ფართო პოლიტიკური მნიშვნელობაც მიანიჭეს და განაცხადეს, რომ ის ფაქტობრივად რუსეთ-საქართველოს იმ დიალოგის აღდგენას უკავშირდება, რომელიც 2012 წელს დაიწყო და თითქმის ათი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
გიორგი ზურაბაშვილი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. მას საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული თანამდებობაც შეუნარჩუნდა, თუმცა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განმარტებით, რუსეთთან ურთიერთობებში საქართველოს სწორედ სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით წარადგენს.

ამ გადაწყვეტილებით თბილისმა მოსკოვთან არაფორმალური დიალოგის ფორმატს უფრო მაღალი პოლიტიკური რანგი და მკაფიო მანდატი მიანიჭა. ახლა ამ პროცესის მეორე მხარეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი წარმოადგენს, რომელიც სამხრეთ კავკასიის საკითხებს კურირებს.
ამასთან, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხში საქართველოს პოზიცია უცვლელია და ამ მიმართულებით გადაწყვეტილების გადახედვა არ იგეგმება.
გამოხმაურება
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის. მისი თქმით, საბოლოო მიზანი შესაძლოა საქართველოში სამი საელჩოს არსებობა გახდეს – სოხუმში, ცხინვალსა და თბილისში.

„კარასინმა რა დაალაგა საერთოდ, ან ზურაბაშვილმა და გალუზინმა რა უნდა დაალაგონ?! მიზანი არის, რომ საქართველოში იყოს სამი საელჩო – ერთი სოხუმში, ერთი ცხინვალში და ერთი თბილისში. ამის თქმას ვერ ბედავენ, მაგრამ ამ მიმართულებით მიდიან“, – თქვა ჯაფარიძემ.
მან ასევე გააკრიტიკა რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობის გარეშე და აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან მარტო არ უნდა დარჩეს.
ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მთავარი დაბრკოლება – საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება – უშლის ხელს.
„ამ ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბუნებრივი ბარიერი. ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფოდ აღიარება. შესაბამისად, აქ ჩვენი გადაწყვეტილება არ გადაიხედება, ვერ გადაიხედება“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზე არსებული პოზიციისა, სპეციალურ წარმომადგენლებს შორის დიალოგი აქტიურად გაგრძელდება და მხარეები ფორმატით გათვალისწინებულ ყველა საკითხს განიხილავენ.
პირველი შეხვედრის თარიღი და ადგილი ჯერჯერობით უცნობია. კობახიძის განცხადებით, შეხვედრა, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გაიმართება, თუმცა ის შესაძლოა არც თბილისში და არც მოსკოვში არ შედგეს.
„ალბათ, ძალიან მალე იქნება. სად იქნება, როგორ იქნება, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას გავუზიარებთ. შეიძლება არც თბილისში იყოს, არც მოსკოვში, შეიძლება სხვაგან იყოს“, – აღნიშნა პრემიერმა.
როგორ აღდგა თბილისსა და მოსკოვს შორის დიალოგი 2008 წლის ომის შემდეგ
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყდა. მოსკოვმა იმავე წლის აგვისტოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, თბილისმა კი საპასუხოდ რუსეთთან დიპლომატიური კავშირები გაწყვიტა. მას შემდეგ ორ ქვეყანას შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები აღარ აღდგენილა.
მიუხედავად ამისა, 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თბილისმა მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა დაიწყო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აცხადებდა, რომ რუსეთთან დაპირისპირების მუდმივ რეჟიმში ყოფნა ქვეყნის ინტერესებში არ შედიოდა და შესაძლებელი იყო პრაქტიკულ საკითხებზე თანამშრომლობა ისე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საგარეო პოლიტიკური კურსის საკითხებზე პოზიცია არ შეცვლილიყო.
ამ პოლიტიკის ფარგლებში, 2012 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძე დანიშნა. რუსეთის მხრიდან მის ვიზავად საგარეო საქმეთა მინისტრის მაშინდელი მოადგილე, გრიგორი კარასინი განისაზღვრა.

მათი პირველი შეხვედრა 2012 წლის 14 დეკემბერს, ჟენევის მახლობლად, შვეიცარიაში გაიმართა. ეს იყო 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის პირველი პირდაპირი მოლაპარაკება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დიალოგი რეგულარულად გაგრძელდებოდა და ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ საკითხებს მოიცავდა.
ფორმატი მოგვიანებით „კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების“ სახელით გახდა ცნობილი. შეხვედრები ძირითადად პრაღაში იმართებოდა და მისი დღის წესრიგი შეგნებულად იყო შეზღუდული: საუბარი შეიძლებოდა სავაჭრო ურთიერთობებზე, სატრანსპორტო კავშირებზე, ტურიზმსა და ჰუმანიტარულ საკითხებზე, მაგრამ არა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და უსაფრთხოებაზე.
ამ უკანასკნელ საკითხებზე მოლაპარაკებები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში გრძელდებოდა, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს შუამავლობით შეიქმნა. თბილისი აცხადებდა, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი ჟენევის მოლაპარაკებებს არ უნდა ჩანაცვლებოდა ან შეესუსტებინა.
დიალოგის დაწყებას პრაქტიკული შედეგებიც მოჰყვა. 2006 წელს დაწესებული რუსული ემბარგოს შემდეგ, 2013 წელს რუსეთის ბაზარი კვლავ გაიხსნა ქართული ღვინისა და მინერალური წყლებისთვის. აღდგა გარკვეული სატვირთო გადაზიდვები, გაფართოვდა სავაჭრო ურთიერთობები და გაიზარდა რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი. მოგვიანებით დღის წესრიგში რეგულარული ავიარეისებისა და სატრანსპორტო კავშირების საკითხებიც შევიდა.
თუმცა ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებას პოლიტიკური ჩიხი არ მოუხსნია. მოსკოვი კვლავ ინარჩუნებდა სამხედრო და პოლიტიკურ კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე და არ ცვლიდა მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილებას. პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის უფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს საგარეო პოლიტიკური კურსი, მოლაპარაკებების საგანი არ იყო.
2023 წელს რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვაც მოხსნა. თბილისმა ეს გადაწყვეტილებები ცალმხრივ ნაბიჯებად შეაფასა, თუმცა ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები კიდევ უფრო გაფართოვდა.