სად არის საქართველო ყველაზე მეტად დამოკიდებული რუსეთზე - ვაჭრობა, ენერგეტიკა და ტურიზმი
საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლიდან, საქართველოში რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილები და სხვა შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა. მომდევნო წლებში მათი ნაწილი შემცირდა, თუმცა ზოგიერთ სექტორში რუსეთზე დამოკიდებულება კვლავ მაღალია.
განსაკუთრებით მაღალი რჩება რუსული ბაზრის მნიშვნელობა ქართული ღვინისა და სხვა ტრადიციული საექსპორტო პროდუქციისთვის. ამასთან, გაიზარდა რუსეთის წილი საქართველოს ბუნებრივი აირის მომარაგებაშიც.
- ქართულ სასმელებზე ემბარგოდან ერთ თვეში, რუსი სპეციალისტები საქართველოში ლაბორატორიებს შეამოწმებენ. რატომ არის ეს სახიფათო?
- რუსეთმა საქართველოდან გარკვეული სასმელების იმპორტი აკრძალა
რუსეთის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში BM.ge-ის კვლევაშია გაანალიზებული. კვლევა მოიცავს 2021-2026 წლების საგარეო ვაჭრობის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილების, ტურიზმისა და ენერგეტიკის მონაცემებს.
ამ სტატიაში მოკლედ წარმოგიდგენთ კვლევის ძირითად მიგნებებს.
რუსეთიდან მიღებული შემოსავლები შემცირდა, მაგრამ დამოკიდებულება არ გამქრალა
კვლევის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია რუსეთში საქონლის ექსპორტით, რუსეთიდან ტურიზმითა და ფულადი გზავნილებით მიღებული შემოსავლების შეფარდება საქართველოს ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტთან.
BM.ge-ის გამოთვლებით, 2022 წელს ამ სამი წყაროდან მიღებული თანხა საქართველოს მშპ-ის 14.4%-ს შეადგენდა. 2025 წელს მაჩვენებელი 5%-მდე შემცირდა – ეს 2021 წლის მაჩვენებელზე, 6.2%-ზეც ნაკლებია.
შემცირების მთავარი მიზეზი რუსეთიდან ფულადი გზავნილების მკვეთრი კლებაა. თუ 2022 წელს რუსეთიდან საქართველოში 2.07 მილიარდი დოლარი გადაირიცხა, 2025 წელს გზავნილების მოცულობა 468 მილიონ დოლარამდე ჩამოვიდა.
ამასთან, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან გადმორიცხული თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კიდევ 11.5%-ით შემცირდა და 304.8 მილიონი დოლარი შეადგინა.
თუმცა ეს მონაცემები არ ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება მთლიანობაში იმავე მასშტაბით შემცირდა. აღნიშნული მაჩვენებელი არ მოიცავს რუსეთიდან იმპორტს, ენერგორესურსებზე დამოკიდებულებასა და სხვა ეკონომიკურ კავშირებს.
ვაჭრობა: იმპორტი იზრდება, ტრადიციული ექსპორტი რუსულ ბაზარზეა კონცენტრირებული
2021-2025 წლებში საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა.
2025 წელს რუსეთში ექსპორტმა 749.3 მილიონი დოლარი, ხოლო რუსეთიდან იმპორტმა 1.94 მილიარდი დოლარი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ 2.69 მილიარდ დოლარს მიაღწია. იმპორტი ექსპორტს დაახლოებით 2.6-ჯერ აღემატებოდა.
ამავე პერიოდში რუსეთის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 14.4%-დან 10.3%-მდე შემცირდა. თუმცა განსხვავებული სურათია ადგილობრივი ექსპორტის შემთხვევაში: 2021–2025 წლებში რუსეთის წილი ადგილობრივ ექსპორტში 17.7%-დან 20.8%-მდე გაიზარდა.
ეს ნიშნავს, რომ რუსეთი კვლავ მნიშვნელოვანი ბაზარია საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის. განსაკუთრებით მაღალია დამოკიდებულება ტრადიციული საექსპორტო საქონლის მიმართულებით.
2025 წელს რუსეთზე მოდიოდა საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის დაახლოებით 64% და სპირტიანი სასმელების 56%. 2026 წლის პირველ ცხრა თვეში რუსეთში ღვინის ექსპორტმა 119.8 მილიონი დოლარი შეადგინა, სპირტიანი სასმელებისამ კი – 92.9 მილიონი დოლარი.
კვლევის მიხედვით, რუსულ ბაზარზე ასეთი კონცენტრაცია ქართულ მწარმოებლებს მოწყვლადს ხდის როგორც მოთხოვნის ცვლილების, ისე შესაძლო სავაჭრო შეზღუდვების მიმართ.
ენერგეტიკა: რუსული გაზის წილი გაიზარდა
რუსეთზე დამოკიდებულების ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო მიმართულება ენერგეტიკაა, განსაკუთრებით ბუნებრივი აირის მიწოდება.
სემეკის მონაცემებზე დაყრდნობით, BM.ge წერს, რომ 2021 წელს საქართველომ რუსეთიდან 397 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიიღო, 2025 წელს კი – 886 მილიონი კუბური მეტრი. ხუთ წელიწადში რუსეთიდან მიღებული გაზის მოცულობა 2.2-ჯერ გაიზარდა.
შესაბამისად, ქვეყნის გაზმომარაგებაში რუსეთის წილი 15.3%-დან 27.9%-მდე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, 2025 წელს ბუნებრივი აირის მიწოდების უდიდესი ნაწილი – 71.7%, კვლავ აზერბაიჯანზე მოდიოდა.
რუსეთი საქართველოსთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მნიშვნელოვანი მომწოდებელიცაა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ფაქტორია ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა, რომელმაც საქმიანობა 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო. თავდაპირველად საწარმო რუსულ ნედლ ნავთობს იყენებდა.
ევროკავშირმა ქარხანა 2026 წლის ივლისში სანქცირებულთა სიაში შეიყვანა, თუმცა შეზღუდვების ამოქმედება 2027 წლის 25 იანვრამდე გადადო. საწარმოს მფლობელი კომპანიის განცხადებით, 2026 წლის 23 აგვისტოდან ქარხანამ რუსული ნავთობის გადამუშავება შეწყვიტა და არარუსულ ნედლეულზე გადავიდა.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, 2025 წელს საქართველოს იმპორტირებული ელექტროენერგიის 62.4% რუსეთიდან შემოვიდა.
თუმცა ამ მონაცემის შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებას ხმარდება.
BM.ge-ის მონაცემებით, 2025 წელს რუსეთიდან შემოტანილი ელექტროენერგიის დაახლოებით 74.5% ამ მიზნით გამოიყენეს.
ტურიზმი: ვიზიტორების რაოდენობა და შემოსავლები განსხვავებულ სურათს აჩვენებს
რუსეთი საქართველოსთვის ტურისტების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ რჩება.
2025 წელს რუსეთის მოქალაქეების 1.58 მილიონი ვიზიტი დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით 11.1%-ით მეტია. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში კი რუსეთიდან 1.31 მილიონი ვიზიტი განხორციელდა – 4.9%-ით მეტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
თუმცა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში რუსეთის წილი შემცირდა.
თუ 2022 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების 25.3% რუსეთზე მოდიოდა, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 14.8%-მდე ჩამოვიდა.
2025 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან ჯამში 4.69 მილიარდი დოლარი მიიღო, საიდანაც რუსეთის მოქალაქეებზე 694 მილიონი დოლარი მოდიოდა.
კვლევა ასევე აღნიშნავს, რომ ტურისტული ვიზიტების რაოდენობაზე სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მოგზაურების დინამიკაც მოქმედებს.
შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეების ვიზიტების ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ საქართველოს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში რუსეთის წილიც იზრდება.
ინვესტიციები: რუსული კაპიტალის წილი შედარებით მცირეა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით რუსეთის წილი სხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებთან შედარებით დაბალია.
2021 წელს რუსეთიდან საქართველოში 87.7 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 131.2 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 2025 წელს რუსული ინვესტიციების მოცულობამ 109.5 მილიონი დოლარი შეადგინა.
თუმცა საქართველოს მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რუსეთის წილი 2021 წლის 6.8%-დან 2025 წელს 5.8%-მდე შემცირდა.
2026 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან ინვესტიციების უდიდესი ნაწილი უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორებზე მოდიოდა.
BM.ge-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემებით, რუსული ინვესტიციების 71.8% – 26.7 მილიონი დოლარი, უძრავი ქონების სექტორში განხორციელდა.
რა აჩვენებს კვლევა – მთავარი მიგნება
ანალიზის მიხედვით, რუსეთიდან მიღებული შემოსავლების შემცირება საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების სრულ სურათს არ ასახავს.
ერთის მხრივ, შემცირდა რუსეთიდან ფულადი გზავნილებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების წილი, ასევე მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი.
მეორეს მხრივ, გაიზარდა რუსული გაზის წილი ქვეყნის გაზმომარაგებაში, ხოლო ქართული ღვინისა და სხვა ტრადიციული პროდუქციისთვის რუსეთი კვლავ ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო ბაზარია.
კვლევის ავტორი ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკური მოწყვლადობის შემცირების მნიშვნელობაზეც.
BM.ge-ის ანალიზის თანახმად, ამისთვის საჭიროა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, ენერგორესურსების ალტერნატიული მომწოდებლების მოძიება და რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების თანმიმდევრული შემცირება.
კვლევა ასევე გვახსენებს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები მხოლოდ კომერციული საკითხი არ არის: წარსულში ქართულ პროდუქციაზე დაწესებული ემბარგო აჩვენებს, რომ მოსკოვს პოლიტიკური გადაწყვეტილებით შეუძლია საკუთარი ბაზრის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა.

საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე