ცხრათვიანი პაუზის შემდეგ, აბუ დაბიში განახლდა უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებები
უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებები
10 ნოემბერს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები განახლდა. შეხვედრები 11 ნოემბერსაც გაგრძელდება.
მოლაპარაკებების მთავარი საკითხებია ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიები, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა და უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიების მომავალი.
ეს სამმხრივი ფორმატის პირველი შეხვედრაა 2026 წლის თებერვლის შემდეგ. მოლაპარაკებები აშშ-ის შუამავლობით იმართება.
ვინ მონაწილეობს მოლაპარაკებებში
უკრაინის დელეგაციას საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს. რუსეთისას – პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი. აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.
თავდაპირველად უკრაინის დელეგაცია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, NATO-სა და ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შემდეგ მოლაპარაკებები სამმხრივ ფორმატში, უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობით გაგრძელდა.
რუსტემ უმეროვის განცხადებით, უკრაინის მთავარი პრიორიტეტებია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, ომისშემდგომი სანდო უსაფრთხოების გარანტიები, ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა და ჰუმანიტარული საკითხები.
აშშ-ის წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა შეხვედრის დასაწყისში განაცხადა, რომ ბოლო კონტაქტებმა მხარეებს შორის არსებული უთანხმოება შეამცირა.
„მან [ტრამპმა] გვთხოვა, დამატებითი ძალისხმევა გამოგვეყენებინა ისეთი გამოსავლის მოსაძებნად, რომელიც იმედია, ომს დაასრულებს და ორივე მხარეს გაცილებით ძლიერ პოზიციაში დატოვებს, რათა მათ თავიანთი ქვეყნების სრული პოტენციალის რეალიზება შეძლონ“, – განაცხადა კუშნერმა.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ კი იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ორივე ქვეყნის ხალხის ინტერესებში მშვიდობისკენ წინსვლას მოიტანს
დონეცკი და ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიები
მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით დონეცკის ოლქზე კონტროლია.
რუსეთი მოითხოვს, უკრაინამ დათმოს დონეცკის ის ტერიტორიებიც, რომლებსაც ამჟამად კვლავ აკონტროლებს. კიევი კი უარს ამბობს იმ მიწების დათმობაზე, რომელთა დაცვასაც უკრაინელი სამხედროები წლების განმავლობაში ცდილობდნენ.
9 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობაც არ დასახელებულა, განაცხადა, რომ ორივე მხარე კერძო საუბრებში ტერიტორიულ საკითხზე გარკვეულ მოქნილობას ავლენს.
თუმცა, მისი თქმით, ამ საკითხზე შეთანხმება შეუძლებელია, სანამ მხარეები ომისშემდგომი უსაფრთხოების სისტემის შესახებ არ შეთანხმდებიან.
„ისინი დონეცკის საკითხსა და ტერიტორიულ პრობლემას ვერ მოაგვარებენ, სანამ არ ეცოდინებათ, როგორი იქნება ომისშემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურა. გაითვალისწინეთ, რომ ერთის საბოლოოდ შეთანხმებას მეორის გარეშე ვერ შევძლებთ“, – განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
აშშ-ის წარმომადგენლის განმარტებით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება მოიცავდეს NATO-ს წესდების მე-4 და მე-5 მუხლების მსგავს მექანიზმს – უსაფრთხოების საფრთხის შემთხვევაში კონსულტაციებსა და თავდაცვით დახმარებას.
კრაინის მაღალი თანამდებობის პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ კიევი ტერიტორიულ დათმობებზე არ მსჯელობს. მისი თქმით, ტერიტორიული საკითხის განხილვა მხოლოდ ლიდერების დონეზე და უკრაინისთვის შესაბამისი უსაფრთხოების გარანტიების კონტექსტშია შესაძლებელი.
ევროპა მოლაპარაკებებში ჩართვას ითხოვს
სამმხრივი შეხვედრის დაწყებამდე აბუ დაბიში უკრაინის, აშშ-ის, ევროკავშირის, NATO-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის წარმომადგენლებიც შეიკრიბნენ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 9 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ განაცხადა:
„ევროკავშირი ჩვენს პარტნიორებთან ერთად იქნება წარმოდგენილი“.
მან ასევე მხარი დაუჭირა შავი ზღვით თავისუფალი ნავიგაციის აღდგენას და სურსათისა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის მოწოდებას.
ევროპელი ლიდერები მოითხოვენ, რომ ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში თავად ევროპაც მონაწილეობდეს.
მათი პოზიციით, უკრაინისთვის სანდო უსაფრთხოების გარანტიების გარეშე მდგრადი მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია.
რუსეთმა კი განაცხადა, რომ აბუ დაბიში მიმდინარე მოლაპარაკებები სამმხრივ ფორმატში – რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის მონაწილეობით უნდა გაიმართოს და ევროპელი წარმომადგენლები ამ შეხვედრებში არ ჩაერთვებიან.
კრემლის პრესსპიკერ დმიტრი პესკოვის განმარტებით, ამერიკელებს ევროპელებთან კომუნიკაციის საკუთარი არხები აქვთ, უკრაინელებს კი – ევროპელებთან.
რატომ განახლდა მოლაპარაკებები ახლა
უკრაინის საკითხზე აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის წინა სამმხრივი შეხვედრები 2026 წლის იანვარსა და თებერვალში გაიმართა. ბოლო რაუნდი 17-18 თებერვალს ჟენევაში ჩატარდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
მოლაპარაკებების პაუზის ერთ-ერთი მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომი იყო, რომელმაც ვაშინგტონის ყურადღება უკრაინის საკითხიდან გადაიტანა.
დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს 5 ნოემბერს, ხუთშაბათს, თეთრ სახლში შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით შესაძლოა “დიდი შეთანხმება” შედგეს, რომელიც მხოლოდ უკრაინას არ შეეხება და ევროპის სხვა ქვეყნებსაც მოიცავს.
„ეს დიდი შეთანხმება იქნება და ის მხოლოდ უკრაინას არ შეეხება. შეიძლება ითქვას, რომ მასში მთელი ევროპაც ჩაერთოს“, –განაცხადა ტრამპმა.
უკრაინაში ეჭვი ეპარებათ, რომ ტრამპის მიერ შეთავაზებულმა შეთანხმებამ შესაძლოა სამართლიანი მშვიდობა უზრუნველყოს. კიევი მოითხოვს, რომ ომის დასრულება არ მოხდეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
აბუ დაბიში მოლაპარაკებები 11 ნოემბერსაც გაგრძელდება. ამ ეტაპზე უცნობია, მიაღწევენ თუ არა მხარეები კონკრეტულ შეთანხმებას. მთავარი უთანხმოება კვლავ ტერიტორიულ საკითხებსა და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ფორმას უკავშირდება.
უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებები