„სადეპუტატო ბიუჯეტები“ აფხაზეთში: რატომ იღებენ „ხალხის მსახურები“ ყოველწლიურად 100 000 დოლარს ბიუჯეტიდან?
სადეპუტატო ბიუჯეტები აფხაზეთში
აფხაზეთში ე.წ. „სადეპუტატო ბიუჯეტების“ შესახებ დისკუსია მიმდინარეობს. საუბარია 10 მილიონ რუბლზე (დაახლოებით 100 000 დოლარი), რომელსაც აფხაზეთის 35 დეპუტატიდან თითოეული უკვე სამი წელია იღებს.
ე.წ. პარლამენტსა და ე.წ. მთავრობას შორის შეთანხმების საფუძველზე, ეს თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა იმ საარჩევნო ოლქებში ინფრასტრუქტურული და სამეურნეო სამუშაოების დასაფინანსებლად, სადაც დეპუტატები არიან არჩეული.
თავად დეპუტატების განცხადებით, ეს მექანიზმი მათ საშუალებას აძლევს, საკუთარ ოლქებში არსებული პრობლემები ოპერატიულად მოაგვარონ: შეაკეთონ წყალსადენები, მოასფალტონ სოფლის გზები, მოაწყონ საბავშვო მოედნები და ა.შ.
თუმცა ამ პრაქტიკის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ საქმე პირდაპირ კორუფციასთან გვაქვს.
აფხაზეთის პარლამენტის კანონმდებლობის კომიტეტის თავმჯდომარის, დაუთ ხუტაბას განცხადებით, პარლამენტმა მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც, თითოეული დეპუტატი საკუთარ ამომრჩეველთან ან ქალაქებისა და სოფლების ადმინისტრაციებთან კონსულტაციის შემდეგ, დამოუკიდებლად განსაზღვრავს, რა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები უნდა დაფინანსდეს მის საარჩევნო ოლქში გამოყოფილი 10 მილიონი რუბლის ფარგლებში.
„ამ შეთანხმების წყალობით, სამი წლის განმავლობაში შევძელი, დაახლოებით 20 მილიონი რუბლის დახარჯვით, ბიჭვინთის ნაკრძალში ორნახევარ კილომეტრზე მეტი სიგრძის ღობის მშენებლობის მიღწევა და ასევე ერთ კილომეტრზე მეტი გზის გაყვანა“, – ამბობს ხუტაბა, რომელიც ბიჭვინთის საარჩევნო ოლქს წარმოადგენს.
სტატისტიკის მიხედვით, აფხაზეთში ოფიციალურად დასაქმებული მოსახლეობის 40 პროცენტი საჯარო მოხელეა. მსოფლიოში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 5 პროცენტს შეადგენს.
აფხაზი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი მიიჩნევს, რომ დეპუტატებისთვის კომუნალური და ინფრასტრუქტურული ხარჯების დასაფინანსებლად ცალკე ბიუჯეტის გამოყოფა საბოლოოდ პარლამენტს ჩაკეტილ კლუბად აქცევს და საკანონმდებლო ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ხელს შეუშლის.
„ასეთი სისტემის პირობებში ნებისმიერ მოქმედ დეპუტატს მომდევნო არჩევნებზე სხვა კანდიდატებთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობა ექნება. ამომრჩევლის თვალში მას უკვე ექნება კონკრეტული საქმეები გაკეთებული: შეკეთებული წყალსადენი, ხრეშით მოფენილი სოფლის გზა, ქუჩის განათების ბოძებზე გამოცვლილი ნათურები.
ერთი შეხედვით, ეს კარგი ინიციატივაა: მოუსმინო ამომრჩეველს და ოპერატიულად მოაგვარო კომუნალური პრობლემა. თუმცა საბოლოოდ ასეთი მცირე საჩუქრები, უფრო სწორად კი ამომრჩევლის მოსყიდვის დაუფარავი ფორმა, გამოიწვევს იმას, რომ მოქმედი დეპუტატი ფაქტობრივად სამუდამო მანდატს მიიღებს, თუ, რა თქმა უნდა, თავად არ გადაიფიქრებს არჩევნებში მონაწილეობას“, – ამბობს ხაშიგი.
ცნობილი ბლოგერი და საზოგადო მოღვაწე თემურ ჯოპუა მიიჩნევს, რომ „სადეპუტატო ბიუჯეტი“ არსებითად არღვევს საპარლამენტო მმართველობისა და სამართლებრივი დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს.
„ცივილიზებულ სახელმწიფოში ყველასთვის ერთნაირი წესები მოქმედებს. არსებობს სპეციალური ინსტიტუტები, რომლებსაც უნდა მიმართო, ასევე არსებობს თანხების მოთხოვნის, განხილვისა და გამოყოფის დადგენილი პროცედურა.
[დეპუტატებისთვის] გამოყოფილი თანხები საბიუჯეტო სახსრებია, ჩვენი ფულია. ეს გადასახადის გადამხდელთა ფულია და მთელი ხალხის საკუთრებას წარმოადგენს და არა სახელმწიფოს, პრემიერ-მინისტრების, პრეზიდენტებისა თუ დეპუტატების საკუთრებას. ამიტომ მიმაჩნია, რომ თანხების ასეთი განაწილება არასწორია“, – აცხადებს ჯოპუა.პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას