ჰერჩინსკი: თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ევროპული კანონები უნდა მიიღოს
ჰერჩინსკი საქართველოზე და ევროკავშირზე
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი კანდიდატი ქვეყნის თვითშეფასებას კი არა, ევროკავშირის მიერ მის შეფასებას ეფუძნება. მისი თქმით, სწორედ ევროკავშირი აფასებს კანდიდატი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს და არა პირიქით.
ჰერჩინსკი ამ განცხადებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. კობახიძემ Euronews-ის გაფართოების სამიტზე თქვა, რომ ხელისუფლება ოპტიმისტურად უყურებს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ მიდგომების შესაძლო ცვლილებას.
„ეს მარტივი სიმართლეა და ევროკავშირის გაფართოების საფუძველია: ევროკომისია აფასებს საქართველოს და არა პირიქით. გაწევრიანების პროცესი ნებაყოფლობით განცხადებას ეფუძნება. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანით ქვეყანა თანხმდება ევროკომისიის ზედამხედველობასა და შეფასებას“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ელჩის თქმით, ევროკავშირის გაფართოების პროცესში არიან კანდიდატი ქვეყნები, რომლებიც გაწევრიანებას სერიოზულად ეკიდებიან. მან მოწინავე ქვეყნებად მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა დაასახელა.
ამასთან, ჰერჩინსკის განცხადებით, არსებობენ ქვეყნებიც, რომლებიც სიტყვიერად გამოხატავენ ევროკავშირში გაწევრიანების ინტერესს, თუმცა რეალურად ევროპულ გზას შორდებიან და მიღწეული პროგრესიდან უკან იხევენ.
„ეს უკიდურესად დასანანია, მაგრამ ყველა კანდიდატი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნა მან.
ევროკავშირის ელჩმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში, ქვეყანამ ევროპული კანონმდებლობა უნდა მიიღოს და არა ამერიკული, რუსული, ჩინური ან სხვა ქვეყნების კანონები.
ჰერჩინსკიმ განსაკუთრებით გააკრიტიკა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც, მისი თქმით, ევროკავშირის კანონმდებლობას არ შეესაბამება.
ელჩის განცხადებით, ევროკავშირმა ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ 2023 წელს გააფრთხილა. მაშინ მმართველმა პარტიამ კანონი გაიწვია, რასაც წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მოჰყვა. თუმცა, ჰერჩინსკის თქმით, რამდენიმე კვირის შემდეგ ხელისუფლებამ უკან დაიხია და კანონი ხელახლა წარადგინა.
„ხმამაღლა და ცხადად ვთქვით, მათ შორის მეც: გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ამას. ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას და ასევე ხმამაღლა და ცხადად ვთქვით, რომ ამას შედეგები მოჰყვებოდა. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ეს გზა გაეგრძელებინა. შემდეგ კიდევ ერთი კანონი, კიდევ ერთი კანონი – ყოველი მათგანი სულ უფრო ზრდის დისტანციას ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, საქართველოს თავად შეუძლია გადაწყვიტოს, რა კანონები მიიღოს, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყანამ ევროპული კანონმდებლობა უნდა დაამკვიდროს.
ჰერჩინსკი ასევე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებებს დიალოგის აუცილებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ ევროკავშირი დიალოგს მხარს უჭერს, თუმცა საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში მმართველმა პარტიამ მას შინაარსი გამოაცალა.
ელჩის განცხადებით, დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა, პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვის მუქარა, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მოქმედებები და ევროკავშირის მიმართ ყოველდღიური დისკრედიტაციის კამპანია დიალოგის აღდგენას ხელს უშლის.
„ევროკავშირი დიალოგზეა დაფუძნებული. დიალოგი ჩვენი დნმ-ის ნაწილია. ჩემს უკან ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის დროშას ხედავთ. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და კომპრომისს ვაღწევთ, რათა კონსენსუსს მივაღწიოთ. როგორც ევროკავშირი, სრულად ვუჭერთ მხარს დიალოგს.
პრობლემა ისაა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში მმართველმა პარტიამ ამ დიალოგს ყველანაირი შინაარსი გამოაცალა“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რა საკითხებზე უნდა წარიმართოს ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის დიალოგი იმ ფონზე, როდესაც მმართველი პარტია საუბრობს „დიფ სთეითსა“ და „გლობალური ომის პარტიაზე“, ასევე ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის მსგავსებებზე.
„ელით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების სერიოზული წარმომადგენლები „დიფ სთეითის“ განმარტების განხილვას დაიწყებენ? ელით, რომ ჩვენ „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ დიალოგში ჩავერთვებით? ეს გაშავების კამპანია უნდა შეჩერდეს, რათა დიალოგი განახლდეს“, – თქვა მან.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზეც ისაუბრა, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნას უკავშირდება. ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი ამ პროცესს დიდი შეშფოთებით აკვირდება.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს. მან გაიხსენა ევროკომისიის პოზიციაც, რომელიც ევროკომისარმა მარტა კოსმა რამდენიმე დღის წინ გამოხატა.
ჰერჩინსკის განცხადებით, თუ ხელისუფლება იმ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას შეეცდება, რომლებმაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერი გადალახეს, ეს ევროპის საბჭოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა იქნება.
„არ მინდა ისეთ რამეზე სპეკულირება, რაც ჯერ არ მომხდარა. დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელით მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიის საფუძველს“, – განაცხადა მან.
4 ნოემბრის ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კვლავ შეჩერებულია, ხოლო ქვეყნის მდგომარეობა გასულ წელთან შედარებით კიდევ უფრო გაუარესდა.
ევროკომისიის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები იმ ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად, რომლებიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გასაგრძელებლად განესაზღვრა.
ანგარიშში ევროკომისია საუბრობს დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებაზე, პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვაზე, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრობლემებზე, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობაზე და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით პროგრესის არარსებობაზე.
კომისია ასევე მიუთითებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან საქართველოს არასრულ თანხვედრაზე, რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების ზრდასა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოქცეულ ქართულ კომპანიებზე.
შესაბამისად, დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელების გამო ევროკომისია აღარ გასცემს ახალ რეკომენდაციებს გაწევრიანების მოლაპარაკებების თავებთან დაკავშირებით, გარდა ფუნდამენტური რეფორმების სფეროებისა.