მეორე შანსი: ცხინვალში ე.წ. ხელისუფლების ცვლილების ფონზე ოსური ენის პოპულარიზაციაზე კვლავ საუბრობენ
ოსური ენის პოპულარიზაცია
ე.წ. სამხრეთ ოსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ასლან ლოლაევმა ოსური ენისა და ლიტერატურის გაძლიერებული სწავლების პროფილური კლასის გახსნა დააანონსა.
ჩინოვნიკის თქმით, კლასი 30-ზე მეტ მოსწავლეზე იქნება გათვლილი. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რომელ სკოლაში გაიხსნება ის ან სწავლის რომელ წელს იგეგმება მისი ამოქმედება.
„მომდევნო სასწავლო წელს ხელისუფლება კიდევ სამი მსგავსი კლასის გახსნას გეგმავს, ორი ცხინვალში და ერთი რომელიმე რაიონში“, — განაცხადა ლოლაევმა.
მისი თქმით, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ოსური ენის გაღრმავებული სწავლების კლასების შექმნა „ეროვნული ოსური სკოლის ჩამოყალიბებისა და განათლების სისტემაში მშობლიური ენის გამოყენების გაფართოების ერთ-ერთი ეტაპი გახდება“.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოფიციალური ენებია რუსული და ოსური, თუმცა საქმისწარმოება და სწავლება ძირითადად რუსულ ენაზე მიმდინარეობს. მთლიანობაში რუსულ ენას აშკარად დომინანტური პოზიცია უკავია და ადგილობრივი მოსახლეობაც ყოველდღიურ ცხოვრებაში უმეტესად რუსულად საუბრობს.
ამასთან, ცხინვალელი სკოლის მასწავლებლის, ზარემა ც.-ს თქმით, ახალგაზრდებში ოსური ენის პოპულარიზაციაზე მოთხოვნა არსებობს. მისი აზრით, ახალგაზრდა თაობა უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ოსური ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და ეთნოგრაფიის შესწავლაში.
„ოსური ენის შესწავლისთვის მეტი შესაძლებლობა, წრე და გაკვეთილი უნდა არსებობდეს არა მხოლოდ განათლების სისტემის ფარგლებში, არამედ საგანმანათლებლო დაწესებულებების გარეთაც. მაგალითად, რატომ არ უნდა შევთავაზოთ ოსური ენის გაკვეთილები ჩვენს სტუმრებსა და აქ მომუშავე რუს სპეციალისტებს?“ — ამბობს ზარემა.
„ჩრდილოეთ ოსეთის გამოცდილება ბოლომდე არ გადმოუღიათ“
ზარემა მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთში ოსური ენის ცოდნის დონე ჩრდილოეთ ოსეთთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია. სტატისტიკაც, მისი თქმით, ამ შეფასებას ადასტურებს: რუსეთის შემადგენლობაში შემავალ ჩრდილოეთ ოსეთში ოსური ენის მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი შენარჩუნებისთვის აქტიური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.
ვლადიკავკაზში უკვე ცხრა წელია ფუნქციონირებს მრავალენოვანი ოსურ-რუსული სკოლა-პანსიონი „ალანეთის გიმნაზია“, სადაც თითქმის ყველა საგნის სწავლება ძირითადად ოსურ ენაზე მიმდინარეობს. გიმნაზია მაშინდელი ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ბიტაროვის ინიციატივით შეიქმნა, რომელიც დღემდე უწევს მას მფარველობას.
თუმცა ცხინვალში ამ გამოცდილების გადმოღებას არ ჩქარობენ.
2026 წლის დასაწყისში ასლან ლოლაევი ცხინვალში „ალანეთის გიმნაზიის“ მსგავსი ეროვნული სკოლის პროექტის წარდგენასაც გეგმავდა. გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი უკვე შეთანხმებული იყო რუსეთის შესაბამის უწყებასთან და მხოლოდ მისი განხორციელება რჩებოდა.
შემდეგ ლოლაევი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მის მოვალეობას რიმმა პლიევა ასრულებდა, რომელმაც განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ოსეთის გიმნაზიის მოდელი სამხრეთ ოსეთისთვის მიუღებელი იყო. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის განათლების სისტემა ისედაც „შესანიშნავად ასრულებს ოსური ენის სწავლების ფუნქციას“.
მეორე შანსი
რამდენიმე თვის შემდეგ ვითარება კვლავ შეიცვალა: სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ვადამდე დატოვა თანამდებობა, მის მოვალეობას კი პრემიერ-მინისტრი მარატ კამბოლოვი შეუდგა.
კამბოლოვმა თანამდებობაზე აღადგინა ყოფილი განათლების მინისტრი ლოლაევი, რითაც მას ოსური ენისა და ლიტერატურის გაღრმავებული სწავლების პროგრამის ნაწილობრივ განხორციელების შესაძლებლობა კვლავ მიეცა.
რამდენად წარმატებული აღმოჩნდება ეს ინიციატივა, ცხინვალში ექსპერტები ჯერჯერობით პროგნოზებისგან თავს იკავებენ.
სამი წლის წინ, 2023 წლის სექტემბერში, ასლან ლოლაევი ოსური ენის სახელმძღვანელოების პრობლემაზე საუბრობდა.
„ამ სახელმძღვანელოების ღია ბაზარზე შეძენა შეუძლებელია, რადგან ისინი სახელმწიფო შეკვეთის ფარგლებში გამოიცა. ყველა წიგნი საგანმანათლებლო ორგანიზაციებს დაურიგდათ. გარდა ამისა, სახელმძღვანელოები 2019 წელს გამოიცა, ხოლო მათი გამოყენების ვადა, სათანადო მოპყრობის შემთხვევაში, ხუთი წელია. ამის შემდეგ მათი შეცვლაა საჭირო“, — აცხადებდა მაშინ ლოლაევი.
მინისტრის თქმით, სახელმძღვანელოების ხელახლა გამოცემის საკითხი გათვალისწინებული იყო სამწლიან პროგრამაში, რომელიც პარლამენტისა და მთავრობისთვის განსახილველად უნდა წარედგინათ.
„იმედი მაქვს, მას მხარს დაუჭერენ და ამ საკითხის მოგვარებას შევძლებთ“, — ამბობდა ლოლაევი 2023 წელს.
მას შემდეგ ახალი სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 სექტემბერს გაიმართება. ხელისუფლების ცვლილებასთან და ახალი გუნდის მოსვლასთან ერთად, რომელშიც თავად ასლან ლოლაევიც არის ჩართული, შესაძლოა, ოსური ენის საკითხის მიმართ მიდგომაც შეიცვალოს. საზოგადოებაში ამის გარკვეული მოლოდინი არსებობს.
მაგალითად, საკადრო პროექტის „მომავლის გუნდის“ ფინალისტი მადინა ვალიევა თუ სახელმწიფო თანამდებობას დაიკავებს, თავის ერთ-ერთ მთავარ მიზნად „ალანეთის გიმნაზიის“ სამხრეთ ოსური ანალოგის შექმნას ასახელებს.
„არსებობს ძალიან ზუსტი ფრაზა: „არ არის ენა, არ არის ერი“. ჩვენ ვალდებული ვართ, შევინარჩუნოთ ჩვენი მშობლიური ენა და მომავალ თაობებს გადავცეთ. სწორედ ეს არის ხალხის მომავალი“, — ამბობს ვალიევა.