აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა მულტფილმში პერსონაჟი გაახმოვანა
გაზიარება
გაზიარება
ბადრა გუნბამ მულტფილმში პერსონაჟი გაახმოვანა
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ აფხაზური ეპოსის გმირის, ნართ სასრიყუას შესახებ შექმნილ მულტფილმში ერთ-ერთი პერსონაჟი გაახმოვანა. ე.წ. პრეზიდენტის ხმით მულტფილმში მჭედელი აინარი საუბრობს.
36-წუთიანი მულტფილმის შექმნაზე მუშაობა ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და პროექტი დასასრულს უახლოვდება. მისი ოფიციალური პრეზენტაცია დაახლოებით ერთ თვეში გაიმართება. ფილმის რეჟისორმა ასტამურ კვიცინიამ გმირული ეპოსის სიუჟეტი, რომელსაც რამდენიმე განსხვავებული ინტერპრეტაცია აქვს, ბავშვებისთვის საინტერესო და ადვილად აღსაქმელ ფორმატში გადაიტანა.
უცნობია, რატომ გადაწყვიტა ე.წ. პრეზიდენტმა მულტფილმის გახმოვანებაში მონაწილეობა. შესაძლოა, ამის მიზეზი ბადრა გუნბასა და ასტამურ კვიცინიას ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა იყოს. ისინი ერთმანეთს იმ პერიოდიდან იცნობენ, როდესაც გუნბა 2011-2014 წლებში აფხაზეთის კულტურის ე.წ. მინისტრი იყო.
ასტამურ კვიცინია აფხაზური ანიმაციის ერთ-ერთ დამფუძნებლად მიიჩნევა. მას აფხაზური ზღაპრებისა და მითების მიხედვით ათზე მეტი ანიმაციური ფილმი აქვს შექმნილი.
ნართების ეპოსის სხვადასხვა ვერსია, რომელიც გოლიათებთან მებრძოლ ძმებ-გმირებზე მოგვითხრობს, კავკასიის არაერთ ხალხში გვხვდება. მკვლევართა უმეტესობა მის წარმოშობას ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებს უკავშირებს.
ეპოსის თითოეულ ვერსიას საკუთარი თავისებურებები და ნიუანსები აქვს, რომლებიც კონკრეტული ხალხის სამყაროს შესახებ წარმოდგენებს ასახავს. აფხაზურ ვერსიაში ნართები ასი ძმისა და მათი ერთადერთი დისგან შემდგარი გვარია. სასრიყუა ძმებს შორის ყველაზე უმცროსი და ეპოსის მთავარი გმირია.