აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ზოგიერთ დეპუტატს აფხაზური ენის ცოდნა არ სჭირდება
გაზიარება
გაზიარება
აფხაზური ენა დეპუტატებისთვის
აფხაზეთის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბა პარლამენტის კანდიდატებისთვის აფხაზური ენის ცოდნის სავალდებულო მოთხოვნის ამოქმედების გადადებას სთავაზობს, თუმცა ცვლილება მხოლოდ არაეთნიკური აფხაზების შემთხვევაში გავრცელდება.
გუნბას ინიციატივით, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების განხილვა უნდა დააჩქაროს, რადგან მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ექვსი თვე რჩება.
პარლამენტის წევრობის კანდიდატებისთვის აფხაზური ენის ცოდნის მოთხოვნა 2021 წელს მიიღეს და მისი ამოქმედება 2027 წლის 1 იანვრიდან იყო დაგეგმილი. მოქმედი რეგულაციის მიხედვით, ყველა კანდიდატს უნდა დაედასტურებინა აფხაზური ენის ცოდნა, თუმცა ე.წ. პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ცვლილების შემთხვევაში ეს ვალდებულება პირველ ეტაპზე მხოლოდ ეთნიკურად აფხაზ მოქალაქეებს შეეხება.
სხვა ეროვნების მოქალაქეებისთვის ენის ცოდნის მოთხოვნის ამოქმედება 2032 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ აფხაზური ენის შესწავლისა და შენარჩუნებისთვის საჭირო პირობების შექმნაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა ამ ეტაპზე არსებული გარემოებები ჯერ კიდევ არ იძლევა საშუალებას, რომ მოთხოვნა ყველა მოქალაქეზე ერთდროულად გავრცელდეს.
“აფხაზეთის ყველა მოქალაქისთვის ენის მოთხოვნის ერთდროულმა შემოღებამ შეიძლება სოციალური დაძაბულობა გამოიწვიოს. ამიტომ, კანონპროექტი ამ მოთხოვნის ეტაპობრივ შემოღებას გვთავაზობს“, — ნათქვამია დოკუმენტში.
გუნბას ინიციატივას სკეპტიკურად შეხვდა საზოგადო მოღვაწე ახრა ბჟანია, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი ცვლილება აფხაზეთის სამართლებრივ სისტემაში სახიფათო პრეცედენტს შექმნის.
მისი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის არსებული საკონსტიტუციო მოთხოვნის გარდა, აფხაზეთში არ არსებობს სხვა მაგალითი, როდესაც მოქალაქეების უფლებები ეთნიკური, რელიგიური ან კულტურული კუთვნილების მიხედვით განსხვავებულად რეგულირდება.
“სამართლებრივი ნორმები შერჩევით არ უნდა იქნას გამოყენებული, რადგან ასეთმა პრაქტიკამ შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს“, – განაცხადა ბჟანიამ.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება ერთ შემთხვევაში დაუშვებს გამონაკლისს ეთნიკური ნიშნით, მომავალში მსგავსი მიდგომა სხვა სფეროებშიც შეიძლება გავრცელდეს.
“დღეს ჩვენ გამონაკლისი დავუშვით ეთნიკური უმცირესობებისთვის არჩევნებში, ხვალ რელიგიური თემების წევრებისთვის სამხედრო სამსახურში, ზეგ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს საშუალებას მივცემთ, გადაიხადონ გადასახადები მათთვის სასურველ ქვეყანაში და ა.შ.“, – აღნიშნა მან.
ბჟანიას შეფასებით, პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული ცვლილებები არ წარმოადგენს წინასწარ გააზრებულ სამართლებრივ რეფორმას, არამედ წარმოადგენს დროებით ზომას, რომელიც კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად არის შექმნილი – იმ მოქალაქეების საკითხის მოსაგვარებლად, რომლებიც აფხაზურ ენას არ ფლობენ და შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის წინაშე აღმოჩნდნენ.
“თუ კანონებს არსებულ გარემოებებთან შესაბამისობაში მოვიყვანთ, მაშინ რისთვის არის კანონები? მოდით, ვიცხოვროთ მათ გარეშე“, – განაცხადა ბჟანიამ.