ტრადიციული “შაბათის მარში” უწყვეტი პროტესტის 654-ე დღეს კიდევ ერთხელ გაიმართა. მსვლელობა კვლავ ავლაბრის მოედნიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით მოეწყო.
“საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ”- ეს იყო 12 სექტემბრის მარშის გზავნილი.
“ის უსამართლობა, რაც გამეფებულია ჩვენს ქვეყანაში, ივანიშვილის დამსახურებაა”- ამბობენ მსვლელობის ორგანიზატორები.
ტრადიციული “შაბათის მარში” თბილისში უკვე 39-ე შაბათია ეწყობა.
მთავარი გზავნილების პარალელურად უცვლელია ძირითადი მოთხოვნები: გათავისუფლდნენ პროევროპული აქციების დროს დაკავებული ადამიანები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.
თითქმის ორი წელია საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ყოველ საღამოს იკრიბებიან ქვეყნის დედაქალაქში, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე პატარა ქალაქში.
აქციების მიმდინარეობისას ათობით ადამიანი დააკავეს. ბევრ მათგანს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს და პატიმრობა მიუსაჯეს. პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, გვყავს 150-მდე სინდისის პატიმარი, მათ შორის ქალები. დაპატიმრებულია გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი. მას ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი პოლიციელისთვის სილის გაწვნის ფაქტზე.
აქციის მონაწილეები ითხოვენ გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გაუქმდეს ყველა ის ანტიდემოკრატიული კანონი, რაც ბოლო ორ წელიწადში მიიღო “ქართულმა ოცნებამ”.
პროტესტის ჩასახშობად, “ქართული ოცნება” სულ უფრო ამკაცრებს რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ. თუმცა, უწყვეტი პროტესტი, სხვადასხვა ფორმით, დღემდე გრძელდება.