მამა გაბრიელის სახელობის რუსულ სამხედრო ქვედანაყოფს ქართული დელეგაცია დაეხმარა: საპატრიარქო ინიციატივას ემიჯნება
მამა გაბრიელის სახელობის სამხედრო ქვედანაყოფი
რუსეთის მხარეს, უკრაინის წინააღმდეგ ომში მებრძოლ მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფს ქართველი “საზოგადო მოღვაწე” ბესიკ დანელია და მასთან დაკავშირებული ქართველი მოხალისეები „ჰუმანიტარული მისიის“ ფარგლებში დაეხმარნენ. რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული სააგენტო РИА Новости-ს ცნობით, დანელიამ და მისმა თანამოაზრეებმა ქვედანაყოფსა და ნეველის ბრიგადას მოტოციკლეტები და „სამლოცველო ოთახები“ გადასცეს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ კატეგორიულად ემიჯნება არქიმანდრიტ გაბრიელ ურგებაძის სახელის სამხედრო მოქმედებების გამართლებისა და მხარდაჭერის მიზნით გამოყენებას. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, განსაკუთრებით მიუღებელია ის, რომ რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები ამ ინიციატივას მხარს უჭერენ.
მამა გაბრიელ ურგებაძე იყო ქართველი მართლმადიდებელი ბერი და არქიმანდრიტი, რომელიც დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული. მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეპიზოდი 1965 წელს მოხდა, საბჭოთა რეჟიმის დროს. 1 მაისის დემონსტრაციაზე მან საჯაროდ დაწვა ლენინის უზარმაზარი პორტრეტი. ამის გამო სასტიკად სცემეს, დააპატიმრეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. მოგვიანებით ის ხელისუფლების ზეწოლისა და დევნის მიუხედავად სასულიერო ცხოვრებას განაგრძობდა. მის ცხოვრებას უკავშირებენ მკაცრ ასკეტიზმს, ქადაგებას, ადამიანების დახმარებასა და სიყვარულის იდეას.
რა ვიცით მამა გაბრიელის ქვედანაყოფსა და ბესიკ დანელიაზე
დანელიას ვიზიტი რუსეთის მხარეს მებრძოლ ქვედანაყოფთან თავად რუსულმა მედიამ გააშუქა. დანელიამ РИА Новости-სთან საუბარში განაცხადა, რომ დონეცკში „ძმებთან“ ჩავიდა, რომლებიც, მისი თქმით, „წინა ხაზზე იცავენ სამშობლოს“, და მათ ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანა.
ოკუპირებული დონეცკის რეჟიმის წარმომადგენელმა ანდრეი კრამარმა კი განაცხადა, რომ რეგიონს „ქართული დელეგაცია“ ეწვია და აღნიშნა, რომ ისინი ღიად უჭერენ მხარს რუსეთის მიერ წარმოებულ ომს.
„დღეს დონბასისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. დღეს დონბასის გათავისუფლების დღეა. ჩვენთან ჩამოვიდა ქართული დელეგაცია, რომელმაც მოიტანა ჰუმანიტარული დახმარება. ისინი ამას ღიად აკეთებენ. ამაყობენ იმით, რომ მხარს უჭერენ და აირჩიეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მხარე“, — თქვა კრამარმა.

მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფის არსებობის შესახებ ინფორმაცია პირველად 2026 წლის იანვარში გავრცელდა. მაშინ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამხედრო განყოფილებამაც გააზიარა ცნობა, რომლის თანახმადაც, ქვედანაყოფი ეთნიკური ქართველებით იყო დაკომპლექტებული.
რუსეთის პირველმა ცალკეულმა მოტომსროლელთა ბრიგადამ, ე.წ. სლავურმა ბრიგადამ, ასევე გაავრცელა ბესიკ დანელიას ვიზიტის ამსახველი ფოტო და ვიდეო. მასალებში ჩანს მამა გაბრიელის სახელობის ქვედანაყოფის დროშაც.

ბესიკ დანელია წარსულში ნინო ბურჯანაძის პრორუსული პარტიის, „ერთიანი საქართველოს“ წევრი იყო. ის ასევე მონაწილეობდა თეა წულუკიანის სპეციალური კომისიის გამოკითხვებში, რომელიც, ხელისუფლების განცხადებით, 2003 წლიდან წინა ხელისუფლების, მისი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პარტიებთან დაკავშირებული მოქმედი და ყოფილი ჩინოვნიკების საქმიანობის შესასწავლად შეიქმნა.
დანელია ასევე ჩნდებოდა პუტინისტ მამუკა ფიფიასთან დაკავშირებულ მედიაპლატფორმა „საქართველოს ტალღის“ ეთერში, სადაც “ქართული ოცნების” რიტორიკას იმეორებდა ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდის შესახებ.
რას ამობს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ არქიმანდრიტ გაბრიელ ურგებაძის სახელის სამხედრო დანაყოფისთვის გამოყენება განსაკუთრებით შეუთავსებელია მისი ცხოვრებისეულ მემკვიდრეობასთან.

„უპირველესად აღვნიშნავთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხრიდან იღუპება მართლმადიდებელი მოსახლეობა, რასაც დიდი გულისტკივილით ვადევნებთ თვალს. ჩვენ ვლოცულობთ და შევთხოვთ წმინდანებს, მათი მეოხებით უფალმა მშვიდობა მიმადლოს უკრაინას, რუსეთსა და მთელ მსოფლიოს. ასეთ დროს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ყოველგვარი კონსულტაციის ან მისი აზრის გათვალისწინების გარეშე, სრულიად მოულოდნელად გაუგონარი ფაქტის წინაშე დავდექით.
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისათვის ღირსი მამის, არქიმანდრიტ გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის სახელის გამოყენება, წმინდა მამის ღვაწლი და ცხოვრება ხომ სრულად მიძღვნილი იყო უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს რწმენისადმი, ადამიანთა შორის სიყვარულისა და კაცთმოყვარეობის ქადაგებისადმი.
შეშფოთებასა და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს.
ჩანს, ამ ინიციატივის ავტორები ცუდად იცნობენ წმინდა გაბრიელის ცხოვრებას. ამ ფონზე აღნიშნული ქმედება აღიქმება, როგორც მიკერძოებული სპეკულაცია ეკლესიის სახელით.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს.“ — აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.