შალვა პაპუაშვილი: საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკა ჩიხშია შესული
შალვა პაპუაშვილის განცხადება
ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის გუშინდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკა ჩიხშია შესული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მოგვიანებით პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შესახებაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ისინი “ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები არიან”. ამასთან, პაპუაშვილმა ცალკე ისაუბრა რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტზე, მზია ამაღლობელზე და აღნშნა, რომ მზია ამაღლობელს შეეფარდა ყველაზე მცირე სასჯელი, რაც კი შეიძლებოდა სასამართლოს მხრიდან შეფარდებოდა.
გუშინ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე გაეროში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მიშელ სერვონე დ’ურსომ განაცხადა, რომ ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის „პოლიტიკურად მოტივირებული გამოყენებით“ და რეპრესიული ზომების მიღებით.
8 სექტმებერს გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშს ეხება, ნათქვამია, რომ საქართველო ვალდებულია დაიცვას ფუნდამენტური თავისუფლებები და გააუქმოს ან გადახედოს საკუთარ კანონმდებლობას, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს.
პაპუაშვილის განცხადებით, შემაშფოთებელია გაეროში ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადება, რომელიც, მისი თქმით, „თვითნებური დაკავებებისა“ და „რეპრესიების“ შესახებ „უკვე გაცვეთილ სიცრუეს“ იმეორებს.
„დამაფიქრებელია, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირების განცხადებები, უკვე მერამდენედ, სრულ წინააღმდეგობაში მოდის არა მხოლოდ ფაქტებთან, არამედ ევროკავშირის მიერვე აღიარებულ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რაც პასუხს საჭიროებს“, – წერს პაპუაშვილი.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული ძალადობრივი აქციები ნაწილობრივ ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდა. პაპუაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ ევროკავშირის მხრიდან „ვირტუალური მწვანე შუქის“ შემდეგ, 2025 წლის 4 ოქტომბერს, ხელისუფლების დამხობის მცდელობა დაიწყო.
„თუმცა, ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ სათანადოდ დაიცვა ქვეყანა, მისი თავისუფლება, სუვერენიტეტი და ინტერესები. დღეს ყველასთვის ცხადია, რომ 2024 წელს უცხოეთიდან დაფინანსებული რევოლუციური პროცესი დამარცხდა“, – წერს ის.
პაპუაშვილი ასევე აცხადებს, რომ „არჩევნების გაყალბებისა“ და „მშვიდობიანი აქციების დარბევის“ შესახებ ნარატივები „დრომ და რეალობამ უარყო“.
„ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები გამოძიებულია, განაჩენები კი დამდგარი, ყველაფერი დოკუმენტირებული, აღრიცხული და, მეტიც, აღიარებულია თავად დამნაშავეების მიერ.
ფაქტებმა კიდევ ერთხელ სძლიეს აღქმებს. სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს, ხოლო დამნაშავე მსხვერპლად, მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირის რომელიმე მოხელეს ასე სურს“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
მისი თქმით, ბრიუსელი „იმ ჯარისკაცს ჰგავს, რომელმაც ომის დასრულება ვერ შეიტყო და კვლავ საომარ ოპერაციებს გეგმავს“.
პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა, თუ საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება სურთ, უნდა შეწყვიტონ საქართველოს მიმართ „აგრესიული რიტორიკა“, უარი თქვან „დამარცხებული რევოლუციური სცენარის საინფორმაციო მომსახურებაზე“ და პატივი სცენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ქართველი ხალხის „დემოკრატიულ არჩევანს“.
პატიმრების შესახებ

“ევროკავშირის ფონდები საქართველოში ძალადობრივი აქციებისთვის გამოიყენებოდა. ეს ადამიანები ბარიკადებზე, მათ შორის, ბრიუსელის წაქეზებით ავიდნენ. 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობაც გახსოვთ, როცა ბრიუსელის ოფიციალურმა პრესსპიკერმა, 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, საჯაროდ მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბერს, წინასწარ გაცხადებულ დამხობის შეკრებას. ეს მათთვის ვირტუალური მწვანე შუქი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციას თავს დასხმოდნენ.
ამის შედეგად, ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულები, ადამიანები ციხეში მოხვდნენ იმის გამო, რომ წააქეზეს და ბარიკადებზე აიყვანეს, შემდეგ კი ისინი ციხეში მიატოვეს. სწორედ ამ უსინდისობის პატიმარია დღეს ის დარჩენილი, დაახლოებით, 70 ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ არ გაუაზრებია ის, რომ სჯობს ენდო საკუთარ ქვეყანას, ვიდრე უცხო სახელმწიფოს. სწორედ შიდა და გარე, მათ შორის, ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები არიან ისინი, ვინც დღეს პატიმრობაში რჩებიან.
მზია ამაღლობელი არის ოპოზიციისა და ბრიუსელის უსინდისობის პატიმარი. მას შეეფარდა ყველაზე მცირე სასჯელი, რაც კი შეიძლებოდა სასამართლოს მხრიდან შეფარდებოდა. ამაზე ნაკლები სასჯელი, საქართველოს საპროცესო კოდექსით, შესაძლებელია მხოლოდ საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში, ეს არის კანონიც და პრაქტიკაც. მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს. ამისთვის მხოლოდ ის იყო საჭირო, რომ მზია ამაღლობელს ეთქვა, რომ ეს იყო დანაშაული, რომ ეს ქცევა არასწორი იყო.
მზია ამაღლობელი არის იმ ელჩების უსინდისობის პატიმარი, ვინც სასამართლოზე დაუჯდა, თვალში უყურებდა და ამით ანიშნებდა, რომ არ აღიარო დანაშაული, იჯექიო. იმ ხალხის ბრალია, ვინც ყოველგვარ მიზეზმოკლებულ პრემიებს და ა.შ. აძლევდა, მათ შორის ევროპარლამენტი – და ამით ეუბნებოდა, არ აღიარო, რომ პოლიციელზე თავდასხმა დანაშაულიაო”. – განაცხადა პაპუაშვილმა.