ღარიბაშვილის წერილი ციხიდან: კობახიძე-მდინარაძის დროს თვითმკვლელობებზე კითხვები პასუხგაუცემელია
ღარიბაშვილის წერილი ციხიდან
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს.
ღარიბაშვილის განცხადებით, ჯორბენაძე, რომელიც ყოფილი უფლებადამცველი იყო და ირაკლი კობახიძის მიმართ კრიტიკული პოზიციებით გამოირჩეოდა, ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის მიერ მომზადებული სტატიის რესპონდენტი იყო. მისი თქმით, აღნიშნული სტატიის გამოქვეყნებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ჯორბენაძემ თავი მოიკლა.
ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ საზოგადოებას უნდა მიეწოდოს პასუხი კითხვაზე, რა გახდა ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი. ამასთან, ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ თავად გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ჯორბენაძის გარდაცვალების შემდეგ საჯაროდ აყენებდა ეჭვქვეშ თვითმკვლელობის ვერსიას.
მისივე თქმით, საკითხის შესახებ საჯაროდ საუბარი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მიმდინარე წლის თებერვალში ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი სხვა გარემოებებს დაუკავშირა.
ღარიბაშვილის განცხადებით, 12 თებერვალს, ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის დავალებით, მას გადაეცა 2026 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც დიტო ჩუბინიძე ლაზარე ჯორბენაძეს ესაუბრებოდა. მისი თქმით, სტატია ძირითადად კობახიძის კრიტიკასა და მის მიმართ გამოთქმულ მძიმე ბრალდებებს ეხებოდა.
ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მასთან გაგზავნილ შეტყობინებაში გამოთქმული იყო ეჭვი, თითქოს სტატიის უკან თავად ღარიბაშვილი იდგა.
„გადმომცეს პრეტენზიული გზავნილი, რომელშიც გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი, ხომ არ ვიდექი მე ხსენებული სტატიის უკან“, — წერს ღარიბაშვილი.
მისი განცხადებით, მან მსგავსი ბრალდება კატეგორიულად უარყო და ხელისუფლების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მსგავსი ტიპის „შეკვეთილი სტატიები“ მისთვის დამახასიათებელი არ იყო.
ღარიბაშვილი წერილში ასევე ახსენებს ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძესა და „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილ ლიდერს, ირმა ინაშვილს და ამბობს, რომ მას არანაირი კავშირი არ ჰქონია მათ პოლიტიკურ თუ ჟურნალისტურ საქმიანობასთან.
ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ მოვლენების ფონზე მისთვის გაგზავნილი წერილის ერთ-ერთი პუნქტი, სადაც საუბარი იყო დიტო ჩუბინიძისა და ირმა ინაშვილის მსგავს „მხარდამჭერებზე“, უფრო გასაგები ხდება.
„ახლა უკვე ჩემთვის სურათი ნათელია და პასუხი ყველა საკითხზე არის გაცემული, თუ რატომ ჩამიწერეს წერილის პირველ პუნქტად, რომ „დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა მხარდამჭერებმა“ სერიოზული ეჭვები გააჩინეს და ძალიან დააზიანეს კობახიძე-მდინარაძის გუნდის ინტერესები“, — აცხადებს ღარიბაშვილი.
წერილის სხვა ნაწილში ყოფილი პრემიერი მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა არა მხოლოდ თანამდებობიდან გათავისუფლება, არამედ პოლიტიკიდან წასვლაც გამოიწვია. თუმცა ღარიბაშვილი ხაზს უსვამს, რომ მისი შეფასებით, მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა ვერ გააქრობს იმ ზიანს, რომელიც, მისი თქმით, მას და ირაკლი კობახიძეს ქვეყნისთვის, ადამიანებისა და „ქართული ოცნებისთვის“ აქვთ მიყენებული.
ღარიბაშვილი ასევე წერს, რომ საზოგადოებაში კვლავ არსებობს კითხვები სხვა ადამიანების თვითმკვლელობებთან დაკავშირებით, რომლებიც, მისი თქმით, ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის მმართველობის პერიოდში მოხდა.
„საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“, — წერს ყოფილი პრემიერი.
საქართველოს ორგზის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პირველი კორუფციული ბრალდება 2025 წლის ოქტომბერში წარუდგინეს. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა, ხოლო მეორე ბრალი მიმდინარე წლის 24 აგვისტოს – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება.
ღარიბაშვილმა ციხიდან პირველი განცხადება 17 აგვისტოს გაავრცელა. Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან დაწერა, რომ წერილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაუგზავნეს და განაცხადა, რომ „სხვა გზა არ დაუტოვეს“, რათა წინ არ აღდგომოდა მისივე შეფასებით „ღირსების შემლახავ ბოროტებას“.
მეორე წერილი ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან 19 აგვისტოს გამოაქვეყნა. ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ მისი პატიმრობის მიზანი მისი პოლიტიკურად განადგურება იყო და ამბობს, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მან სამართლებრივ ბრძოლაზე უარი თქვა. ღარიბაშვილის თქმით, იძულებული გახადეს, დაიწყოს ბრძოლა.
ღარიბაშვილი წერდა, რომ ივლისში მიიღო წერილი, რომელიც მას მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა. მისი თქმით, იმავე დღეს მან მდინარაძეს საკუთარი პოზიცია გააცნო და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებდა.