როგორ მუშაობს ავღანეთის იატაკქვეშა სკოლები
ავღანეთის იატაკქვეშა სკოლები

უკვე ხუთი წელია, ქვეყანაში გოგოებს განათლების მიღება ეკრძალებათ. ამის მიუხედავად, ათასობით მოსწავლე ფარულ გაკვეთილებზე სიარულს განაგრძობს.
____________________________________________________
ფიზიკის გაკვეთილზე ავღანელ გოგოებს რვეულებისა და სახელმძღვანელოების ნაცვლად ყურანი და საკერავი ნივთები მიაქვთ. თუ გზაში თალიბები გააჩერებენ, ეს ნივთები ეჭვს არ გამოიწვევს. გოგონებისთვის წიგნების ტარება კი, ამ ქვეყანაში სახიფათოა.
2021 წლის 15 აგვისტოს მოძრაობა „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა და ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნდა. პირველი, რაც თალიბებმა გააკეთეს , გოგოებს მეექვსე კლასის შემდეგ სწავლის გაგრძელება აუკრძალეს. დღეს ავღანეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც საშუალო და უმაღლესი განათლება მხოლოდ ერთი სქესის წარმომადგენლებისთვისაა ხელმისაწვდომი.
თუმცა, ზოგიერთი გოგო სწავლას თავისუფლების, ზოგჯერ კი სიცოცხლის რისკის ფასად აგრძელებს. „ნოვაია ევროპა“ იატაკქვეშა სკოლების ქსელის დამფუძნებელ პარასტო ჰაქიმსა და მის მოსწავლეებს ესაუბრა. “ნოვაია გაზეტა ევროპას” მასალა.
საიდუმლო სკოლა №1
პარასტო ჰაქიმს სწრაფად მიხვდა, რას ნიშნავდა თალიბების ხელისუფლება. ერთხელ 23 წლის ქალი ძმასთან ერთად ქუჩაში მიდიოდა, როდესაც იარაღიანმა ხალხმა გააჩერა. მათ ტანსაცმელი შეუმოწმეს, მუხლებზე დააჩოქეს და ქალის ქცევის წესებზე ლექცია წაუკითხეს. შემდეგ ერთ-ერთმა თალიბმა შუბლზე ავტომატი მიაბჯინა.
„არაფერი ვუპასუხე, მაგრამ ძალიან მეცინებოდა. სასაცილო იყო, რადგან თუ ნამდვილად ძლიერი ხარ, იარაღს არ გამოიყენებ იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც შენზე სუსტად მიიჩნევ – განსაკუთრებით ქალის წინააღმდეგ. ის ფაქტი, რომ ჩემზე ძალაუფლების საჩვენებლად ავტომატი დასჭირდა, ცხადყოფდა, სინამდვილეში რამდენად უმნიშვნელო და უძლური იყო“, – ამბობს ჰაქიმი.

სკოლების დახურვის შემდეგ მას CNN-ის ძველი დოკუმენტური ფილმი გაახსენდა. ეს ფილმი თალიბების პირველი მმართველობის დროს იყო გადაღებული და საიდუმლო სკოლებს ეხებოდა. ჰაქიმმა ნაცნობებთან რეკვა დაიწყო. რამდენიმე საათში პირველი მასწავლებელიც იპოვა. ქალი დათანხმდა, მოსწავლე გოგონათა მცირე ჯგუფისთვის სახლში ჩაეტარებინა გაკვეთილები.
მალე პროექტს სხვა მასწავლებლები და მათი ყოფილი მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ერთი თვის შემდეგ, უკვე რვა სკოლა მუშაობდა. ხუთი წლის შემდეგ კი, ჰაქიმი ქვეყნის მასშტაბით 40-ზე მეტ სკოლას უწევს კოორდინაციას. იქ 11-12 წელზე უფროსი ორი ათასზე მეტი გოგო სწავლობს.
„ვფიქრობდი, რომ ამ ქვეყანამ ჩემში რესურსი ჩადო და დამეხმარა. ამიტომ გულხელდაკრეფილი ვერ დავრჩებოდი“, – განმარტავს ჰაქიმი.
ერთ-ერთი მოსწავლე 17 წლის ბაჰიტაა. სკოლების დახურვის შემდეგ ის სწავლის გასაგრძელებლად ნებისმიერ შესაძლებლობას ეძებდა.
„როდესაც სკოლები დახურეს, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ხელები შემიკრეს. მთელი ძალით ვეძებდი სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას. ის შანსი, რომელიც ახლა მაქვს, ყველა გოგოსთვის ხელმისაწვდომი არ არის“, – ამბობს ის.
გოგოები ისტორიას, გეოგრაფიას, ლიტერატურასა და ზუსტ მეცნიერებებს სწავლობენ. თუმცა, ბაჰიტას თქმით, გარემო ძველი სკოლისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
„ძველ სკოლაში პროპაგანდა იყო, აქ კი მოტივაციას ვგრძნობ და მომავალზე ფიქრს ვცდილობ“, – ამბობს ის.
ბაჰიტა ღარიბ ოჯახში ცხოვრობს. მისი მშობლები უმუშევრები არიან, თუმცა თალიბების დაბრუნებამდე დედა მზარეულად მუშაობდა. თავად გოგო სახლიდან მხოლოდ საიდუმლო გაკვეთილებზე გასასვლელად გამოდის.
როგორ იცავენ უსაფრთხოებას
სკოლების ქსელი ადგილობრივი თემების მხარდაჭერით მუშაობს. ეს უსაფრთხოების მთავარი პირობაა. მოსახლეობა მასწავლებლებს თალიბების მოახლოების შესახებ აფრთხილებს. ასეთ დროს მოსწავლეები სახელმძღვანელოებს მალავენ, კლასი კი, მაგალითად, ყურანის კითხვის წრედ იქცევა.
სკოლები მცირე დასახლებებში, მოსწავლეთა სახლებთან ახლოს მდებარეობს. რაც ნაკლებ დროს ატარებენ გოგოები ქუჩაში, მით ნაკლებია შემოწმების საფრთხე. გაკვეთილები ყოველდღე, პარასკევის გარდა ტარდება და ოთხ საათზე მეტხანს არ გრძელდება.
მოსწავლეები უსაფრთხოების წესებს რეგულარულად იმეორებენ. მათ არავის უნდა უთხრან, სად მიდიან. თუ კლასში თალიბები შევლენ, გოგოებმა მზერა უნდა დახარონ და გაჩუმდნენ.
ავღანეთში სწავლებისთვის ფორმალური სასჯელი არ არსებობს.
თუმცა, ქალებს, რომლებიც აკრძალულ გაკვეთილებს ატარებენ, დევნიან. 2025 წელს თალიბებმა ინგლისური ენის ოთხი მასწავლებელი დააკავეს. ადგილობრივი უხუცესების ჩარევის შემდეგ ისინი გირაოთი გაათავისუფლეს, წერდა დამოუკიდებელი გამოცემა 8am media.
ერთხელ თალიბები ჰაქიმის ერთ-ერთ სკოლაშიც მივიდნენ. მასწავლებლის წინასწარ გაფრთხილება ვერავინ მოასწრო.
„მაშინ თემის ყველა მცხოვრები შეიკრიბა და უთხრა: ‘ეს ქალი ჩვენს გოგოებს ასწავლის. ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ და გვინდა, აქედან წახვიდეთ’. ისინი მართლაც წავიდნენ, რადგან ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა“, – იხსენებს ჰაქიმი.
მოსახლეობა სკოლებს იმის გამოც უჭერს მხარს, რომ სწავლა უფასოა. პროექტს დონორები აფინანსებენ. ისინი სასწავლო ნივთებისა და შენობების ქირის ხარჯებსაც ფარავენ.
კლასები უმეტესად ცარიელ, ერთსართულიან სახლებშია მოწყობილი. ერთ ჯგუფში დაახლოებით 35 გოგო სწავლობს. ადგილის სიმცირის გამო ისინი იატაკზე სხედან.
განათლების ხარისხს კოორდინატორები აკონტროლებენ. ისინი მასწავლებლებს მესენჯერებით უკავშირდებიან, დასწრებას ამოწმებენ და არკვევენ, ხომ არ სჭირდება ვინმეს გადაუდებელი დახმარება.
გზა უნივერსიტეტისკენ
თავისუფალ დროს ბაჰიტა კითხულობს და მოთხრობებს წერს. წიგნებს Telegram-იდან იწერს. მისი საყვარელი ავტორები ალექსანდრ პუშკინი, ლევ ტოლსტოი და ვირჯინია ვულფი არიან.
„ცოტა ხნის წინ “მისის დოლოუეი” წავიკითხე. მომწონს ისტორიები ქალებისა და მათი გამოცდილების შესახებ. ეს რომანი ბევრს გვიყვება ქალების ცხოვრებასა და მათზე ომის გავლენაზე“, – ამბობს ბაჰიტა.
მას სტიპენდიის მიღება და ონლაინ უნივერსიტეტში ჩაბარება სურს. საიდუმლო სკოლები მოსწავლეებს ამისთვის მომზადებაში ეხმარება. სწავლის დასრულების შემდეგ ისინი სერტიფიკატს იღებენ, თუმცა მისი გამოყენება ავღანეთში არ შეუძლიათ.

გარდა ამისა, გოგოები კომპიუტერულ უნარებს სწავლობენ. ისინი სტიპენდიის განაცხადებს ავსებენ და უნივერსიტეტისთვის სამოტივაციო ესეებს წერენ. თუმცა, უცხოეთში სწავლის მთავარ დაბრკოლებად სავიზო შეზღუდვები რჩება.
„მეჩვენება, რომ ავღანეთის მოქალაქეებისთვის სხვა ქვეყანაში უკანონოდ მოხვედრა უფრო მარტივია. კანონიერი გზა უბრალოდ არ მუშაობს, ვიზას თითქმის არავის აძლევენ“, – ამბობს ჰაქიმი.
უნივერსიტეტის მოწვევაც კი იშვიათად ეხმარება ავღანელ ქალებს ვიზის მიღებაში. თალიბები კაცების გამგზავრებასაც ზღუდავენ. 2025 წელს ავღანელმა სტუდენტებმა BBC-ს უთხრეს, რომ რუსეთის სტიპენდიის მიუხედავად, მათ სასწავლებლად წასვლა აუკრძალეს.
კიდევ ერთი პრობლემა ენობრივი ბარიერია. ამიტომ ჰაქიმის სკოლებში ინგლისურსაც ასწავლიან.
16 წლის იარია ექიმობაზე ოცნებობს. ყველაზე მეტად ქიმია უყვარს. რადგან საუნივერსიტეტო განათლების მიღებას მხოლოდ ონლაინ შეძლებს, მას ინგლისურის სწავლაც სურს.
„როდესაც ძველი სკოლები მუშაობდა, თავისუფლება გვქონდა. შეგვეძლო, ყველგან წავსულიყავით და არ შეგვშინებოდა. ახლა ძალიან შეზღუდულები ვართ. ოჯახები ხშირად სკოლაში არ გვიშვებენ, რადგან ჩვენს უსაფრთხოებაზე ნერვიულობენ. თუმცა მიხარია, რომ ასეთ პირობებშიც შესაძლებელია სწავლის გაგრძელება“, – ამბობს ის.
გაკვეთილების გარდა იარია სახლიდან არ გადის და კერვით არის დაკავებული. ოჯახი ქუჩაში მის გაშვებას უსაფრთხოების გამო ერიდება.
სიღარიბე და უპერსპექტივობა
მასწავლებლები ცდილობენ, გოგოებისთვის უსაფრთხო გარემო შექმნან. თუმცა, ბევრი მოსწავლე ისეთი პრობლემების წინაშე დგას, რომლებიც განათლების ფარგლებს სცდება.
ზოგიერთ ოჯახს საკვების ფულიც არ აქვს. სხვა გოგოები იზოლაციითა და უპერსპექტივობით გამოწვეულ სუიციდურ აზრებზე საუბრობენ.

სკოლების დახურვის შემდეგ ჰაქიმი კლასებში დადიოდა და მოსწავლეთა გამხნევებას ცდილობდა.
„უნდა გიხაროდეთ, რომ ‘თალიბანის’ სკოლაში არ დადიხართ. იქ ტვინს გამოგირეცხავდნენ, რადგან მათ სძულხართ. ისინი ადამიანებად არ გთვლიან“, – ეუბნებოდა ის გოგოებს.
„არ მინდა, ჩემი გოგოები ცხვრებს მწყემსავდნენ“
ჰაქიმის ქსელს „უხილავები“ ჰქვია. ორგანიზაცია არასამთავრობო და საერთაშორისო სტრუქტურებთან, მათ შორის გაეროსთან თანამშრომლობს. თუმცა, ჰაქიმი მათ ზოგიერთ შეთავაზებას აკრიტიკებს.
გაეროს მონაცემებით, ავღანეთში გოგოებისა და ქალების 78% არც სწავლობს და არც მუშაობს. სკოლაში ხშირად მეშვიდე კლასზე უმცროსი გოგოებიც ვერ დადიან. ამის მიზეზი სიღარიბე და საფრთხეა.
გაეროს წარმომადგენლები ჰაქიმს ონლაინ განათლებაზე გადასვლას ურჩევენ. მათი აზრით, ეს თალიბებთან შეხვედრის რისკს შეამცირებს. ჰაქიმი ამ მიდგომას ავღანეთის რეალობას მოწყვეტილად მიიჩნევს.
„ონლაინ სწავლება იმ ქვეყნებს შესთავაზეთ, სადაც ადამიანებს უწყვეტი ელექტრომომარაგება, საიმედო ინტერნეტი და სტაბილურობა აქვთ. ჩვენ ეს არ გვაქვს. ავღანეთში კავშირი ზოგჯერ დღეში მხოლოდ ორი-სამი საათით მუშაობს. ეს ერთი. მეორეც, ონლაინ განათლების არ მჯერა. ადამიანებმა საზოგადოებაში უნდა იცხოვრონ. ყველას სახლში გამოკეტვა არ შეიძლება“, – ამბობს ის.
ჰაქიმს სურს, მოსწავლეებს აკადემიურ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარებიც მისცეს. გოგოებს ასწავლიან, როგორ აქციონ კერვა და ხელსაქმე ბიზნესად. მაგალითად, როგორ გაყიდონ ტანსაცმელი ან აქსესუარები ინტერნეტით.
„არ მინდა, ჩემმა გოგოებმა ცხვრები მწყემსონ, როგორც ამას ზოგჯერ გაეროს წარმომადგენლები გვირჩევენ“, – ამბობს ჰაქიმი.
„ვოცნებობ, რომ მათ XXI საუკუნის ქალებივით იცხოვრონ, თუნდაც ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ადამიანი მათთვის სხვა მომავალს ამზადებდეს. არ მინდა, აიძულონ, გახდნენ დიასახლისები, ბებიაქალები ან მოხუცების მომვლელები. არ მინდა, ძალიან პატარა ასაკში გაათხოვონ. არ მინდა, ‘თალიბანის’ მსხვერპლნი გახდნენ“.
მილიონობით გოგო განათლების გარეშე
იუნესკოს შეფასებით, ავღანეთში საშუალო განათლებაზე ხელი დაახლოებით 2,2 მილიონ გოგოს არ მიუწვდება. ქალებს უნივერსიტეტებსა და სამედიცინო ინსტიტუტებში სწავლაც ეკრძალებათ. 2024 წლამდე სამედიცინო სასწავლებლები მათთვის განათლების მიღების ბოლო შესაძლებლობა იყო. მოგვიანებით ეს გზაც დაიკეტა.
ბიჭებისთვის მსგავსი შეზღუდვები არ მოქმედებს. თუმცა, განათლების მიღებაში მათაც სიღარიბე და კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობა უშლის ხელს. არსებული მონაცემებით, ავღანელი ათი წლის ბავშვების 93% მარტივ ტექსტსაც ვერ კითხულობს.
ჰაქიმის ქსელი ერთადერთი არ არის. 2018 წელს დაარსებული LEARN Afghan 18 პროვინციაში ორ ათასზე მეტ გოგოს ასწავლის.
ქვეყანაში საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებიც მუშაობს. 2025 წელს ბრიტანულმა Future Learn-მა განაცხადა, რომ მისი უფასო კურსებით 56 ათასმა ავღანელმა ქალმა ისარგებლა. American University of Afghanistan ქალებს ონლაინ რეჟიმშიც ასწავლის.

თუმცა, დისტანციური პროექტები გოგოების უმრავლესობისთვის სკოლას ვერ ცვლის. მთავარი დაბრკოლებები ელექტროენერგიის გათიშვა, სუსტი ინტერნეტი და სიღარიბეა.
გაქცევა ავღანეთიდან
პირველი ორი წლის განმავლობაში ჰაქიმი სკოლებს ქაბულიდან მართავდა. შემდეგ მას დაურეკა ადამიანმა, რომელიც გაეროსთან თანამშრომლობს.
„შენს სახლში თალიბები იყვნენ. ხვალ ისევ მოვლენ, ამჯერად შენს წასაყვანად“, – გააფრთხილა მან.
ჰაქიმს გასამგზავრებლად რამდენიმე საათი ჰქონდა. საფრანგეთის ვიზა უკვე მიღებული ჰქონდა. თუმცა, ავღანეთის დატოვება მამაკაცი თანმხლების გარეშე არ შეეძლო. ევროკავშირში არსებული დიპლომატიური კავშირებით მან ძმისთვის ვიზა მოიპოვა. მეორე დღეს ისინი პაკისტანში გაემგზავრნენ, იქიდან კი პარიზში გაფრინდნენ.
„როდესაც თვითმფრინავი დაეშვა, ტირილი დავიწყე. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რამდენად სახიფათო ცხოვრებით ვცხოვრობდი ამ ორნახევარი წლის განმავლობაში“, – იხსენებს ჰაქიმი.
ახლა 28 წლის ჰაქიმი პარიზში ცხოვრობს და სკოლებს დისტანციურად მართავს. ის ადგენს სასწავლო პროგრამებს, მასწავლებლებთან კავშირს ინარჩუნებს და მოსწავლეთა უსაფრთხოებას აკონტროლებს. გუნდი მესენჯერებს იყენებს და ჩვეულებრივ ზარებს ერიდება, რადგან მათი თვალთვალი შესაძლებელია.

ჰაქიმი საერთაშორისო მხარდაჭერასაც ეძებს. ის ფორუმებსა და კონფერენციებზე „უხილავების“ საქმიანობის შესახებ საუბრობს.
თავად ჰაქიმი საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებას გეგმავს. მისი რწმენით, განათლება წინააღმდეგობის მთავარ იარაღად რჩება.
„წინსვლის ერთადერთი გზა ისეთი ბავშვების აღზრდაა, რომლებიც თალიბებივით არ აზროვნებენ“.
exchange