თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები და მეტროსადგურები. VIDEO
გაზიარება
გაზიარება
ძლიერი წვიმა თბილისში
14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დედაქალაქი კვლავ დაიტბორა. თბილისის მერია დედაქალაქის დატბორვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ინტენსიურმა ნალექმა “გარკვეული პრობლემები შექმნა.”
მერიის ინფორმაციით, ნალექმა განსაკუთრებით დააზარალა ჩუღურეთის, ვაკის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობა. დაიტბორა კერძო სახლები და სარდაფები, ოქროყანაში, ციურიხის ქუჩის N21-ში კი ჩამოიშალა გრუნტის დამჭერი კედელი. ასევე, ქალაქის მასშტაბით, დაიტბორა ქუჩები და რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია.
მოქალაქეები მთელი ღამის განმავლობაში ავრცელებდნენ ვიდეოებს სხვადასხვა ადგილებიდან, სადაც ჩანს, მოსული წვიმის შედეგად დატბორილი ქუჩები და მოედნები.
ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილზე მოსახლეობამ წუხელ გზა გადაკეტა. ადგილობრივები ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზიანისთვის გამკლავებაში დახმარებას ითხოვდნენ.
მოქალაქეების მიერ გავრცელებულ ვიდეოები:
“დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა ათივე რაიონში პრობლემები შექმნა. გზის სავალ ნაწილებზე ჩამოტანილია ქვა-ღორღი. ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ გაწმენდის სამუშაოებს. განსაკუთრებით ინტენსიური ნალექი მოვიდა ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში. 500-ზე მეტი ცოცხალი ძალა და 30 თანამშრომელი ყველა პერიმეტრზეა მობილიზებული და ჩართულია სალიკვიდაციო სამუშაოებში. პროცესი პრობლემების სრულად აღმოფხვრამდე გაგრძელდება“, – განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა გიორგი პაპავამ.