თბილისის ზოოპარკში ორი სახეობის არა ბინადრობს — წითელი არები (Ara macao), როკი და კიკი, და ლურჯ-ყვითელი არები (Ara ararauna), ჩიკო და პაკო. მათი კაშკაშა შეფერილობა პირველივე შეხედვისთანავე იქცევს ყურადღებას.
ახლა თბილისის ზოოპარკის არებს გამრავლების სეზონი აქვთ. ჩიკო და პაკო ბარტყებს ელოდებიან. არები კვერცხზე, როგორც წესი, 24–28 დღის განმავლობაში სხედან. ამ პერიოდში ორივე მშობელი აქტიურად მონაწილეობს მომავალი ბარტყების დაცვასა და მოვლაში.
წითელი არები — როკი და კიკი — ამ პერიოდში განსაკუთრებით ფრთხილები გახდნენ. ისინი ადამიანების თვალს ხშირად ემალებიან და ზამთრის ვოლიერიდან თითქმის აღარ გამოდიან. ამიტომ, თუ ზოოპარკში მათ სანახავად აპირებთ მოსვლას, გაითვალისწინეთ, რომ ახლა მათი ნახვა გაგიჭირდებათ.
არები განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევიან. წყვილები თითქმის ყოველთვის ერთად გადაადგილდებიან, ერთმანეთს ბუმბულს უსუფთავებენ, ერთად ეძებენ საკვებს და საფრთხის შემთხვევაში ერთმანეთს იცავენ.
კარგი მოვლის პირობებში არები 50–60 წელს, ზოგჯერ კი 70 წელზე მეტსაც ცოცხლობენ. როკის ზუსტი ასაკი უცნობია, თუმცა თბილისის ზოოპარკში ის ყველაზე ხანდაზმული თუთიყუშია. ასაკის მიუხედავად, როკი ისევ ისეთივე ფიცხი და ბრაზიანია, როგორც ყოველთვის.
ერთხელ, როდესაც მომვლელს კაკლის მიცემა ოდნავ დაუგვიანდა, როკიმ ეს მაშინვე „გააპროტესტა“ და თითზე უკბინა. ძლიერი ნისკარტის გამო არების ნაკბენი საკმაოდ მტკივნეულია და სერიოზული დაზიანების მიყენებაც შეუძლიათ.
არები საოცრად ჭკვიანი ფრინველები არიან. მათ შესანიშნავი მეხსიერება აქვთ, ზოგიერთ მათგანს კი ადამიანის ხმისა და სიტყვების მიბაძვაც შეუძლია.
მიუხედავად იმისა, რომ არებს შინაურ ცხოველებადაც ხშირად ზრდიან, მათი მოვლა მარტივი სულაც არ არის. მათ დიდი სივრცე, ყოველდღიური ყურადღება, გონებრივი დატვირთვა და გარემოს მუდმივი გამრავალფეროვნება სჭირდებათ.
თბილისის ზოოპარკს არსებობის თითქმის ასწლიანი ისტორია აქვს. ის 1927 წლის 10 თებერვალს, კავკასიის ცხოველთა საკლიმატიზაციო საზოგადოების ბაზაზე დაარსდა. საზოგადოება XX საუკუნის დასაწყისიდან ინახავდა ველურ ცხოველებს, თუმცა ზოოპარკის სტატუსი არ ჰქონდა.
თავდაპირველად ზოოპარკი მდინარე ვერეს ხეობაში, 70 ჰექტარზე იყო გაშენებული. წლების განმავლობაში დედაქალაქის განვითარებამ, მოგვიანებით კი 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ, ძველი ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად შეამცირა. დღესდღეობით მას 5 ჰექტარი უკავია. ზოოპარკს 1500-მდე ბინადარი ჰყავს. ყველა ცხოველს საკუთარი ისტორია აქვს.
ბლოგების ამ სერიით თბილისის ზოოპარკის ბინადრებს გაგაცნობთ. მოგიყვებით როგორია მათი ერთი, რუტინული დღე, როგორ ურთიერთობენ სხვა ცხოველებთან და ადამიანებთან, როგორი იცვლება მათი ქცევები ამინდის და სეზონების მიხედვით. აქ ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ.