ბარამიძის განცხადება აფხაზეთის ომზე და გამოძიება „სამშობლოს ღალატისთვის“
ბარამიძის განცხადება აფხაზეთის ომზე

საქართველოს პროკურატურამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომზე გაკეთებული განცხადების გამო გამოძიება სამშობლოს ღალატისა და სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება მის მონათხრობს ომის პირველ ეტაპზე ტყვეების მიმართ მოპყრობის შესახებ. განცხადებამ, რომელიც ბარამიძემ ერთ-ერთ პოდკასტში ინტერვიუს დროს გააკეთა, პოლიტიკური დაპირისპირება გამოიწვია. მას უკვე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებაც.
რა თქვა გიორგი ბარამიძემ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ აფხაზეთის ომზე იაგო ხვიჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ ისაუბრა.
ტყვეთა გაცვლის პროცესის გახსენებისას მან თქვა:
„ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.
ამ განცხადებას ხელისუფლების წარმომადგენლების მწვავე რეაქცია მოჰყვა. მოგვიანებით ბარამიძემ რამდენჯერმე განმარტა, რას გულისხმობდა.
მისი თქმით, საუბარი ეხებოდა ომის პირველ პერიოდს. იმ დროს ქართულ მხარეს რეგულარული და ორგანიზებული არმია ჯერ არ ჰყავდა. ბარამიძის შემდგომი განმარტებით, ბრძოლებში ახლობლების დაკარგვის გამო გამწარებული ადამიანები მოწინააღმდეგის მებრძოლებს ზოგჯერ ტყვედ არ იყვანდნენ.
„პირველ პერიოდში ეს მდგომარეობა იყო, გამწარებული ადამიანები, რომლებსაც დედა, მამა და ახლობლები მოუკლეს, ბრძოლისას ტყვეებს არ იყვანდნენ და კლავდნენ, რადგან გამწარებულები იყვნენ – ეს არის მწარე სიმართლე ომის პირველ პერიოდთან დაკავშირებით, რაც მე ვიცი, რადგან ტყვეების გაცვლით მე ვიყავი დაკავებული“, – განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, მოგვიანებით ვითარება შეიცვალა. ქართულმა მხარემ ტყვეების აყვანა დაიწყო, რამაც გაცვლის შესაძლებლობა შექმნა.
ბარამიძე ამბობს, რომ თავადაც იყო ჩართული ამ პროცესში. მისი მტკიცებით, შედეგად დაახლოებით 200 ქართველი ტყვის დაბრუნება მოხერხდა.
„მე და ჩემი მოადგილე ვერ გავცვლიდით 200 ქართველ ტყვეს, ჩვენ მხარეს რომ ტყვეები არ აეყვანა“, – თქვა მან.
ბარამიძე ასევე უარყოფს, რომ მისი ნათქვამი ქართულ ჯარს ან სახელმწიფოს მთლიანობაში ეხებოდა. მისი თქმით, საუბარი იყო კონკრეტულად ომის პირველ ეტაპზე არსებულ ვითარებაზე.
ამასთან, ის რუსეთის პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს. ბარამიძე ამბობს, რომ 1992-1993 და 2008 წლების ომებში აგრესორი და ოკუპანტი რუსეთის ფედერაცია იყო.
რატომ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება
გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის შემდეგ დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 307¹ და 318-ე მუხლებით მიმდინარეობს. პირველი სამშობლოს ღალატს ეხება, მეორე კი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას.
პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია:
„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში ,,საქართველოს დაბადება“ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით“.
გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძეც.
ბარამიძე გამოძიებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.
„ქოცპროკურატურამ ჩემზე „საქართველოს ღალატისთვისო“ საქმე აღძრა! – არც თქვენი დევნის მეშინია და მით უფრო თქვენი ბინძური პროპაგანდის!“ – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
რას ამბობს ხელისუფლება
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბარამიძის სიტყვებს მხოლოდ არასწორ განცხადებად არ განიხილავენ. მათი შეფასებით, ამგვარმა განცხადებებმა შესაძლოა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებსა და საერთაშორისო პოზიციებს ზიანი მიაყენოს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბარამიძის ნათქვამს მორალურად მიუღებელი უწოდა. სამართლებრივ შეფასებაზე კი თქვა, რომ გადაწყვეტილება შესაბამისმა უწყებებმა უნდა მიიღონ.
„სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ, მაგრამ რაც შეეხება მორალურ მხარეს, ეს არის უბრალოდ ამაზრზენი რაც თქვა ამ ადამიანმა“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბარამიძის განცხადებას უფრო ფართო პოლიტიკურ კონტექსტს უკავშირებს. მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები ჯერ 2008 წლის ომზე ავრცელებდნენ საქართველოსთვის საზიანო ნარატივს, ახლა კი იგივე აფხაზეთის ომზეც ხდება.
„ახლა უკვე ბარამიძის ხელით გადასწვდნენ 90-იან წლებს, აფხაზეთის ომს და იქ დაიწყეს ომის დანაშაულების დაბრალება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ბარამიძის სიტყვები 2008 წლის ოქტომბერში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ 1633-ე რეზოლუციასაც დაუკავშირა.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე კი აცხადებს, რომ ბარამიძის სიტყვებმა შესაძლოა საქართველოს პოზიციები დააზიანოს.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები შეიძლება ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენონ. ტაბატაძე ასევე მიიჩნევს, რომ ასეთი ფორმულირებები შეურაცხყოფს აფხაზეთის ომის ვეტერანებსა და დაღუპულ მებრძოლებს.
ოპოზიციაც აკრიტიკებს განცხადებას
ბარამიძის ფორმულირებას მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები არ აკრიტიკებენ.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ბარამიძის ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, მისი შეფასებით, არასწორი განცხადება სამშობლოს ღალატს არ ნიშნავს.
„ის, რაც ითქვა, არ შეესაბამება სიმართლეს… არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს ამბავი. ჩემი აზრით, ენამ გაუსწრო აზრს და არ არის ეს კარგი, თუმცა ღალატი და დანაშაული სხვა კატეგორიებია და ასე არ ხდება“, – განაცხადა გვარამიამ.
მისი თქმით, ბარამიძის პატრიოტიზმში ეჭვი არ ეპარება. პროკურატურის მოქმედებას კი პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა შალვა კერესელიძემ ბარამიძის განცხადება არასახელმწიფოებრივად და პოლიტიკურად არასწორად შეაფასა.
„ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, ამიტომ მე ამას დადებითად ვერანაირად ვერ შევაფასებ. ეს არის არასახელმწიფოებრივი და არასწორი განცხადება. პოლიტიკურადაც არასწორია, ადამიანურადაც“, – განაცხადა კერესელიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი გამოძიებას მთლიანად პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
პარტიის განცხადებით, საქმე ხელისუფლების პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. ენმ ასევე მიუთითებს ბარამიძის მონაწილეობაზე აფხაზეთისა და უკრაინის ომებში.
„როდესაც კრემლი, გიორგი ბარამიძეს საკუთარ მტრად აცხადებს და სჯის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმავე ადამიანს სამშობლოს ღალატს ედავება“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ზაქარეიშვილი: ბარამიძის მონათხრობი რეალობას არ შეესაბამება
ბარამიძის მონათხრობის ფაქტობრივი მხარე ეჭვქვეშ დააყენა კონფლიქტოლოგმა და ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილი თავად მუშაობდა აფხაზეთის ომის დროს ტყვეთა გაცვლის საკითხებზე. მისი თქმით, ბარამიძის მონათხრობი მისთვის იმდენად შეუსაბამო იყო იმდროინდელ რეალობასთან, რომ თავდაპირველად ეგონა, სხვა ომზე საუბრობდა.
ის ასევე უარყოფს ბარამიძის მტკიცებას ტყვეთა გაცვლის კომისიაში მისი მონაწილეობის შესახებ.
„გია ბარამიძე ასახელებს კომისიას, მაგრამ გულახდილად გეტყვით, ის კომისიის საქმიანობაში არ მონაწილეობდა“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისი თქმით, არსებობს დოკუმენტები, რომლებშიც კომისიის საქმიანობაა ასახული და ბარამიძე იქ არ ფიგურირებს.
თუმცა ზაქარეიშვილი გამოძიების სამართლებრივ საფუძველსაც ეჭვქვეშ აყენებს. მისი შეფასებით, მცდარი ან გაზვიადებული მონათხრობი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველი არ უნდა გახდეს.
„მე მაინც მგონია, რომ ბარამიძეს არ ეკუთვნის სასჯელი. მე მაქსიმალურად ვეცდები, რომ დავამტკიცო, ის არ იყო კომისიის წევრი. მისი ეს საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ ჭორაობა და მეტი არაფერი“, – თქვა ზაქარეიშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ მზად არის პროკურატურას მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდოს.
რატომ გასცდა საქმე შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას
ბარამიძის განცხადებას უკვე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო.
დე-ფაქტო უწყებამ ბარამიძის სიტყვები საკუთარი ისტორიული ნარატივის დასადასტურებლად გამოიყენა. განცხადებაში 1992-1993 წლების ომი აღწერილია როგორც საქართველოს მიერ აფხაზეთის წინააღმდეგ განხორციელებული შეიარაღებული აგრესია.
სოხუმი ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებასაც აკრიტიკებს.
„აშკარაა, რომ ეს სისხლის სამართლებრივი დევნა გაფრთხილება უნდა გახდეს ყველასთვის, ვინც მზად არის ღიად ისაუბროს საქართველოს შეიარაღებულ აგრესიაზე და მისი მსვლელობის დროს ჩადენილ დანაშაულებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.