თბილისის საკრებულოსთან დაკავებული აქტივისტების საქმე: სასამართლომ 5 პირი დააჯარიმა, ოთხს პატიმრობა შეუფარდა
დაკავებული აქტივისტების საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს თბილისის საკრებულოსთან დაკავებული 10 აქტივისტის საქმეების განხილვა გვიან ღამით დაასრულა. მოსამართლეებმა თორნიკე კაპანაძემ და ზვიად ცეკვავამ 4 დემონსტრანტი ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს, ხოლო 5 დააჯარიმეს. ერთი აქტივისტის პროცესი 31 ივლისამდე გადაიდო.
რა მოხდა
დაკავებების მიზეზი გახდა საკრებულოსთან გამართული მცირე საპროტესტო აქცია, სადაც აქტივისტი თორნიკე თოშხუა ბანერით იდგა, რომელზეც ეწერა: “ბიძინა ყ*ეა? კი – არა“. პოლიციამ თოშხუა ადგილზე დააკავა.

მის დაკავებას მოქალაქეებისა და აქტივისტების შეკრება მოჰყვა. ისინი საკრებულოსთან იმავე შინაარსის ბანერებით მივიდნენ და თოშხუას მიმართ სოლიდარობა გამოხატეს. რამდენიმე წუთში პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავებაც დაიწყო. საბოლოოდ, თოშხუასთან ერთად დამატებით 9 ადამიანი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
აქტივისტების ნაწილი დააჯარიმეს, ნაწილი დააპატიმრეს
აქტივისტები სასამართლოში 48-საათიანი დაკავების ვადის ამოწურვამდე, 28 ივლისის შუადღიდან გადაიყვანეს. მათი საქმეები ორმა მოსამართლემ, ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ განიხილა.
თორნიკე კაპანაძემ სამი დაკავებულის საქმე განიხილა. პირველი გადაწყვეტილება ვასო ბერიძის საქმეზე გამოცხადდა – მოსამართლემ მას 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და არ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, თინათინ კაჭკაჭიშვილის მოთხოვნა პატიმრობის შეფარდების შესახებ.
კაპანაძემ ნაწილობრივ გაიზიარა სამინისტროს პოზიცია ია მელითაურის საქმეში. უწყება მისთვის მაქსიმალური ვადით პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აქტივისტს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
მელითაურს პოლიცია საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. მოსამართლემ მას პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლის დარღვევა არ დაუდგინა და სამართალდამრღვევად წვრილმან ხულიგნობაში ცნო.
მელითაური წარსულში უკვე ორჯერ იყო ადმინისტრაციულად დასჯილი პოლიციელის დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფის მუხლებით. ამავე მუხლით მესამე დარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
სხდომაზე დამსწრეთა ინფორმაციით, მელითაურმა დაკავების შემდეგ პოლიციაში არასათანადო მოპყრობაზე ისაუბრა და მოსამართლეს დაკავებისას მიღებული დაზიანებები აჩვენა.
მესამე დაკავებულის, თორნიკე თიკარაძის საქმის განხილვა მოსამართლემ 31 ივლისისთვის გადადო. თიკარაძე სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა.
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ საქმეები ჯგუფურად განიხილა. პროცესები რამდენიმე საათს გაგრძელდა. სასამართლომ მოისმინა მოწმეების ჩვენებები და განიხილა ვიდეომტკიცებულებები.
საბოლოოდ, მოსამართლე ცეკვავას გადაწყვეტილებით:
- თორნიკე თოშხუას 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა;
- მარიამ მეყანწიშვილს — 6000-ლარიანი ჯარიმა;
- ნატო ბოლქვაძეს — 5-დღიანი პატიმრობა;
- შაკო ბაღდოშვილს — 10-დღიანი პატიმრობა;
- ლაშა დგებუაძეს — 10-დღიანი პატიმრობა;
- მარინე ნანავას — 5000-ლარიანი ჯარიმა;
- სანდრო სეხნიაშვილს — 5000-ლარიანი ჯარიმა.
დაპირისპირება სასამართლოს შენობასთან
სასამართლოს შენობასთან დღის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია მოქალაქეებსა და მანდატურებს შორის დაპირისპირების შესახებ.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ გაჰყავთ მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს მოქალაქეები სასამართლოს შენობიდან ძალის გამოყენებით.
ბოლო საქმის განხილვისას, თავად დაზარალებულთა განცხადებით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა აქტივისტ რუსკა მჭედლიძესა და ადვოკატ მარიკა არევაძეზე იძალადეს.

“ზონდერმა მანდატურმა დავით მატიაშვილმა და სხვა ზონდერმა მანდატურებმა უსამართლო სასამართლოს ეზოში ჩემზე ფიზიკურად იძალადეს. კი, შევაფურთხე, კი მეორეჯერაც შევაფურთხე ძალადობის შემდეგ, ჭიშკრის გარედან. ეს სისხლჩაქცევები გამივლის, ამის არაკაცობა კი ყველას სამუდამოდ ემახსოვრება. ამის და იმ დანარჩენი ზონდერების, ვინც უკანონო დავალებებს ასრულებს. 20-მდე პოლიციელი იყო და უყურებდა როგორ ძალადობდნენ ჩემზე ეს აგრესიული კაცუნები, რეაგირება არავის მოუხდენია”. – წერს მჭედლიძე.
სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს აქტივისტი ლადო ჯახუაც, რომელშიც ჩანს, რომ რამდენიმე მანდატურს რუსკა მჭედლიძე სასამართლოს ეზოდან გაჰყავს.