მოსაზრება: დიქტატორს უნდა, რომ ყველას მოსწონდეს, ვისაც არ მოსწონს უნდა იყოს განეიტრალებული
გაზიარება
გაზიარება
ზვიად ქორიძის მოსაზრება
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მკვლევრის, ზვიად ქორიძის განცხადებით, საქართველოში არსებული მმართველობის მოდელი სამოქალაქო დაპირისპირების შექმნასა და საზოგადოების დაყოფას ეფუძნება. მისი შეფასებით, ავტორიტარულ რეჟიმებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად საზოგადოების პოლარიზება და განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფების მტრის სახით წარმოჩენა სჭირდებათ.
ქორიძის თქმით, საზოგადოება წინააღმდეგობის გაწევის უნარს ინარჩუნებს და საბოლოოდ სწორედ საზოგადოების აქტიურობა იქნება ის ძალა, რომელიც ამ პროცესებს დაუპირისპირდება.
ზვიად ქორიძე: “მმართველობის რეჟიმი, რომელიც საქართველოშია დამყარებული და ეს არის ბიძინა ივანიშვილის დიქტატურა, მისი, როგორც სხვა ტიპის დიქტატორისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა სამოქალაქო დაპირისპირება. სხვანაირად ისინი ძალაუფლებას ვერ იმყარებენ. სხვანაირად მოქალაქეებს ვერ აჯერებენ, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნა და ავტორიტარული მმართველობა არის სასარგებლო, მათ ამისთვის სამოქალაქო დაპირისპირება სჭირდებათ.
ყველა დიქტატურა ამ ფორმით სტრუქტურირდება და ასე ვითარდება. მათ ზუსტადაც სჭირდებათ განსაზღვრონ საზოგადოების ჯგუფები და სეგმენტები, რომლებიც არ ფიქრობენ და არ აზროვნებენ წესით, რომელიც ავტორიტარს უნდა. შემდეგ აუცილებლად უნდა გამოჩნდეს სხვა საზოგადოებრივი დაჯგუფება, რომელიც მათ ანგარიშს გაუსწორებს, ანუ სამოქალაქო დაპირისპირების ენა.
როდესაც შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ჩვენ ევროკავშირში არ უნდა შევიდეთ, რადგან უნდა გვქონდეს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება, რა თქმა უნდა, ეს მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ არის, ბიძინა ივანიშვილისაა, პაპუაშვილი ვალდებულია გაახმოვანოს და მხარი დაუჭიროს, სწორედ ასეთი ბანდიტური დაჯგუფებების შექმნას. პაპუაშვილი ვალდებულია მიესალმოს ასეთი დაჯგუფებების შექმნას. მას მიაჩნია, რომ ეს არის სუვერენული მმართველობის ფორმა, სწორედ ამიტომ არ უნდა ევროკავშირი.
როგორ შეიძლება მწერალი ყველას მოსწონდეს? რომელიმე ერთი მწერალი ყველას მოსწონდეს? როგორ შეიძლება ეს დათქმა გააკეთო. ან როგორ შეიძლება თქვა, რომ საჯარო პირი ყველას უნდა მოსწონდეს. ამის სურვილი მხოლოდ დიქტატორს აქვს. მას უნდა ყველას მოსწონდეს. ვისაც ის არ მოსწონს განეიტრალებული უნდა იყოს, განდევნილი, დაჩაგრული და ნაცემი, ამიტომ ქმნის ასეთ დაჯგუფებას.
ასეთი შეზღუდვები უკავშირდება „ქიმერული შიშის“ დანერგვას, რომ ადამიანები ფიქრს გადაეჩვიონ, პროტესტის გამოთქმას და ამის გასაჯაროებას. დღეს არის ის მდგომარეობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მოსწონს და ყველაზე მეტად უნდა. ამისთვის ის ყველა მექანიზმს გამოიყენებს. ერთადერთი ძალა, ვისაც შეუძლია ეს მექანიზმები დაანგრიოს, არის საზოგადოება. საზოგადოება, რომელსაც მტკიცე პოზიცია ექნება. მე არ მაქვს განცდა, რომ საზოგადოება ჩუმად არის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება წინააღმდეგობას გაუწევს.“