სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და "ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა
პრესის თავისუფლება საქართველოში
თბილისის საქალაქო სასამართლომ კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ ტელეკომპანია “ფორმულას“ წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა და მაუწყებელს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 ათასი ლარის გადახდა დაავალა.
საქმე ეხება “შაბათის ფორმულას“ მიერ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელშიც საუბარი იყო კორუფციისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შესაძლო უკანონო შემოყვანის სავარაუდო სქემაზე. ხაინდრავამ მასალა ცრუ დასმენად და ცილისწამებად შეაფასა და სასამართლოს მიმართა.
მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა სრულად დააკმაყოფილა ხაინდრავას მოთხოვნები. გადაწყვეტილების მიხედვით, “შაბათის ფორმულას“ დაევალა გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და მოსარჩელისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება.
დავა იანვარში გასული სიუჟეტის შემდეგ დაიწყო. “ფორმულას“ ინფორმაციით, წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ხაინდრავა შესაძლოა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ საქართველოში შემოსვლაში ეხმარებოდა და შესაბამის უწყებებს გარკვეულ სიებს გადასცემდა, რაც მათ ქვეყანაში შესვლას ამარტივებდა.
ამავე მასალაზე ცალკე მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება ცრუ დასმენის შესაძლო ფაქტზე. გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ “შაბათის ფორმულას“ წამყვანი დავით ქაშიაშვილი, სიუჟეტის ავტორი ნატუკა ლომაძე და ოპერატორი მიშო მარკაშვილი.
ტელეკომპანია “ფორმულას“ იურისტმა ეთო ქათამაძემ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელი უწოდა და განაცხადა, რომ მაუწყებელი ქვეყნის შიდა სამართლებრივ გზებს ამოწურავს, რის შემდეგაც შესაძლოა საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაიტანოს.
“მოხდა ის, რასაც ველოდებოდით – სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა გოგა ხაინდრავას სარჩელი და დაგვაკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება. მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი და კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკა არ უნდა ისჯებოდეს“, – განაცხადა ქათამაძემ.
მისივე თქმით, გამოძიების გაგრძელება სწორედ იმ კითხვებზე პასუხის გაცემას უნდა ემსახურებოდეს, რომლებიც ჟურნალისტურ მასალაში იყო დასმული, თუმცა არსებული გადაწყვეტილება შესაძლოა საგამოძიებო ჟურნალისტიკის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერების საფუძველი გახდეს.
საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ ცრუ დასმენის შესაძლო ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით 2026 წლის 16 ივნისს დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა გოგა ხაინდრავას ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია “ფორმულას“ მიერ მის მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ.
პროკურატურის ინფორმაციით, ხაინდრავა უკვე გამოიკითხა მოწმის სტატუსით და ჩატარდება დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები.
“ფორმულას“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია იმ პირობებში, როდესაც თავად სადავო ფაქტებთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს საბოლოო დასკვნა ჯერ არ წარმოუდგენიათ.
“არ ვიცით რეალურად იყო თუ არა ის ფაქტები, რაც გავრცელდა, სწორი. ამაზე კომპეტენტურმა საგამოძიებო უწყებებმა უნდა გასცენ პასუხი და ჟურნალისტს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მისი მთავარი მოვალეობაა – გააშუქოს ინფორმაცია“, – განაცხადა ეთო ქათამაძემ.
2026 წლის მონაცემებით, საქართველოს პოზიცია პრესის თავისუფლების საერთაშორისო ინდექსში გაუარესდა – ქვეყანა 180 სახელმწიფოს შორის 114-ე ადგილიდან 135-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.