"საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია" — მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
მედიის თავისუფლების კოალიცია
მედიის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მედიის თავისუფლების კოალიციის თანათავმჯდომარეებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ფინეთმა, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელსაც კოალიციის წევრი რამდენიმე ევროპული სახელმწიფოც შეუერთდა, მათ შორის ავსტრია, ბელგია, დანია, ესტონეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი და შვედეთი.
განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და აღნიშნულია, რომ საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია.
“საქართველოში შემაშფოთებელ ტენდენციებს ვხედავთ. “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) მონაცემებით, პრესის თავისუფლების რეიტინგში საქართველოს ადგილი მკვეთრად გაუარესდა. საქართველო 2022 წელს 77-ე ადგილს, ხოლო 2026 წელს 135-ე ადგილს იკავებს, რაც სერიოზული უკუსვლაა. RSF საქართველოს მედია გარემოს „რთულად“ აფასებს და მიუთითებს ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევაზე, ჟურნალისტებზე ძალადობასა და კანონებზე, რომელიც ავიწროებს თავისუფალი გამოხატვის სივრცეს. დოკუმენტირებულია სულ მცირე 50 ჟურნალისტი, რომლებიც დემონსტრაციების დროს დაშავდნენ, სცემეს, დააკავეს ან ხელი შეეშალათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. ეს თავდასხმები მიუღებელია. ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლად გამოძიების, გაშუქებისა და ხელისუფლების მოქმედებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების შესაძლებლობა, შიშის გარეშე.
ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში მომხსენებელი ხაზს უსვამს ძალადობის სისტემურ ხასიათს 2024–2025 წლებში თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციების დროს, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მის ბოლო ანგარიშში, 2024–2025 წლებში გამართული პროტესტების დროს მომიტინგეებსა და ჟურნალისტების მიმართ უკანონო დაკავებებსა და გადამეტებული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე, ანგარიშვალდებულების ნაკლებობაზე საუბრობს. ასევე, ანგარიშში შევიდა ჩანაწერი კანონმდებლობაზე, რომელიც აზრის გამოხატვას, მშვიდობიან შეკრებასა და გაერთიანების უფლებებს ზღუდავს.
მზია ამაღლობელის საქმე მკაფიოდ ასახავს იმას, თუ რა დგას სასწორზე. მისი დაკავება, მოპყრობა და დაპატიმრება 2025 წლის პროტესტების შემდეგ საერთაშორისო დონეზე დაგმობილ იქნა, როგორც უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული. ჩვენ კვლავ ვაყენებთ მისი განთავისუფლების საკითხს. მზია ამაღლობელის მსგავსი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზანი არის მთლიანად ამ პროფესიის მქონე ადამიანების დაშინების მცდელობა.
გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება საყოველთაო ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე-19 მუხლით არის დაცული და მოიცავს თავისუფლად ფიქრის, ლაპარაკის, მოსმენისა და წერის უფლებას. ეს თავისუფლებები ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების საფუძველს წარმოადგენს. მათ გარეშე მოქალაქეებს არ შეუძლიათ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება, საკუთარი ხელისუფლებისგან ანგარიშვალდებულების მოთხოვნა ან საკუთარი ქვეყნის მომავალზე ღია და უსაფრთხო დისკუსიის წარმართვა.
მედიის თავისუფლების მსოფლიო დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მიერ აღებულ ვალდებულებას, დავიცვათ ყველგან ჟურნალისტების უსაფრთხოება.
დიდი ბრიტანეთი და ფინეთი, როგორც მედიის თავისუფლების კოალიციის თანათავმჯდომარეები” – წერია მოსაზრებაში.