ზაფხულის დადგომასთან ერთად თბილისის ზოოპარკში სქელბეწვიანი ცხოველების მოვლის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. იმ სახეობებისთვის, რომელთა ბეწვიც მუდმივად იზრდება, სეზონური გაპარსვა აუცილებელია. ეს პროცედურა მათ სიცხის უფრო ადვილად გადატანაში ეხმარება და მათი კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია.
ამჯერად ზაფხულისთვის ალპაკა ჩიკო მოვამზადეთ. რამდენიმე თვის წინ სწორედ მის ფუმფულა, თივაში ამოგანგლულ იერზე გიყვებოდით. ახლა კი ჩიკოს სულ სხვა სახე აქვს — აღმოჩნდა, რომ მისი სქელი ბეწვის ქვეშ საკმაოდ ტანწერწეტა ბიჭი იმალებოდა.
ჩიკო თბილისის ზოოპარკის ერთადერთი ალპაკაა და ვირებთან ერთად ცხოვრობს. მისი თბილისური ცხოვრების შესახებ ჩვენი ბლოგის ერთ-ერთ ვიდეოში გიამბეთ.
ალპაკები სამხრეთ ამერიკის ანდების მაღალმთიანეთში ბინადრობენ.ისინი მშვიდი, ნაზი და ძალიან ცნობისმოყვარე ცხოველები არიან. მათი ფუმფულა ბეწვი არა მხოლოდ ლამაზია, არამედ ბუნებაში ერთ-ერთ ყველაზე თბილ და მსუბუქ ბოჭკოდაც მიიჩნევა. ალპაკებს ძალიან უყვართ თივაში გორაობა, ამიტომ ხშირად სწორედ თივის ღეროებით „მორთულებს“ შეხვდებით. მათი ბეწვი მუდმივად იზრდება, ამიტომ ყოველწლიურად პარსავენ, რაც მათ სიცხის უფრო ადვილად გადატანაში ეხმარება და ახალი, ჯანსაღი ბეწვის ზრდას უწყობს ხელს.
თბილისის ზოოპარკს არსებობის თითქმის ასწლიანი ისტორია აქვს. ის 1927 წლის 10 თებერვალს, კავკასიის ცხოველთა საკლიმატიზაციო საზოგადოების ბაზაზე დაარსდა. საზოგადოება XX საუკუნის დასაწყისიდან ინახავდა ველურ ცხოველებს, თუმცა ზოოპარკის სტატუსი არ ჰქონდა.
თავდაპირველად ზოოპარკი მდინარე ვერეს ხეობაში, 70 ჰექტარზე იყო გაშენებული. წლების განმავლობაში დედაქალაქის განვითარებამ, მოგვიანებით კი 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ, ძველი ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად შეამცირა. დღესდღეობით მას 5 ჰექტარი უკავია. ზოოპარკს 1500-მდე ბინადარი ჰყავს. ყველა ცხოველს საკუთარი ისტორია აქვს.
ბლოგების ამ სერიით თბილისის ზოოპარკის ბინადრებს გაგაცნობთ. მოგიყვებით როგორია მათი ერთი, რუტინული დღე, როგორ ურთიერთობენ სხვა ცხოველებთან და ადამიანებთან, როგორი იცვლება მათი ქცევები ამინდის და სეზონების მიხედვით. აქ ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ.