ჩიკო თბილისის ზოოპარკში მცხოვრები ერთადერთი ალპაკაა, თუმცა თავს მარტო სულაც არ გრძნობს, ვირებთან ერთად ცხოვრობს და დროს მათთან თამაშით ატარებს. ჩიკო მშვიდი ხასიათით გამოირჩევა, განსაკუთრებით უყვარს ადამიანები, თივაში კოტრიალი და გემრიელი საკვები.
ჩიკოს მშობლები, სამხრეთ ამერიკული ალპაკების წყვილი, ტომასი და კარმენი თბილისის ზოოპარკს წლების წინ საჩუქრად რიგის ზოოპარკმა გადასცა. წყვილი ადვილად შეეჩვია ახალ გარემოს და მშვიდად დასახლდნენ თბილისში. მალე მეზობლებიც მიიღეს. ტომასსა და კარმენს ვოლიერში ვირი ყარამანი შეუსახლეს.
ყარამანი ზოოპარკში შემთხვევით მოხვდა. რამდენიმე წლის წინ თბილისის ქუჩებში მოხეტიალე ვირი იპოვეს. მის პატრონს ვერ მიაგნეს, ამიტომ ცხოველი ზოოპარკში მიიყვანეს. დირექციამ მასზე უარი არ თქვა და ალპაკების ვოლიერში დაასახლა. ყარამანი ზოოპარკის ყველაზე ხანდაზმული ვირია.
მსგავსი შემთხვევა კიდევ განმეორდა: თბილისში კიდევ ერთი მოხეტიალე ვირი იპოვეს — ამჯერად ლამაზი, თეთრი შეფერილობის დედალი. ისიც ზოოპარკში მიიყვანეს და ასე გაუჩნდა ყარამანს მეწყვილე — მაშო.
ვირები ძალიან სოციალური და მეგობრული ცხოველები არიან, ადვილად ეწყობიან სხვებს, ალპაკებიც მშვიდი ხასიათით გამოირჩევიან, ამიტომ მათი თანაცხოვრება ჰარმონიული აღმოჩნდა.
დღეს ზოოპარკში ვირების უკვე დიდი და მხიარული ოჯახი ცხოვრობს. მათ შორისაა მართაც — ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, რომელიც წელს, თებერვალში დაიბადა. მართა ჯერ კიდევ მორცხვობს და ადამიანებისგან დისტანციას იჭერს — დრო სჭირდება, რომ ახალ გარემოსა და სტუმრებს შეეჩვიოს.
თბილისის ზოოპარკს არსებობის თითქმის ასწლიანი ისტორია აქვს. ის 1927 წლის 10 თებერვალს, კავკასიის ცხოველთა საკლიმატიზაციო საზოგადოების ბაზაზე დაარსდა. საზოგადოება XX საუკუნის დასაწყისიდან ინახავდა ველურ ცხოველებს, თუმცა ზოოპარკის სტატუსი არ ჰქონდა.
თავდაპირველად ზოოპარკი მდინარე ვერეს ხეობაში, 70 ჰექტარზე იყო გაშენებული. წლების განმავლობაში დედაქალაქის განვითარებამ, მოგვიანებით კი 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ, ძველი ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად შეამცირა. დღესდღეობით მას 5 ჰექტარი უკავია. ზოოპარკს 1500-მდე ბინადარი ჰყავს. ყველა ცხოველს საკუთარი ისტორია აქვს.
ბლოგების ამ სერიით თბილისის ზოოპარკის ბინადრებს გაგაცნობთ. მოგიყვებით როგორია მათი ერთი, რუტინული დღე, როგორ ურთიერთობენ სხვა ცხოველებთან და ადამიანებთან, როგორი იცვლება მათი ქცევები ამინდის და სეზონების მიხედვით. აქ ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ.