მოსაზრება: დღეს ჩვენ ფაქტობრივად ვართ კონფრონტაციულ რეჟიმში ჩვენს ერთ დროს სტრატეგიულ პარტნიორებთან
გაზიარება
გაზიარება
ნატო და საქართველო
ნატო-ში საქართველოს ყოფილი ელჩის (2013-2015წწ), ლევან დოლიძის განცხადებით, საქართველო, რომელიც წლების განმავლობაში ნატო-ს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნეოდა, დღეს ამ სტატუსის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგომის საფრთხის წინაშეა.
მისივე თქმით, დღეს საქართველო ფაქტობრივად კონფრონტაციულ რეჟიმშია ერთ დროს სტრატეგიულ პარტნიორებთან. დიპლომატის შეფასებით, ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაზე ორიენტირებული პოლიტიკა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.
7-8 ივლისს ანკარაში ნატოს ლიდერების სამიტი გაიმართა, რომელზეც ევროპის უსაფრთხოებაზე, თავდაცვის გაძლიერებასა და უკრაინის მხარდაჭერაზე იმსჯელეს. თუმცა ამ დისკუსიებში საქართველო, რომელიც ორი ათეული წელია ალიანსში გაწევრიანებას საკუთარ სტრატეგიულ მიზნად აცხადებს, ოფიციალურად წარმოდგენილი არ იყო.
საქართველოს ხელისუფლება ანკარის სამიტზე არმიწვევას პოლიტიკური იზოლაციის ნიშნად არ მიიჩნევს. მმართველი გუნდის განმარტებით, წელს ნატოს სამიტის პარალელურად პარტნიორ ქვეყნებთან ის ფორმატი აღარ ტარდება, რომელშიც საქართველო წინა წლებში მონაწილეობდა.
ლევან დოლიძე: “ის განცხადებები, რომელიც სამიტის ფარგლებში გახმოვანდა, ჩანაწერები, რომელიც აისახა ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში, სრულ თანხვედრაშია იმ უსაფრთხოების გამოწვევებთან, რომელიც გლობალური მასშტაბით შეიმჩნევა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი სირთულეები და ასპექტები გამოიკვეთა და ეს არის რუსეთ-უკრაინის ომი. აქედან გამომდინარე სამიტმა დიდი ყურადღება დაუთმო ნატო-ს ევროპული წევრი ქვეყნების შეიარაღებას, მათი ხარჯების ზრდის მნიშვნელობას. ცხადია, ასევე ყურადღების ცენტრში მოექცა ახლო აღმოსავლეთი.
დღეს ჩვენ ფაქტობრივად ვართ კონფრონტაციულ რეჟიმში ჩვენს ერთ დროს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ეს ცხადია გავლენას ახდენს ჩვენ ურთიერთობებზე, როგორც ნატოს-თან, ასევე ევროკავშირთან. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ იყო პირველი სამიტი, სადაც საქართველო არ მონაწილეობდა. ამაზე გარკვეულწილად გავლენა მოახდინა ნატო-ს დღის წესრიგმა. მთავარი საკითხი იყო უკრაინა, ირანის კონფლიქტი, შესაბამისად, სახელმწიფოები, რომლებიც ამ სამიტზე იყვნენ მიწვეულები, ამ პრინციპით იყვნენ.
იყო დრო, როდესაც საქართველო ყველაზე ღირებული პარტნიორი იყო ნატო-ში. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დღეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამაზე გავლენა მოახდინა ნატო-ს დღის წესრიგმა. დღეს ვითარება საკმაოდ რთულია და კონკრეტული პრობლემები, იქნება ეს ნატო-ს სამიტი თუ ევროკავშირის სხვადასხვა ფორმატები, არის გამოვლინება იმ დიდი პრობლემისა, რომლის წინაშე დღეს საქართველო აღმოჩნდა.
გაცილებით უფრო დამაზიანებელია საქართველოს არ მონაწილეობა ევროკავშირის ფარგლებში ჩატარებულ განხილვებში
საგარეო პოლიტიკა, რომელიც გათვლილია საერთაშორისო იზოლაციაზე, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. სხვადასხვა სახელისუფლებო არხებიდან გვესმის, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს ფიქრი მულტისექტორულ პოლიტიკაზე.
როდესაც ჩვენ მულტისექტორულ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, გაუგებარია რატომ უნდა დავაზიანოთ არსებული ვექტორი. მნიშვნელოვანია საქართველოს ჰქონდეს პარტნიორობა ჩინეთთან, გააძლიეროს კავშირები ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან. ამ პოზიციას ცხადია ვიზიარებ, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ უნდა გახდეს ეს წინაპირობა სტრატეგიული პარტნიორობის დაზიანების.”