მიხეილ ყაველაშვილი ირანში გაემგზავრება, სადაც აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა დაადასტურა.
პრესსამსახურის განცხადებით, ყაველაშვილი ცერემონიაზე რეგიონის სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად იქნება წარმოდგენილი.
„საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება“, – განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მანამდე გამოცემა Aktual.ge წერდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თეირანში ოფიციალური მიწვევით მიემგზავრება. გამოცემის ინფორმაციით, ცერემონიაზე დასასწრებად ასევე მიწვეულნი არიან თურქმენეთის, პაკისტანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციები.
ოფიციალური ინფორმაციით, სამგლოვიარო ცერემონია 4 ივლისს თეირანში დაიწყება, ხოლო 9 ივლისს ქალაქ მეშჰედში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვით დასრულდება.
აიათოლა ალი ხამენეი თებერვლის ბოლოს, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი საჰაერო ოპერაციის დროს დაიღუპა. ირანული და საერთაშორისო წყაროების ცნობით, 28 თებერვლის პირველივე იერიშებისას, ხამენეისთან ერთად, დაახლოებით 40 სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანიც მოკლეს.
ხამენეის გარდაცვალების შემდეგ ირანის ახალ უზენაეს ლიდერად მისი ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი აირჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ ის თავდასხმას გადაურჩა, საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობებით, ქვეყნის მართვაში გადამწყვეტ როლს ამჟამად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) სამხედრო ხელმძღვანელობა ასრულებს.