არასამთავრობოები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
არასამთავრობოები წამებაზე
წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აცხადებენ, რომ საქართველოში წამება და არასათანადო მოპყრობა სისტემურ პრობლემად იქცა და ხელისუფლება მას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად საქართველოს მიერ აღებული ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებებისა, სახელმწიფო წლების განმავლობაში ქმნის გარემოს, რომელიც, ორგანიზაციების შეფასებით, წამებასა და არასათანადო მოპყრობას ახალისებს. მათივე თქმით, ხელისუფლება არ უზრუნველყოფს დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას და უგულებელყოფს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე ადგილობრივი უფლებადამცველების რეკომენდაციებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, პრობლემა განსაკუთრებით მკვეთრად 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს გამოიკვეთა. მათი თქმით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე, ასევე 2025 წლის 2 თებერვალს, სამართალდამცველები მშვიდობიანი დემონსტრაციების მონაწილეების წინააღმდეგ წამებასა და არასათანადო მოპყრობას იყენებდნენ.
ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ამაზე მიუთითებს როგორც ადგილობრივი უფლებადამცველი ჯგუფების დოკუმენტაცია, ისე სახალხო დამცველისა და საერთაშორისო მექანიზმების, მათ შორის, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) და ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშები.
განცხადების ავტორები ასევე იხსენებენ 2024 წლის გაზაფხულის აქციებს და აღნიშნავენ, რომ სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტები მაშინაც ფიქსირდებოდა. მათი თქმით, 2019 წლის 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მსგავსი დარღვევები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამაც დაადგინა.
ორგანიზაციები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ 2024 წლის აქციების დროს სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე. მათი შეფასებით, წყლის ჭავლში ქიმიური გამღიზიანებლების დამატება, შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციის არარსებობის პირობებში, ექსპერიმენტული იარაღის გამოყენებას უტოლდება.
განცხადებაში მოყვანილია სახალხო დამცველის მონაცემებიც, რომლის მიხედვით, 2025 წლის 1 მარტიდან 2026 წლის 20 თებერვლამდე პერიოდში საპროტესტო აქციებზე დაკავებული და ომბუდსმენის წარმომადგენლების მიერ მონახულებული 131 პირიდან 35-მა პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე ისაუბრა, ხოლო 17-ს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მიუთითებენ შემთხვევებზე, როდესაც 2025 წელს დაკავებული პირები აცხადებდნენ, რომ პირადი ჩხრეკის საბაბით მათ სრულად აშიშვლებდნენ, რაც, მათი შეფასებით, ადამიანის ღირსების შემლახავი პრაქტიკაა და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.
განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ 2025-2026 წლებში სასამართლო პროცესებზე გამოვლინდა სულ მცირე 17 შემთხვევა, როდესაც საპროტესტო აქციების კონტექსტში სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირები არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდნენ.
მათი თქმით, პრობლემა მხოლოდ საპროტესტო აქციებს არ უკავშირდება. NGO-ებს მაგალითად მოჰყავთ 2026 წლის მაისში გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ჯგუფური ძალადობის შემთხვევა, ასევე 13 ივნისს ტელეკომპანია “ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული კადრები, რომლებშიც, მათი შეფასებით, პოლიციის განყოფილებაში\ დაკავებულ მოქალაქეებზე ძალადობაა ასახული.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს არაეფექტიანი გამოძიება, დანაშაულების არასათანადო კვალიფიკაცია და პასუხისმგებელი პირების დაუსჯელობა წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას ამკვიდრებს. ორგანიზაციები ასევე აღნიშნავენ, რომ პოლიციელებისთვის სამხრე კამერების გამოყენება კვლავ სავალდებულო არ არის, სამართალდამცველებს ხშირად არ აქვთ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, ხოლო 2025 წელს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებამ, მათი შეფასებით, პოლიციის ძალადობის დამოუკიდებლად გამოძიების მექანიზმი კიდევ უფრო შეასუსტა.
განცხადების ავტორები ასევე აკრიტიკებენ ხელისუფლების დამოკიდებულებას სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. მათი თქმით, “ქართული ოცნება“ შემზღუდველი კანონებით, უცხოური აგენტის სტატუსის მინიჭებით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მუქარითა და სხვა ზომებით ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას, რის შედეგადაც წამების სავარაუდო მსხვერპლები სამართლებრივი, ფსიქოლოგიური და სხვა სახის მხარდაჭერის გარეშე რჩებიან.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოში წამება და არასათანადო მოპყრობა სისტემურ და ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკად იქცა, რომელიც ავტორიტარული მმართველობის განმტკიცებას ემსახურება.
განცხადების ბოლოს ორგანიზაციები ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავენ. მათ შორის მოითხოვენ 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს ძალადობის ფაქტების დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას, სავარაუდო დამნაშავეებისა და მათი ხელმძღვანელების პასუხისგებაში მიცემას, პოლიციელებისთვის სამხრე კამერების სავალდებულო გამოყენებას, უნიფორმებზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნების შემოღებას, დაკავებულთა სრული გაშიშვლების პრაქტიკის აკრძალვას, წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების მკაფიო აკრძალვას, ასევე წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა რეაბილიტაციისა და კომპენსაციის უზრუნველყოფას.