დაკავებები, სავარაუდო ძალადობა და გამკაცრებული კანონები. რა თქვა ომბუდსმენმა პარლამენტში
ომბუდსმენის გამოსვლა პარლამენტში
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ასობით შემთხვევის მონიტორინგმა კვლავ გამოკვეთა პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის პრობლემა, მაშინ როცა ბოლო ერთ წელიწადში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა კიდევ უფრო გამკაცრდა.
პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ლევან იოსელიანმა თქვა, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლებმა აქციებზე დაკავებული 573 პირი მოინახულეს, რომელთაგან 302 სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა, 194-ს კი დაზიანებები აღენიშნებოდა.
დაკავებები და სავარაუდო არასათანადო მოპყრობა
იოსელიანის თქმით, მონახულებულ დაკავებულებს შორის 49 ქალი და 2 არასრულწლოვანი იყო. მისივე განცხადებით, 2025 წლის 1 მარტიდან 2026 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საპროტესტო აქციებზე დაკავებული 131 პირი მოინახულეს. მათგან 35-მა, ანუ 26.7%-მა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე ისაუბრა, ხოლო 17 დაკავებულს დაზიანებები აღენიშნებოდა.
სახალხო დამცველის შეფასებით, 2025 წელს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, 2024 წელთან შედარებით, აქტივისტთა დაკავებებისა და აქციის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევები შემცირდა, რაც, მისი თქმით, დიდწილად აქციების მასშტაბურობის შემცირებას უკავშირდება.
მიუხედავად ამისა, იოსელიანის თქმით, არაერთი დაკავებული კვლავ მიუთითებდა არასათანადო, მათ შორის დამამცირებელ მოპყრობაზე.
გამოძიება 2024 წლის აქციების საქმეებზე
პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას იოსელიანმა ასევე ისაუბრა 2024 წლის საპროტესტო აქციების კონტექსტში გამოვლენილი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებაზე. მისი თქმით, ანგარიშის მომზადების დროისთვის, ამ საქმეებზე არცერთი სამართალდამცავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყო დაწყებული.
თუმცა, ომბუდსმენმა დადებითად შეაფასა ის, რომ 2026 წლის 8 მაისს, პროკურატურის განცხადებით, 2024 წლის აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და გურამ როგავას მიმართ ძალადობის საქმეზე ბრალდება წარედგინა ოთხ სპეცრაზმელსა და დაცვის პოლიციის ერთ თანამშრომელს.
იოსელიანის თქმით, მნიშვნელოვანია, ეს ტენდენცია გაგრძელდეს და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება წარიმართოს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით, ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და დადგინდეს როგორც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, ისე ცალკეული მოქალაქეების პასუხისმგებლობა, თუ მათ მიერ დანაშაულის ჩადენის ნიშნები გამოიკვეთება.
შეკრების თავისუფლებაზე ახალი შეზღუდვები
სახალხო დამცველმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა ასევე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სფეროში კანონმდებლობის გამკაცრებაზე. მისი თქმით, 2025 წლის ანგარიშში თავმოყრილია ცვლილებები, რომლებმაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ახალი მზღუდავი რეგულაციები დაამკვიდრა, მათ შორის, შეკრების გამართვის ადგილისა და ფორმის შესახებ დამატებითი შეზღუდვები.
იოსელიანის განცხადებით, უფლების საკანონმდებლო დაცვის გარანტიების შესუსტებას თან ახლდა არაპროპორციული სახდელების დაწესება შეკრების თავისუფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის.
მისივე შეფასებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ შეკრების მონაწილეთა ცალკეული მშვიდობიანი ქმედებები უალტერნატივოდ დაექვემდებარა ადმინისტრაციულ პატიმრობას, ხოლო მათი განმეორებით ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც განისაზღვრა.
სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ შეკრების ჩატარების შესახებ წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება გავრცელდა იმ შემთხვევებზეც, როდესაც შეკრება “ხალხის სავალ ადგილას“ ტარდება ან “ხალხის მოძრაობას აფერხებს“. ამავე ცვლილებებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭა სავალდებულო მითითების გაცემის უფლებამოსილება, რაც, იოსელიანის შეფასებით, ნებართვითი სისტემის დანერგვის რისკს ქმნის. ომბუდსმენმა თქვა, რომ შეკრების თავისუფლების შემზღუდავი რიგი საკანონმდებლო ნორმები მან საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
იოსელიანის თქმით, საანგარიშო პერიოდში შეკრების თავისუფლების მზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენებოდა. ამის მაგალითად მან დაასახელა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც, 2024 წლის 1 ნოემბრიდან 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, 8200 სამართალდარღვევის შემთხვევა გამოვლინდა.
საჯარო მოხელეთა გათავისუფლება და პოლიტიკური პოზიციები
სახალხო დამცველის შეფასებით, 2025 წლის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად გამოიკვეთა საჯარო მოხელეთა თანამდებობებიდან გათავისუფლების ფაქტები, რაც, სავარაუდოდ, მათ მიერ საჯაროდ გამოხატულ პოლიტიკურ და სამოქალაქო პოზიციებს უკავშირდებოდა.
იოსელიანის თქმით, დაუშვებელი და უკანონოა საჯარო მოხელის გათავისუფლება მის მიერ ღიად გამოხატული მოსაზრების ან სამოქალაქო პოზიციის გამო, ისევე როგორც მისთვის რაიმე ფორმით მითითების მიცემა, რომ საკუთარი სურვილით დატოვოს დაკავებული თანამდებობა.
მან ხაზი გაუსვა, რომ გამოხატვის თავისუფლება სამუშაო ადგილზეც ვრცელდება, ხოლო ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს ამ უფლების კონსტიტუციურ გარანტიებს და არ უნდა ატარებდეს თვითნებურ ხასიათს.
სასამართლო სხდომების საჯაროობის შეზღუდვა
სახალხო დამცველმა ანგარიშის წარდგენისას სასამართლო სისტემაშიც გამოყო ცვლილებები, რომლებმაც, მისი თქმით, უარყოფითი გავლენა მოახდინა გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვან სარგებლობაზე.
საუბარია “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რომლითაც შეიზღუდა სასამართლო სხდომების საჯაროობის პრინციპი და, შესაბამისად, მართლმსაჯულების საქვეყნოობისა და გამჭვირვალობის მანამდე არსებული პრაქტიკა.
ცვლილებების თანახმად, სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში აკრძალულია ფოტო-კინო და ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას თავად სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს.
იოსელიანის თქმით, ამ მოდელში კომპენსირების მექანიზმად შეიძლება ჩაითვალოს სასამართლოსთვის დაკისრებული ვალდებულება, თავად უზრუნველყოს პროცესის სრული აუდიო-ვიდეო ჩაწერა და მოთხოვნისთანავე გახადოს ის ხელმისაწვდომი მხარეებისთვის.