"სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს" — ფონიჭალის მეჩეთი ირანის უზენაესი ლიდერის გზავნილს ავრცელებს
გაზიარება
გაზიარება
ფონიჭალის მეჩეთი ირანის უზენაესი ლიდერის გზავნილს ავრცელებს
თბილისის ფონიჭალის „აჰლი ბეითის“ მეჩეთის Facebook-გვერდზე გაზიარებულია ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის მიერ ჰაჯის მომლოცველებისადმი გავრცელებული გზავნილი, რომელშიც აშშ „დიდ სატანად“ არის მოხსენიებული და ნათქვამია, რომ ლოზუნგები „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“ მომავალში ფართოდ გავრცელებულ შეძახილებად იქცევა.
მაისის ბოლოს გამოქვეყნებულ მიმართვაში ხამენეი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ამერიკული სამხედრო ბაზებისთვის უსაფრთხო სივრცედ აღარ დარჩება. მისი თქმით, რეგიონის ხალხები და ტერიტორიები აღარ იქნებიან ამერიკული სამხედრო ყოფნის საყრდენები, ხოლო შეერთებულ შტატებს რეგიონში საკუთარი მიზნების განსახორციელებლად უსაფრთხო ადგილი აღარ ექნება.
ირანის ლიდერი ასევე ამტკიცებს, რომ ანტიამერიკული და ანტიისრაელური პოზიცია მხოლოდ ჰაჯის პერიოდში ჩატარებული სიმბოლური რიტუალებით არ უნდა შემოიფარგლოს. მისი განცხადებით, „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“ დროთა განმავლობაში ისლამურ სამყაროსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, საერთო ლოზუნგებად გადაიქცევა.
ხამენეი აღნიშნავს, რომ „მომავალი ისლამურ უმმასა და ახალ ისლამურ ცივილიზაციას ეკუთვნის“ და საკუთარ გზავნილში იხსენებს მამის, ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის 2015 წლის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ისრაელი „25 წლის შემდეგ“ აღარ იარსებებდა. მისი თქმით, ისრაელი არსებობის ბოლო ეტაპს უახლოვდება.
მიმართვაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ე.წ. „წინააღმდეგობის ფრონტს“, რომელიც, ხამენეის თქმით, მოიცავს ირანს, ლიბანს, პალესტინას, ერაყს, სირიას, იემენს, ავღანეთს, პაკისტანს, აფრიკის ნაწილს და „მსოფლიოს ყველა თავისუფალ ხალხს“. მისი შეფასებით, სწორედ ამ ქსელის წყალობით შეძლო ირანმა თავის დაცვა „სიონისტი აგრესორებისგან“.
ხამენეი ასევე დადებით კონტექსტში ახსენებს „ალ-აქსას წარღვნას“ – სახელწოდებას, რომელსაც ჰამასი 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის აღსანიშნავად იყენებს.
ფონიჭალის „აჰლი ბეითის“ მეჩეთი წარსულშიც არაერთხელ გამხდარა ყურადღების საგანი პროირანული და ანტიამერიკული შინაარსის განცხადებებისა და ქადაგებების გამო. მეჩეთი დაკავშირებულია აჰლ ალ-ბაითის მსოფლიო კრებასთან, რომელიც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციის ფორმით საქმიანობს.
ხამენეის გზავნილი გავრცელდა რამდენიმე თვის შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაცია განახორციელეს.
თებერვლის ბოლოს დაწყებული საჰაერო იერიშების კამპანიის შედეგად, გავრცელებული ცნობებით, დაიღუპა ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი, ათეულობით სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი. მას შემდეგ ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები რეგიონულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით უფრო მწვავე რიტორიკით გამოირჩევიან, განსაკუთრებით აშშ-ისა და ისრაელის მიმართ.