კვლევა: საქართველოს მოქალაქეების 71% ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს
ევროკავშირში გაწევრიანება
ევროკავშირისადმი მხარდაჭერა საქართველოში კვლავ მაღალია, თუმცა მოქალაქეების ნაწილი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ტემპით უკმაყოფილოა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი აზრის 2026 წლის ყოველწლიური კვლევა აჩვენებს, რომლის შედეგებიც ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 79% მიიჩნევს, რომ წევრობა ქვეყანას უფრო მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე ზიანს.
გამოკითხვა 2026 წლის იანვარ-თებერვალში, ქვეყნის მასშტაბით, 1 000-ზე მეტ რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების მეთოდით ჩატარდა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, საზოგადოებრივი აზრის კვლევას EU NEIGHBOURS EAST პროგრამა აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვს ქვეყანაში 2016 წლიდან ყოველწლიურად ატარებს.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ევროკავშირი ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო აქტორად რჩება. გამოკითხულთა 67% აცხადებს, რომ ევროკავშირს ენდობა. მიუხედავად ამისა, შემცირებულია იმ მოქალაქეთა წილი, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კარგ მდგომარეობაშია: 2025 წლის 63%-თან შედარებით ეს მაჩვენებელი წელს 60%-მდე დაეცა.
მიუხედავად ევროკავშირში გაწევრიანების ფართო მხარდაჭერისა, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი, 49% მიიჩნევს, რომ საქართველო წევრობის გზაზე სწორი მიმართულებით არ მიიწევს. ამასთან, 56% ფიქრობს, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შესახებ ბოლო პერიოდში მიღებული კანონები უარყოფითად აისახება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე.
კვლევის თანახმად, 87% თანხმდება, რომ საქართველომ ევროკავშირთან დაახლოებისა და წევრობის გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ ინფორმირებულობა კვლავ მაღალ დონეზე რჩება. მოქალაქეთა 70%-მა იცის საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების შესახებ, ხოლო 48% ამ მხარდაჭერას ეფექტიანად აფასებს.
გამოკითხულთა აზრით, ევროკავშირმა უფრო აქტიური როლი უნდა შეასრულოს განათლებისა და უწყვეტი განათლების სფეროში (38%), ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მიმართულებით (34%) და ჯანდაცვაში (33%).
ევროკავშირთან დაახლოების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება კვლავ ძლიერია. რესპონდენტების 76% ევროკავშირთან სიახლოვეს ახალი შესაძლებლობების შექმნას უკავშირებს, ხოლო 75% მიიჩნევს, რომ გაწევრიანება ქვეყნის უსაფრთხოებას გააძლიერებს.
თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ სკეპტიკური განწყობებიც არსებობს.
გამოკითხულთა 43% ფიქრობს, რომ ევროკავშირი საკუთარ ღირებულებებს თავს ახვევს სხვა ქვეყნებს, ხოლო 51%-ს სჯერა, რომ ბრიუსელს რეგიონში ფარული ინტერესები აქვს.
ამასთან, ევროკავშირის შესახებ ინფორმირებულობის დონე შემცირებულია. მხოლოდ 40% აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირთან დაკავშირებულ ინფორმაციას გაეცნო, რაც 2025 წელთან შედარებით 14 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ დეზინფორმაცია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება: გამოკითხულთა 86% მას ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს.