რუსეთში აფხაზი აფხაზი იურისტისა და კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის, ირაკლი ბჟინავას სასამართლო პროცესი დაიწყო. სამართლის დოქტორანტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებების გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.
ბჟინავა რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა 2026 წლის 5 თებერვალს დააკავეს. მას შემდეგ იგი წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება.
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდება ეფუძნება 2022 წლის 23 დეკემბერს გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც ბჟინავა აფხაზეთში მდებარე ცნობილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმებას აკრიტიკებდა.
იურისტის შეფასებით, შეთანხმება აფხაზეთის მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა. გამოძიების ვერსიით, სწორედ ეს განცხადებები გახდა მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის საფუძველი.
ბჟინავას ოფიციალურად წაუყენეს ბრალი “რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის საჯაროდ მოწოდების“ მუხლით. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახით სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბჟინავას დაკავების შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ, მედიაპროექტ “ხარასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქმეს “პირადად აკონტროლებდა“ და რუსეთის ხელისუფლებასთან მუდმივ კავშირში იმყოფებოდა.
მისი თქმით, ვითარებას დამატებით ართულებს ის გარემოება, რომ ბჟინავა ორმაგი, აფხაზური და რუსული მოქალაქეობის მფლობელია, ცხოვრობს და მუშაობს რუსეთში, რის გამოც საქმე რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების იურისდიქციაში ექცევა.
“ამ მხრივ, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ბატონი ბჟინავას კონსტიტუციური უფლებები დაირღვა გამოძიების შედეგებამდე. ჩვენი კოლეგებმა დაგვპირდნენ, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ სრულ სურათსა და ყველა საჭირო ინფორმაციას მოგვაწვდიან. გამოძიების დასრულების შემდეგ ჩვენი საზოგადოება აუცილებლად გაიგებს ამ მოქალაქის დაკავების მიზეზებს“, – განაცხადა გუნბამ.