ჯაშუშობის საქმეები საქართველოში: ვის აკავებს „ქართული ოცნება“ და რა დგას საიდუმლო ბრალდებების მიღმა
ჯაშუშობის საქმეები საქართველოში

ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი ადამიანი დააკავა. დაკავებულებს შორის პრორუსი აქტივისტები, ყოფილი სახელმწიფო მოხელეები და მედიის წარმომადგენლები არიან.
საქმეებს საიდუმლო გრიფი ადევს, სასამართლო პროცესები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
ოფიციალურად არ სახელდება, კონკრეტულად რომელი ქვეყნების სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ დაკავებული პირები. თუმცა, არაოფიციალური არხებით – პროსახელისუფლებო ტელევიზიების მეშვეობით, ინფორმაცია აქტიურად “ჟონავს”. საუბარია როგორც რუსეთზე, ისე ევროპულ სახელმწიფოებზე.
ანალიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე პროცესს სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და იგი მთლიანად ოპონენტების წინააღმდეგ შიდაპოლიტიკური ბრძოლისა და საგარეო გზავნილების ნაწილია.
ოთხი “ჯაშუში” ოთხ კვირაში
პირველი დაკავებული 27 წლის ახალგორელი, თამაზ გოლოევია. სუსმა (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) მისი დაკავების შესახებ განცხადება 2026 წლის 22 აპრილს გააკეთა. გაგლოევს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლი – ჯაშუშობა, რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სუსმა საჯაროდ არ დაასახელა ქვეყანა, რომლის სასარგებლოდ ჯაშუშობდა გოლოევი, თუმცა სახელისუფლებო ტელეკომპანიებმა “რუსთავი 2”-მა და “იმედმა” გადასცეს, რომ – რუსეთისთვის. სუსის ცნობით, გოლოევს ავალებდნენ საქართველოს სამხედრო და სამართალდამცავი სტრუქტურების, სტრატეგიული ობიექტების, ხიდებისა და საგზაო მაგისტრალების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ფულადი სარგებლის სანაცვლოდ. იმავე საქმეში კიდევ ორ ეჭვმიტანილზე ინტერპოლის მეშვეობით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს – ისინი საქართველოში არ იმყოფებიან.

5 მაისს ასევე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ფინანსური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, ყოფილი ჟურნალისტი და “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი უძილაური. 8 მაისს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სუსის ყოფილმა უფროსმა მამუკა მდინარაძემ დაადასტურა – უძილაურს “ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნისთვის” ჯაშუშობა ედება ბრალად. მას ქვეყნის სახელი არ დაუსახელებია, თუმცა სამთავრობო არხების
30 მაისს სუსმა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა:
გულბაათ რცხილაძე, პრორუსული “ევრაზიის ინსტიტუტის” დირექტორი უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. სუსმა კვლავ არ დაასახელა კონკრეტული ქვეყანა, თუმცა პროსახელისუფლებო არხებზე ითქვა, რომ საუბარია რუსეთსა და ირანზე. 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა რცხილაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

რცხილაძის საჯარო ისტორია და მისი სიმპათიები რუსეთის მიმართ კარგად ცნობილია: 2008 წელს მან დააფუძნა ინტერნეტ-გამოცემა, რომლის მთავარი ნარატივი ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება იყო. 2019 წელს რცხილაძე საქართველოში “უკვდავი პოლკის” აქციას ხელმძღვანელობდა. ახლახანს მან გამოაცხადა, რომ აპირებს შექმნას “რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო” – ინსტიტუცია, რომელიც საქართველოში ანტირუსული განცხადებების კატალოგს შეადგენდა და ამ ინფორმაციას “რუსეთის დაწესებულებებს” გაუზიარებდა.
იმავე დღეს, 30 მაისს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს კიდევ ერთი ადამიანიანი, ირაკლი ჩიხლაძე, რომელსაც რცხილაძისგან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური პრეფერენციები აქვს.

ჩიხლაძე ჟურნალისტია, რომელიც დასავლურ ორგანიზაციებთან და მედიებთან აქტიურად თანამშრომლობდა, როგორც ჟურნალისტი-ფრილანსერი. ირაკლი ჩიხლძე 2008 წლის აგვისტოს ომში რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალში მოკლული ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის ძმაა. 1 ივნისს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ჩიხლაძესსაც წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მდინარაძის განცხადებიდან გამომდინარე, ჩიხლაძეს ევროპული ქვეყნის, სავარაუდოდ, საფრანგეთის ჯაშუშობა ედება ბრალად.
ირაკლი ჩიხლაძის საქმეზე ბრალდების ვერსია უფრო კონკრეტულად ასეა ჩამოყალიბებული: ის, გამოძიების მტკიცებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით მართავდა რამდენიმე ადამიანისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას.
“იმედის” ჟურნალისტის კითხვაზე, ეხება თუ არა დაკავებული რცხილაძის და ჩიხლაძის საქმეები რუსეთს, პოლონეთს, ირანს და საფრანგეთს, მდინარაძემ მხოლოდ პოლონეთი ამოიღო სიიდან: „ვერ დაგიდასტურებთ, იმიტომ რომ პოლონეთი არაფერ შუაში არ არის.”
რას ამბობს გამოძიება და ხელისუფლება
ყველა მიმდინარე საქმეში მთავარი მუხლი ერთია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილი, ჯაშუშობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელი 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რადიო თავისუფლების ცნობით, 307-ე პრიმა მუხლის ჩანაწერით ჯაშუშობას სამშობლოს ღალატის კვალიფიკაცია ეძლევა.
პროკურატურა ამბობს, რომ რცხილაძისა და ჩიხლაძის საქმეებში არსებობს „პირდაპირი მტკიცებულებები“.
პროკურორის, ელიზბარ გოზალიშვილის თქმით, ორივე შემთხვევაში დასტურდება თანხის აღება, ინფორმაციის შეგროვება, გადაცემა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირი. მისი განმარტებით, შეგროვებული ინფორმაცია ეხებოდა როგორც ძალოვანი უწყებების საქმიანობას, ისე საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას.
სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაკავებები სპეცსამსახურების ხანგრძლივი ოპერატიული მუშაობის შედეგია. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ ბოლო დაკავებები წინასწარი გაფრთხილებების იგნორირებამ გამოიწვია.
სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა:
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც, მიუხედავად გაფრთხილებისა, წინა დაკავებების შემდგომაც არ შეწყვიტეს გარკვეული მოძრაობები ხსენებული მიმართულებით.”
რას ამბობენ ადვოკატები
ყველა საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს, შესაბამისაც, ადვოკატებს გაუთქმელობაზე ხელი მოაწერინეს.
გულბაათ რცხილაძის ადვოკატმა, ლაშა გოლუბიანმა, სასამართლო სხდომიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა:
„არანაირ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირი არ ჰქონდა და არავის დავალებით არ მოქმედებდა, ჯაშუში არ არის ეგ ადამიანი. ადამიანს რომ ჯაშუშობა დააბრალო ან დაუმტკიცო, უნდა იყოს ორი ფაქტი: სხვა უცხო ქვეყნის დავალებით მოქმედებდეს, აგროვებდეს, მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციას და ქვეყანა ზიანდებოდეს.”
გოლუბიანი აზუსტებს, რომ პროკურორმა სხდომაზე თავად განაცხადა, რომ „ბატონ გულბაათს საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება არ ჰქონდა.” მტკიცებულებებად, ადვოკატის თქმით, წარმოდგენილია „ბატონი გულბაათის საჯარო აქტივობები.” გოლუბიანი ვარაუდობს, რომ დაკავება სწორედ „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს” შექმნას უკავშირდება.
ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატი გიორგი გელხაური ამბობს, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც ჩიხლაძეს ჯაშუშობასთან დააკავშირებდა:
„ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის სტანდარტის მტკიცებულებებით შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანს დასდონ ბრალი, გამოვიდნენ ასე და თქვან, რომ ის არის ჯაშუში და შემდგომ ხელი მოვაწეროთ იმაზე, რომ ჩვენ გაუთქმელობა გვაქვს და ვერავინ ვერაფერს ვერ ვსაუბრობთ და თავს ვერ ვიცავთ რეალურად“, – ამბობს გელხაური.
“ბალანსის პოლიტიკა” და “ნიადაგის შემზადება”
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯაშუშობის საქმეები, არახალია და, როგორც წესი, რუსეთის საფრთხის გარშემო შენდებოდა. ეს გასაგებიც იყო: რუსეთს საქართველოში სამხედრო, სადაზვერვო და პოლიტიკური ინტერესები მუდმივად ჰქონდა. 2008 წლის ომის შემდეგ ეს საფრთხე კიდევ უფრო აშკარა გახდა.
თუმცა, ახალი განსხვავებული ამ შემთხვევაში ის არის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროპული ქვეყნების სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილებს აკავებს.
ეს ხდება იმ ფონზე, როცა ხელისუფლების რიტორიკა დასავლეთის მიმართ ბოლო წლებში მკვეთრად გამწვავდა. „გლობალური ომის პარტია“, „დიფ სთეითი“, „უცხოელი აგენტები“, „ქვეყნის ომში ჩათრევა“ – ეს ფრაზები ხელისუფლების ყოველდღიური ენის ნაწილია. ახლა ამ ლექსიკონს ემატება ყველაზე მძიმე სისხლისსამართლებრივი იარლიყი: ჯაშუშობა.
ამ კონტექსტში ბოლო საქმეები შეიძლება გამოყენებულ იქნას ახალი ნარატივისთვის: დასავლური პარტნიორობა არა როგორც უსაფრთხოების გარანტია, არამედ როგორც ფარული ჩარევის საფრთხე.
დამოუკიდებელი ანალიტიკოსები და ოპოზიციის წარმომადგენლები მიმდინარე დაკავებებში შიდაპოლიტიკურ და საგარეო სტრატეგიას ხედავენ. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პრორუსი აქტივისტების დაკავება ერთგვარი ფასადური სვლაა საგარეო ბალანსის საჩვენებლად, რათა ხელისუფლებას მხოლოდ დასავლეთის ჯაშუშების დევნასა და ცალმხრივობაში არ დასდონ ბრალი.
თადარიგის პოლკოვნიკი და ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე აღნიშნავს, რომ გარე მტრის ხატის მუდმივი ძიება პოლიტიკური ტექნოლოგიების ნაწილია:
“იმისათვის, რომ შენ მუდმივად სახელმწიფო დამორჩილებულ მდგომარეობაში გყავდეს, აუცილებლად უნდა მონახო გარე მტერი… როცა მტერი ძალიან მაგარი და ძლიერი გყავს, ყველაფერი რაც ქვეყანაში ცუდი ხდება შემიძლია მტერს ავკიდო. ეს არის საერთო სქემა ზემოქმედების, ტექნოლოგიების და დიდი თამაშების.”
დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი შალვა ლომიძე მიმდინარე პროცესებს სუფთა პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს. მისი განმარტებით, საქმეებზე საიდუმლოების გრიფის დადება და ინფორმაციული ვაკუუმის შექმნა მიზანმიმართული ტაქტიკაა:
“ეს ემსახურება გარკვეული ინფორმაციის გადაცემას. არის მინიშნება და მითითება სხვა პირებისათვის… არის გარკვეულწილად გაფრთხილება, რომ თუ ამის საჭიროება იქნება, ჩვენ შეგვიძლია მსგავსი ტიპის მოქმედებები განვახორციელოთ თქვენს მიმართაც.”
ლომიძის თქმით, ხელისუფლება ამით ქვეყნის შიგნით ოპონენტებს აშინებს და აფრთხილებს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია მათი დაკავება და საქმეზე საიდუმლო გრიფის დადება, ხოლო ქვეყნის გარეთ, როგორც მტერს, ისე სტრატეგიულ პარტნიორს უჩვენებს, რომ სიტუაციას სრულად აკონტროლებს.
ლომიძე ასევე მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს “ბალანსის თემასთანაც” – მოწინააღმდეგე და პარტნიორ ქვეყნებთან დაკავშირებული პირების პარალელურ დაკავებასთან.
რცხილაძის თანაგუნდელი ზაზა დავითაია დაკავებას “რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს” შექმნას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ პროცესი პოლიტიკური ბალანსის ხელოვნურ შექმნას ემსახურება:
“ერთი გულბაათ რცხილაძე აქეთ დაიჭირა, რომ მერე იქითკენ ათი აკაცუკი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი დაიჭიროს და თქვას, აგერ ბატონო, პრორუსიც ხომ დავიჭირეო.”
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში საერთოდ გამორიცხავს რეალური რუსი აგენტების დაკავებას. მისი შეფასებით, პროცესი მოსკოვის მიერ “მწვანე შუქის ანთებაა” იმ პირების დასასჯელად (რომლებიც ხშირად ორმაგ, რუსულ-ოსურ მოქალაქეობას ფლობენ), რომელთა მოქმედებითაც კრემლი უკმაყოფილო იყო:
“ხმამაღლა რომ იყვირონ რუსეთს ჯაშუშები დავუჭირეთო, ამის უფლებას არ მისცემენ, ამიტომ თავინთი ტელევიზიებით გააჟონეს ინფორმაცია… ასე, რომ გასაკვირი არაფერია.”
ისტორიკოსი და ანალიტიკოსი ბექა კობახიძე მიმდინარე მოვლენებს უფრო ფართო, შიდასახელისუფლებო მონოპოლიისა და რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში განიხილავს. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის რუსული პოლიტიკა მიზნად ისახავს საკუთარი ხელით გაატაროს ყველა ის რეფორმა, რაც თავსებადს გახდის საქართველოს რუსულ სივრცესთან, თუმცა მოსკოვის მხრიდან არსებობს ტერიტორიების ოფიციალური გადაფორმების (აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების) მოთხოვნა, რისი შესრულებაც საინფორმაციო ველის წინააღმდეგობის გამო მმართველ გუნდს არ შეუძლია.
კობახიძის ანალიზით, კრემლი წლებია ცდილობს ალტერნატიული, უფრო რადიკალური პრორუსული პოლუსის (რცხილაძეები, იგორ გიორგაძე, ალტ-ინფო) გაძლიერებას, რათა ამ ჯგუფებით მმართველი პარტია დააშანტაჟოს. შესაბამისად, რცხილაძისა და სხვა პრორუსი აქტივისტების დაკავება, ასევე ალტ-ინფოსთვის რეგისტრაციის გაუქმება, ემსახურება მმართველი გუნდის სურვილს, შეინარჩუნოს სრული მონოპოლია ამ ფლანგზე. კობახიძე აღნიშნავს, რომ დაკავებების რეალური მიზეზი რცხილაძის მიერ “რუსოფობიის მონიტორინგის” დაწყება გახდა, რაზეც ხელისუფლებამ უპასუხა საკუთარი შსს-ს სამმართველოს შექმნით, რადგან ამ სფეროშიც კონტროლის დაკარგვა არ სურდა.
პოლიტიკური დამკვირვებლები მიუთითებენ, რომ დასავლური ქვეყნების სავარაუდო აგენტების დაკავებით ხელისუფლება ცდილობს გაამყაროს საკუთარი ნარატივი “გლობალური ომის პარტიისა” და შიდა საქმეებში უცხოური ჩარევის შესახებ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს დასავლური ინტეგრაციის შესახებ. საქმეების სრული გასაიდუმლოება კი აძლიერებს ეჭვებს, რომ პროცესები ემსახურება რეჟიმის სტაბილურობის შენარჩუნებას და არა სახელმწიფო უსაფრთხოების განმტკიცებას. სასამართლო სხდომები ივლისის ბოლომდე გადაიდო, ხოლო ვაშინგტონის მხრიდან ურთიერთობების დარეგულირების პაკეტის შეთავაზების მიუხედავად, თბილისი პროცესის გაწელვასა და რეპრესიული მექანიზმების გაძლიერებას ამჯობინებს.
ჯაშუშები დამოუკიდებელ საქართველოში
უცხო ქვეყნის აგენტურის გამოვლენის კამპანიებს საქართველოში ხანგრძლივი და წინააღმდეგობრივი ისტორია აქვს. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებები ექსკლუზიურად რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ მოქმედ პირებს შეეხებოდა. ოფიციალური მონაცემებით, სააკაშვილის მმართველობის მხოლოდ 4 წლის განმავლობაში (2006-2010 წლებში) რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 58 პირი იქნა დაკავებული.
პირველი ხმამაღალი სკანდალი 2006 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს მოხდა, როდესაც საქართველომ რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან დაკავშირებული ოფიცრები დააკავა. ამან რუსეთთან მწვავე დიპლომატიური კრიზისი გამოიწვია. მოსკოვმა გაიწვია ელჩი, შეწყვიტა საჰაერო და საფოსტო კავშირი, დააწესა ეკონომიკური შეზღუდვები და რუსეთში ეთნიკური ქართველების მასობრივი დევნა და დეპორტაცია დაიწყო.
ამ პერიოდის ყველაზე გახმაურებული ოპერაცია იყო – „ენვერი“. 2010 წელს შსს-მ განაცხადა, რომ გამოავლინა რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან, გრუ-სთან დაკავშირებული ქსელი. დაკავებულებს შორის იყვნენ საქართველოს სამხედრო მფრინავები, ბიზნესმენები და რუსეთის მოქალაქეები. საქმე საიდუმლო გრიფით განიხილებოდა. 2011 წლის ივლისში ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ენვერის“ საქმეზე რამდენიმე ბრალდებულს მძიმე სასჯელები შეუფარდა.
2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ცნობილი ფოტორეპორტიორებიც, მათ შორის სამთავრობო ფოტოგრაფი. ეს საქმე სწრაფად გადაიქცა საერთაშორისო და შიდა კრიტიკის საგნად, დიდი რეზონანსი მოჰყვა. ფოტოგრაფები მალევე გაათავისუფლეს.
სააკაშვილის პერიოდის კიდევ ერთი რეზონანსული საქმე უკავშირდებოდა ორგანიზაცია “ჯავახკის” თავმჯდომარეს, ვაჰაგნ ჩახალიანს, რომელიც 2008 წელს დააკავეს და 2009 წელს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სააკაშვილი მას “რუსეთის სპეცსამსახურების პირდაპირ რეზიდენტს” უწოდებდა, რომელიც ხელს უშლიდა რუსული ბაზების გაყვანას ახალქალაქიდან.
2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ახალმა საპარლამენტო უმრავლესობამ რადიკალურად შეცვალა მიდგომა. 2012 წლის დეკემბერში პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც 215 პირი “პოლიტპატიმრად და პოლიტიკური ნიშნით დევნილად” ცნო. ამ სიის საფუძველზე, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, “ქართულმა ოცნებამ” სააკაშვილის დროს ჯაშუშობის მუხლით მსჯავრდებული პირების უმრავლესობა ციხეებიდან გაათავისუფლა. ამნისტიის აქტით თავისუფლება დაუბრუნდა “ენვერის” საქმეზე გასამართლებულ 11 პატიმარს, ვახტანგ მაისაიას და ვაჰაგნ ჩახალიანსაც. წინა რეჟიმის მიერ წარმოებული საქმეები ახალმა ხელისუფლებამ ფაბრიკაციად და პოლიტიკურ დევნად შეაფასა.
მოგვიანებით, რუსული სადაზვერვო საქმიანობის სპეციფიკა საქართველოში კვლავ გახდა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში. 2022 წელს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ფსბ) ყოფილმა აგენტებმა, მიხაილ სოკოლოვმა და ვსევოლდ ოსიპოვმა, CNN-თან ინტერვიუში აღიარეს, რომ ისინი საქართველოში სპეციალური მისიით მოავლინეს. მათი დავალება რეპრესიების გამო რუსეთიდან გამოქცეულ მზარდ დიასპორაში ნდობის მოპოვება და უკრაინის ომზე საზოგადოებრივი განწყობების შესწავლა იყო. გარდა ამისა, 2022 წელს ალბანეთში სამხედრო ქარხანაში შეჭრისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული რუსი ბლოგერი სვეტლანა ტიმოფეევა (ლანა სატორი) მანამდე წლების განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა, რაც ოპოზიციის შეფასებით, ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო გადაადგილებაზე მიუთითებდა.
ჯაშუშობის საქმეები საქართველოში