51-წლიანი პარტნიორობის დასასრული — ზაარბრიუკენი თბილისთან კავშირს წყვეტს, კახა კალაძე კი "დიფ სთეითზე" საუბრობს
ზაარბრიუკენი თბილისთან კავშირს წყვეტს
გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი თბილისთან 51-წლიანი საქალაქო პარტნიორობას წყვეტს, რის მიზეზადაც საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება სახელდება.
გადაწყვეტილებას თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა, სადაც გერმანელ ბიუროკრატებს “დიფ სთეითის“ ინტერესების მსახურებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისტორიული მეგობრობა “პოლიტიკური სპეკულაციების საგანი“ გახდა.
რას ამბობს ზაარბრუკენის მერი
გერმანული გამოცემა Saarbrücker Zeitung-ის ინფორმაციით, ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ ოფიციალური განცხადება ზაარბრიუკენის მერის, უვე კონრადტის ოფისმა გაავრცელა. ქალაქის მერის შეფასებით, გადაწყვეტილება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ფონზე მიიღეს.
განცხადებაში საუბარია უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების “აგენტებად“ რეგისტრაციის მოთხოვნაზე, ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვაზე, საპროტესტო აქციების ძალადობრივ დაშლასა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებებზე. ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მიიღება ახალი კანონები და რეგულაციები, რომლებიც ზღუდავს შეკრების, მედიისა და გამოხატვის თავისუფლებას.
რას პასუხობს კახა კალაძე
კახა კალაძემ ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებას “აბსურდული“ უწოდა და განაცხადა, რომ გერმანიის ბიუროკრატია არა გერმანელი ხალხის, არამედ “დიფ სთეითის“ ინტერესებს ემსახურება.
თბილისის მერის თქმით, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ “ცალმხრივი პოლიტიკური კონიუნქტურის“ გამო ზიანდება ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული კულტურული და პარტნიორული კავშირები. მისი განცხადებით, მაშინ როდესაც ევროპა ეკონომიკურ, დემოგრაფიულ და უსაფრთხოების კრიზისებს ეჯახება, გერმანელი ბიუროკრატები საქართველოში არსებული ვითარების შეფასებით არიან დაკავებული.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ გერმანიამ ყურადღება საკუთარ ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებზე უნდა გაამახვილოს და მაგალითად დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში საპროტესტო აქციის დაშლა მოიყვანა, სადაც, მისი თქმით, სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა და ძაღლები გამოიყენეს.
მისივე განცხადებით, გერმანულ საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვები იმის შესახებ, რამდენად პასუხობს არსებული ბიუროკრატიული მმართველობა თავად გერმანელი ხალხის ინტერესებს.
კალაძე ამბობს, რომ გერმანელ ხალხს აქვს “საკმარისი სიბრძნე“, რათა დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები და ხელისუფლებაში ისეთი პოლიტიკური ძალა მოიყვანოს, რომელიც “გერმანელი ხალხის ნებას დაემორჩილება“.
ისტორია
ზაარბრიუკენი და თბილისი დაძმობილებული ქალაქები 1975 წელს გახდნენ, იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო. ეს პარტნიორობა დასავლეთ გერმანიასა და საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ მუნიციპალურ თანამშრომლობად ითვლებოდა.
დაძმობილების იდეა კულტურული და საზოგადოებრივი კავშირების გაღრმავებას ეფუძნებოდა. 1970-იან წლებში დასავლეთ გერმანიაში აქტიურად ვითარდებოდა “ქალაქთა პარტნიორობის მოდელი”, რომლის მიზანიც ცივი ომის პირობებში ხალხებს შორის პირდაპირი ურთიერთობების შექმნა იყო. ზაარბრიუკენი, რომელიც საფრანგეთის საზღვართან მდებარეობს და ევროპული თანამშრომლობის სიმბოლოდ ითვლებოდა, ცდილობდა აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა სივრცის ქალაქებთანაც დაემყარებინა კონტაქტები.
თბილისთან პარტნიორობის ფარგლებში ათწლეულების განმავლობაში ტარდებოდა კულტურული გაცვლითი პროგრამები, სტუდენტური და ახალგაზრდული ვიზიტები, ხელოვნებისა და მუსიკის ფესტივალები, სპორტული ღონისძიებები და ოფიციალური დელეგაციების შეხვედრები. თანამშრომლობა სკოლებსა და უნივერსიტეტებს შორისაც ვითარდებოდა.
ურთიერთობები გერმანიის გაერთიანებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგაც გაგრძელდა. 1990-იან წლებში ზაარბრიუკენი თბილისს სხვადასხვა მუნიციპალურ და კულტურულ პროექტებში ეხმარებოდა. პარტნიორობა განსაკუთრებით აქტიური იყო კულტურისა და განათლების მიმართულებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის ცენტრალურ ნაწილში არსებობს “ზაარბრიუკენის მოედანი”.