ევროკავშირიდან გაძევებულთა რაოდენობით საქართველო 2025 წელს მეორე ადგილზეა
გაზიარება
გაზიარება
ევროკავშირიდან გაძევებული ქართველები
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებულთა და მესამე ქვეყნებში დაბრუნებულთა რაოდენობით საქართველო 2025 წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა. “ევროსტატის“ მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოში 10 475 ადამიანი დააბრუნეს.
სტატისტიკის მიხედვით, დაბრუნებულთა შორის ყველაზე დიდი ჯგუფი თურქეთის მოქალაქეები იყვნენ – 13 405 ადამიანი. საქართველოს შემდეგ სიაში სირიაა 8 370 მოქალაქით, ხოლო მეოთხე ადგილზე ალბანეთი – 8 020 პირი.
ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი გაძევების გადაწყვეტილება გერმანიამ მიიღო. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანამ 29 295 პირი გააძევა. მეორე ადგილზე საფრანგეთია – 14 940 შემთხვევით, ხოლო მესამე პოზიციას შვედეთი იკავებს, საიდანაც 11 250 ადამიანი გააძევეს.
2025 წლის განმავლობაში ევროკავშირში შესვლაზე უარი 132 600 მესამე ქვეყნის მოქალაქეს ეთქვა, რაც წინა წელთან შედარებით 7.1%-ით მეტია. ამ შემთხვევებიდან 4 785 საქართველოს მოქალაქეებზე მოდის.
მიუხედავად ამისა, ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები ადამიანების საერთო რაოდენობა შემცირდა. “ევროსტატის“ მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ერთ წელიწადში 21.7%-ით დაეცა: 918 525-დან 719 395 ადამიანამდე. მათ შორის 16 230 საქართველოს მოქალაქე იყო.
ამავე პერიოდში ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მესამე ქვეყნებში დაბრუნების შესახებ 135 460 გადაწყვეტილება აღასრულეს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე თითქმის 21%-ით მეტია.