აფხაზეთში ელექტროენერგიის ახალი მრიცხველების ბოიკოტმა სამთავრობო ბიუროკრატიის შემცირების მოთხოვნები გამოიწვია
გაზიარება
გაზიარება
მრიცხველების შეცვლა აფხაზეთშ
სოხუმში, ალიგეისკაიას ქუჩაზე მდებარე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლებმა ახალი ელექტროენერგიის მრიცხველების დამონტაჟებაზე უარი განაცხადეს. მათი თქმით, მოწყობილობები არაზუსტ მონაცემებს აჩვენებს და რეალურ მოხმარებაზე გაცილებით მეტ ელექტროენერგიას აფიქსირებს.
ადგილობრივების პროტესტი მალევე გასცდა ერთ უბანში არსებულ პრობლემას და ფართო სოციალური უკმაყოფილების ნაწილად იქცა. ოპოზიციურმა ჯგუფებმა ხელისუფლებას ბიუროკრატიული აპარატის შემცირებისა და დაზოგილი თანხების სოციალური პროგრამებისთვის გამოყენებისკენ მოუწოდეს.
მოსახლეობა ამბობს, რომ ბინებში უკვე აქვთ ინდივიდუალური მრიცხველები და გადასახადებს დროულად იხდიან. მათი განცხადებით, ახალი სისტემის პირობებში გადასახადები მკვეთრად გაიზარდა, რასაც ემატება ეჭვები თავად მოწყობილობების ხარისხთან დაკავშირებით. მოსახლეობა დამატებით შემოწმებას და ექსპერტიზას ითხოვს.
მსგავსი პრეტენზიები მხოლოდ სოხუმით არ შემოიფარგლება. |ჩერნომორენერგო“ ახალ მრიცხველებს მთელ აფხაზეთში ამონტაჟებს, ხოლო სოციალურ ქსელებში მომხმარებლები ხშირად წერენ, რომ ახალი მოწყობილობები მათ ზედმეტ კილოვატებს უმატებს.
დეპუტატი ერიკ რშტუნი ალიგეისკაიას ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. მან მიმდინარე წელს ხელისუფლებას უკვე მიმართა ინიციატივით, გაყინულიყო ელექტროენერგიის ტარიფები, რომელიც გასული წლიდან ორჯერ გაიზარდა. რშტუნი ასევე ეწინააღმდეგება სტრატეგიას, რომლის მიზანიც ტარიფების ეტაპობრივად, რუსეთის დონემდე გაზრდაა.
“ჩვენ გადავწყვიტეთ, ღია წერილით მივმართოთ |ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელობას, სოხუმის ადმინისტრაციას და პრეზიდენტს, რათა ყველა სადავო საკითხი დაზუსტდეს. ადამიანები, რომლებიც პენსიასა და სოციალურ დახმარებას იმაზე ნაკლებს იღებენ, ვიდრე ელექტროენერგიის გადასახადი ღირს, პრაქტიკულად გამოსავლის გარეშე რჩებიან,“ – განაცხადა დეპუტატმა.
ოპოზიციურმა ორგანიზაციებმა ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბასაც მიმართეს და განაცხადეს, რომ რიგით მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის უფსკრული სულ უფრო ღრმავდება.
მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მაშინ, როდესაც მოსახლეობა ყოველდღიურ საჭიროებებზე ეკონომიას აკეთებს, სახელმწიფო მოხელეები “დემონსტრაციულ ფუფუნებას“ აგრძელებენ, აფართოებენ უწყებებს და სახელმწიფო ხარჯებით სხვადასხვა ღონისძიებას ატარებენ.
“შეუძლებელია ფასადების შენება მაშინ, როდესაც ქვეყნის საფუძველი ინგრევა. სოციალური დაძაბულობა იზრდება, ხოლო ოფიციალური განცხადებები “კეთილდღეობის“ შესახებ მხოლოდ აღიზიანებს საზოგადოებას,“ — აცხადებენ ოპოზიციური ჯგუფები.
ოპოზიცია ე.წ. პრეზიდენტისგან მოითხოვს სახელმწიფო აპარატის მკვეთრ შემცირებას, ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცას და საჯარო მოხელეებისთვის დამატებითი პრივილეგიების გაუქმებას. მათი თქმით, გათავისუფლებული რესურსები სოციალური დახმარებისა და მოსახლეობის მხარდაჭერისკენ უნდა მიიმართოს.
მათივე განცხადებით, აუცილებელია ელექტროენერგიის ტარიფების შემცირებაც, რადგან “სახლში შუქი საბაზისო საჭიროებაა და არა ბიუჯეტის შევსების საშუალება ღარიბების ხარჯზე“.
ოპოზიციამ ასევე მოითხოვა ადგილობრივი ბიზნესის დაცვა ტურიზმის სექტორში დემპინგის წინააღმდეგ. მათი განცხადებით, პრიორიტეტი აფხაზ მეწარმეებს უნდა მიენიჭოთ და არა “რუსულ ტურისტულ გიგანტებს“.
“საკმარისია ცარიელი დაპირებები: დროა იმიტაციური რეფორმებიდან მოქალაქეების ინტერესების რეალურ დაცვაზე გადავიდეთ,“ – აცხადებენ ოპოზიციური ჯგუფები თავიანთ განცხადებაში.