აფხაზეთში ელექტროენერგიის ტარიფი 1 აპრილიდან 15%-ით გაიზარდა. გადაწყვეტილება რამდენიმე თვით ადრე უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ხელისუფლებამ მისი გადავადება ამჯობინა.
ახალი ტარიფების მიხედვით, ერთფაზიანი აბონენტებისთვის ელექტროენერგიის ღირებულება 1 კვტ.სთ-ზე 2 რუბლს (დაახლოებით $0.02) შეადგენს, ხოლო სამფაზიანი აბონენტებისთვის — 2.7 რუბლს (დაახლოებით $0.03). ცვლილება მხოლოდ ფიზიკურ პირებს ეხება; იურიდიული პირებისთვის ტარიფი უცვლელი დარჩა.
ტარიფების ზრდა ენერგეტიკული სექტორის შედარებითი სტაბილიზაციის ფონზე ხორციელდება. ენერგოკომპანია “ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელის, ტიმურ ჯინჯოლიას განცხადებით, ელექტროენერგიის მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა 2023 წლის პიკთან შედარებით, ანუ იმ პერიოდთან, როდესაც მოხმარების ზრდა დიდწილად უკანონო მოპოვებას უკავშირდებოდა. მისი თქმით, საერთო მოხმარება დაახლოებით ნახევარი მილიარდი კვტ/სთ-ით არის შემცირებული.
ამ ცვლილებამ გავლენა იქონია ელექტროენერგიის დეფიციტზეც. თუ სამი წლის წინ აფხაზეთში დეფიციტი 1.1–1.2 მილიარდ კვტ/სთ-ს აღწევდა, ამჟამად ის 600–700 მილიონ კვტ/სთ-მდეა შემცირებული. მიუხედავად ამისა, ენერგეტიკული ბალანსი კვლავ სეზონურ გამოწვევებზეა დამოკიდებული.
დეფიციტი ძირითადად შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ჩნდება, როდესაც ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე წყლის დონე მცირდება და გამომუშავებაც შესაბამისად კლებულობს. გასულ ზამთარში აფხაზეთმა ელექტროენერგიის გათიშვების თავიდან აცილება რუსეთიდან მიწოდებული ენერგიის ხარჯზე შეძლო – ნაწილი კომერციულად შეიძინა, ნაწილი კი ჰუმანიტარული დახმარების სახით მიიღო.
ჯინჯოლიას თქმით, ამ ეტაპზე ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე წყლის დონე აღდგენილია და სადგური სრული დატვირთვით მუშაობს. მისივე შეფასებით, ეს გარემოება საშუალებას აძლევს აფხაზეთს, აპრილიდან ელექტროენერგიის მხრივ სრულ თვითკმარობას მიაღწიოს.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა რედაქციიის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. რედაქცია იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო