"ყველაფერს საზღვარი აქვს“ — ფაშინიანმა განაცხადა, რომ სამველ კარაპეტიანს უჩივლებს
ნიკოლ ფაშინიანი სამველ კარაპეტიანს უჩივლებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პარტია “ძლიერი სომხეთის“ ლიდერს, სამველ კარაპეტიანს სასამართლოში უჩივლებს. მიზეზი გახდა კარაპეტიანის განცხადებები, რომლებიც ფაშინიანმა შეურაცხმყოფლად შეაფასა.
კარაპეტიანი, რომელიც ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება, საკუთარ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ამტკიცებდა, რომ პრემიერ-მინისტრი საჯარო გამოსვლების წინ ჩინეთიდან ჩამოტანილ “ჰალუცინოგენურ სოკოებს“ იყენებს.
ფაშინიანმა თავდაპირველად ჟურნალისტებს უთხრა, რომ კარაპეტიანის განცხადებების წასაკითხად და კომენტარის გასაკეთებლად დრო არ ჰქონდა. თუმცა ბრიფინგის დასრულებიდან მალევე სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ბიზნესმენს მკვეთრი სიტყვებით უპასუხა.
“მაჩვენეს კალუგის ოლიგარქის სულელური განცხადება ჰალუცინოგენური სოკოს ტონაზე. რა თქმა უნდა, მე ვუჩივლებ კალუგას ოლიგარქს. და ამ სიტყვის იურიდიული გაგებით, მე კალუგის ოლიგარქს ჰალუცინოგენური სოკოს ტონა ვაჭმევ“, — განაცხადა ფაშინიანმა.
შინაპატიმრობიდან გამართული პრესკონფერენცია
კარაპეტიანის ძმისშვილი, ნარეკ კარაპეტიანი, ივნისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პარტია “ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიას უხელმძღვანელებს. მიუხედავად ამისა, პარტია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავად სამველ კარაპეტიანს ასახელებს.
თუმცა სომხეთის კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მხოლოდ სომხეთის მოქალაქე უნდა იყოს. კარაპეტიანი კი რუსეთისა და კვიპროსის მოქალაქეობასაც ფლობს.
პრესკონფერენციაზე კარაპეტიანმა ფაშინიანის ადრინდელ განცხადებებს უპასუხა. პრემიერ-მინისტრი ბოლო თვეებში ამტკიცებდა, რომ ბიზნესმენი შესაძლოა წლის ბოლომდე “მილიარდერიდან უსახლკაროდ გადაიქცეს“.
კარაპეტიანმა თქვა, რომ ფაშინიანი “ოცნებებს აფრქვევს“ და ეს, მისი თქმით, ჩინეთში გასინჯული ჰალუცინოგენური სოკოების გავლენით ხდება.
“გასულ წელს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ჩინეთში იმყოფებოდა, იქ არის რესტორნები, რომლებიც ჰალუცინაციებს იწვევენ. მან გასინჯა ისინი და მოეწონა. ჩემი ინფორმაციით, მან სომხეთში დაახლოებით ტონა სოკო ჩამოიტანა“, — განაცხადა მან.
ბიზნესმენმა მხარდამჭერებს მოუწოდა, პრემიერის განცხადებები სერიოზულად არ მიეღოთ და დასძინა, რომ საბოლოო შეფასებას ამომრჩეველი 7 ივნისის არჩევნებზე გააკეთებს.
მშვიდობის პროცესი და “ტრამპის მარშრუტი“
კარაპეტიანმა აზერბაიჯანთან მიმდინარე სამშვიდობო პროცესზეც ისაუბრა და თქვა, რომ არსებული ფორმით შეთანხმება “სომეხ ხალხს არ დააკმაყოფილებს“.
მისი თქმით, სომხეთს ერთზე მეტი საერთაშორისო გარანტორი სჭირდება და ასეთ ძალებად აშშ, რუსეთი და ჩინეთი დაასახელა.
ბიზნესმენმა კომენტარი გააკეთა ე.წ. “ტრამპის მარშრუტზეც“ – პროექტზე, რომელიც სომხეთის გავლით აზერბაიჯანს ნახიჩევანთან უნდა დააკავშიროს.
კარაპეტიანმა თქვა, რომ სახელმწიფო დონეზე ხელმოწერილი დოკუმენტების შესრულებას არ შეაფერხებს, თუმცა მათი გადახედვა სომხეთის ინტერესების უკეთ დასაცავად სურს.
ბოლო წლებში ერევანი და ბაქო ვერ თანხმდებოდნენ გზის სტატუსზე. აზერბაიჯანი მას “ზანგეზურის დერეფანს“ უწოდებდა, რასაც სომხეთის ხელისუფლება ეწინააღმდეგებოდა, რადგან ეს, მათი შეფასებით, სუვერენიტეტის შეზღუდვის რისკს ქმნიდა. ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმების შემდეგ გადაწყდა, რომ გზა სომხეთის კონტროლის ქვეშ დარჩება, ხოლო პროექტში აშშ ბიზნესპარტნიორის სტატუსით ჩაერთვება.
“რუსეთის პროექტის“ ბრალდებები
კარაპეტიანმა უარყო ბრალდებები, თითქოს ის კრემლის დავალებით მოქმედებს ან სომხეთის რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას ცდილობს.
“როგორც კი ფაშინიანი ხელახლა აირჩევა, ჩვენ არა რუსეთის, არამედ აზერბაიჯანის პროვინცია გავხდებით“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ პრემიერ-მინისტრი “აზერბაიჯანის მიერ დანიშნული გუბერნატორის ფუნქციას ასრულებს“.
მანვე უარყო ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებები და თქვა, რომ მისი პარტია “კანონის ფარგლებში მოქმედებს“.
რაც შეეხება რუსეთისა და კვიპროსის მოქალაქეობაზე უარის თქმას, კარაპეტიანის თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია.
“როდესაც საჭირო დრო დადგება, მე მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ვიქნები“, – თქვა მან.
ფაშინიანი: “ჰიბრიდული, ყალბი კანდიდატი“
ფაშინიანმა მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კარაპეტიანი არც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია და არც პარლამენტის წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს.
“თითქოს ყალბი ამბები არ გვაკლდა, ახლა ყალბი კანდიდატები გვყავს?!“ — თქვა პრემიერ-მინისტრმა.
მისი შეფასებით, ოპოზიციის განცხადებები არჩევნებში გამარჯვების შესახებ რეალობას აცდენილია და მათი პოლიტიკური დღის წესრიგი სომხეთის ფარგლებს გარეთ ყალიბდება.
ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გამოიყენა ტერმინი “სამთავიანი ომის პარტია“, რომლითაც მან სამი ძირითადი ოპოზიციური ძალა – რობერტ კოჩარიანის, სამველ კარაპეტიანისა და გაგიკ ცარუკიანის პოლიტიკური ჯგუფები – მოიხსენია.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მათი პოზიცია აზერბაიჯანთან მშვიდობის პროცესის გადახედვას გულისხმობს, რაც, მისი შეფასებით, ქვეყანას ახალ ომამდე მიიყვანს.