რას ფიქრობენ სომხები აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესზე? გამოკითხვა ერევნის ქუჩებში/ VIDEO
გაზიარება
გაზიარება
რას ფიქრობენ ერევნელები აზერბაიჯანთან მშვიდობაზე
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე უკვე დიდი ხანია სიჩუმეა. ორი წელია, მხარეები ერთმანეთს აღარ ესვრიან. როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ამბობენ, ეს ერევანსა და ბაქოს შორის ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგია. ორი ქვეყანა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მტრობდნენ ერთმანეთს, საბოლოო მშვიდობასთან ახლოსაა.
2025 წლის აგვისტოში გაიმართა ვაშინგტონის სამიტი. აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას და განაცხადეს, რომ „კეთილმეზობლური ურთიერთობების გზაზე“ დადგნენ. საგარეო საქმეთა მინისტრებმა კი სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება მოახდინეს.
გარდა ამისა, ერევანი და ბაქო, ბოლოს და ბოლოს, რეგიონული კომუნიკაციების გახსნაზეც შეთანხმდნენ. ეს საკითხი პრაქტიკულად გადაუჭრელად ჩანდა, რადგან ორ ქვეყანას განსხვავებული მიდგომები ჰქონდა. თუმცა, უთანხმოებები მოიხსნა TRIPP-ის პროექტის, Trump Route for International Peace and Prosperity-ის, ანუ „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, წყალობით. ეს მარშრუტი აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიით მის ექსკლავ ნახიჩევანს დაუკავშირებს.
რამდენიმე წლის განმავლობაში მხარეები ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ ახერხებდნენ. აზერბაიჯანი ითხოვდა გზის გახსნას, რომელსაც „ზანგეზურის დერეფანს“ უწოდებდა. სომხეთის ხელისუფლება პასუხობდა, რომ მზად იყო ყველა გზის განბლოკვისთვის, თუმცა არ ეთანხმებოდა ტერმინს „დერეფანი“, რადგან ის ამ ტერიტორიაზე სუვერენული უფლებების დაკარგვას გულისხმობს.
მხოლოდ 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები კონსენსუსამდე მივიდნენ. გადაწყდა, რომ გზა სომხეთის სუვერენული კონტროლის ქვეშ დარჩება, ხოლო აშშ განბლოკვის პროცესში ბიზნესპარტნიორის სახით ჩაერთვება. სწორედ ამიტომ პროექტმა შუამავლის სახელის მიხედვით მიიღო სახელწოდება „ტრამპის მარშრუტი“.
სომხეთის პრემიერ-მინისტრიც და აზერბაიჯანის პრეზიდენტიც აცხადებენ, რომ ქვეყნებს შორის მშვიდობა დადგა.
რას ფიქრობენ ამაზე სომხეთის მოქალაქეები? შესაძლებელია თუ არა მშვიდობა 30 წლიანი კონფლიქტის შემდეგ? JAMnews-მა ერევნის მცხოვრებლები გამოკითხა.