მინსკის იდეა და ჟენევის ფორმატი — ზახაროვა ამბობს, რომ მოლაპარაკებებზე მთავარი არა ადგილი, არამედ შეთანხმებაა
გაზიარება
გაზიარება
ზახაროვას განცხადება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შესაძლო გადატანა სხვა ლოკაციაზე, მათ შორის მინსკში, კვლავაც აქტუალურ თემად რჩება, დისკუსიაში კი განსაკუთრებული ყურადღება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაწილეობის საკითხს ეთმობა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყდა ყველანაირი პირდაპირი დიალოგი. 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, სადაც რუსეთი და საქართველო სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებთან და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა ჰუმანიტარულ საკითხზე იმსჯელებდა. ჟენევაში წელიწადში 4 რაუნდი ტარდება.
კითხვა საქართველოდან და მარია ზახაროვას პასუხი
პაატა აბულაძე
თბილისიდან გამართულ ონლაინ ბრიფინგზე მარია ზახაროვას კითხვა დაუსვა პაატა აბულაძემ, რომელიც საკუთარ თავს ტელეკომპანია TV +-ს წარმომადგენლად წარადგენს და ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის გმირის შთამომავალია. აბულაძის თქმით, მისი შვილები რუსეთის არმიაში მსახურობენ და ე.წ. “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობენ.
მისი შეკითხვა ეხებოდა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შესაძლო ტრანსფორმაციას და იმას, განიხილავდა თუ არა მოსკოვი პროცესის გადატანას “უფრო მეგობრულ“ ქვეყნებში, მათ შორის, მინსკში.
“რაც შეეხება ამ ფორმატის ჟენევიდან გადატანას სხვა, ნამდვილად ნეიტრალურ და ყველასათვის მისაღებ ადგილას, გაეროს, ევროკავშირის და ეუთოს თანათავმჯდომარეების გარდა არიან აფხაზეთის რესპუბლიკის, რუსეთის, სამხრეთ ოსეთის, საქართველოსა და ამერიკის წარმომადგენლები.” – განაცხადა ზახაროვამ.
ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა პასუხში განაცხადა, რომ მთავარი საკითხი არა მოლაპარაკებების ადგილი, არამედ შეთანხმების მიღწევაა. მისი თქმით, მრავალწლიანი პროცესის გამოცდილება აჩვენებს, რომ მხარეებისთვის პრიორიტეტი შედეგი უნდა იყოს და არა ფორმატის გეოგრაფიული ცვლილება.
ზახაროვას განმარტებით, აღნიშნული დისკუსია უკავშირდებოდა შვეიცარიის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებულ კითხვებს და მის პოზიციებს დასავლეთის სასანქციო პოლიტიკასთან მიმართებით. ზახაროვამ თქვა, რომ საკითხი კომპლექსურია და საჯარო დეტალური განხილვა ამ ეტაპზე ნაადრევია, თუმცა მუშაობა გრძელდება.
“რამდენიმე წლის წინ რუსეთმა წამოაყენა ეს წინადადება და ამას მხარი აქტიურად დაუჭირა აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა, მიზეზი ნათელია – შვეიცარიის კონფედერაციის უკანდახევა ნეიტრალური სტატუსიდან და მათი მხარდაჭერა ანტირუსული სანქციების, ევროკავშირის სანქციებისა და სხვა შემზღუდავი ზომების მისამართით, შვეიცარიის მხრიდან კოლექტიური დასავლეთის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მოლაპარაკების პროცესის კონფიდენციალურობის ხარისხის გათვალისწინებით, ამაზე საჯაროდ ლაპარაკი დღესდღეობით ნაადრევი მგონია.” – ამბობს მარია ზახაროვა.
პრესსპიკერმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის მხარდაჭერას საერთაშორისო დისკუსიების ფორმატისთვის კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე და რეგიონის კონფლიქტების პოლიტიკურ ჩარჩოში განხილვის აუცილებლობას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარე ჩართული იყოს მოლაპარაკებების პროცესში.