მეუფე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი — წმინდა სინოდმა საპატრიარქო ტახტისთვის სამი კანდიდატი გამოარჩია
გაზიარება
გაზიარება
წმინდა სინოდმა სამი კანდიდატი გამოარჩია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატებად დასახელდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობი(აქიაშვილი) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ კენჭისყრის პირველ ეტაპზე მიტროპოლიტმა შიომ 20 ხმა მიიღო, ხოლო დანარჩენმა ორმა კანდიდატმა, იობმა და გრიგოლმა – თითოეულმა 7-7 ხმა.
მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება გაფართოებულ სხდომაზე მიიღება, სადაც ამ სამ კანდიდატს შორის გაიმართება საბოლოო კენჭისყრა. სხდომის თარიღი ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის.
ჯაღმაიძემ ასევე აღნიშნა, რომ კანდიდატებად განიხილებოდნენ სხვა სასულიერო პირებიც, მათ შორის მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი. მისი განმარტებით, სინოდმა გადაწყვეტილება მიიღო ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მკაცრი დაცვით.
სინოდის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა შეფასებები ეკლესიის შიგნით. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ მოსალოდნელია, მიტროპოლიტმა შიომ გაფართოებულ სხდომაზეც ძლიერი მხარდაჭერა შეინარჩუნოს და შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს კიდეც.
მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სხვა კანდიდატებმა შეძლონ იმავე მასშტაბის მხარდაჭერის მოპოვება, რაც პირველ ეტაპზე შიომ მიიღო.
“არ არის გამორიცხული, რომ მეუფე შიომ უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს… უკვე გარკვეულწილად ჩანს, როგორია ვითარება,“ — აღნიშნა მან და დასძინა, რომ მოვლენების საბოლოო განვითარება ჯერ კიდევ გაურკვეველია.
გაფართოებული სხდომა, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალ პატრიარქს, უახლოეს პერიოდში უნდა გაიმართოს.
ილია მეორე 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში, კლინიკაში გარდაიცვალა. იგი 48 წლის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში, საკურთხევლის მარცხენა მხარეს დაკრძალეს – ადგილზე, რომელიც ისტორიულად საქართველოს ეკლესიის პატრიარქების განსასვენებელია.
გავრცელებული მოლოდინის მიუხედავად, რომ პატრიარქს სამების ტაძარში დაკრძალავდნენ, საბოლოო გადაწყვეტილება თავად ილია მეორის ანდერძს დაეფუძნა: მან სიონში დაკრძალვა ისურვა.