"ნუ იჩქარებთ ვერდიქტის გამოტანას“ — ფაშინიანის მეუღლე უარყოფს მისი ფონდის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს
ფაშინიანის მეუღლე
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე ანნა აკოპიანი, რომელიც ფონდის „ჩემი ნაბიჯის“ აღმასრულებელი დირექტორია, აცხადებს, რომ აპირებს საპასუხო სარჩელების შეტანას როგორც უფლებადამცველ დანიელ იოანნისიანის, ისე ბლოკ „დამოუკიდებელი დამკვირვებლის“ წინააღმდეგ.
მისი თქმით, უკვე დაავალა ადვოკატებს საქმის შესწავლა და ისეთი განცხადების მომზადება, რომელიც იოანნისიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველს შექმნის. ბლოკის წინააღმდეგ სარჩელი კი მოითხოვს კომპენსაციას იმ ზიანისთვის, რომელიც, მისი შეფასებით, ფონდის საქმიან რეპუტაციასა და ავტორიტეტს მიადგა. ამის შესახებ აკოპიანმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა.
23 აპრილს „დამოუკიდებელი დამკვირვებლის“ ბლოკმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციულ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, ანნა აკოპიანი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიეცეს. იოანნისიანის თქმით, მმართველ პარტიასთან „აფილირებულ“ ფონდს უნდა შეეჩერებინა საქმიანობა მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა საპრეზიდენტო განკარგულება სომხეთში არჩევნების ჩატარების შესახებ, თუმცა ფონდმა მუშაობა გააგრძელა.
აკოპიანი უარყოფს, რომ მონაწილეობს არჩევნებში ან აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას. მისი თქმით, თავად ბლოკმაც ვერ წარმოადგინა „აგიტაციის პირდაპირი მტკიცებულებები“, ხოლო პრობლემის საფუძველი ისაა, რომ ფონდის საქველმოქმედო პროგრამები და მისი პიროვნება, ასოცირდება მმართველ პოლიტიკურ ძალასთან.
ის ასევე აცხადებს, რომ ვერ ხედავს მიზეზს ფონდის პროგრამების გადადებისთვის და დარწმუნებულია, რომ „ჩემი ნაბიჯი“ არ არღვევს სომხეთის კანონმდებლობას. მისივე თქმით, ფონდს აქვს ვალდებულებები პარტნიორების, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე და ამიტომ უნდა გააგრძელოს საქმიანობა და შეასრულოს ნაკისრი პირობები.
პრესკონფერენციაზე აკოპიანმა განაცხადა, რომ მისი უფლებები დაირღვა: როგორც ქალის, მოქალაქის, ამომრჩევლისა და ფონდის ხელმძღვანელის. მისი შეფასებით, საქმე ეხება როგორც სომხეთის კონსტიტუციითა და კანონებით, ისე საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებულ უფლებებს.
მისი თქმით, დაირღვა მისი საარჩევნო უფლება და ნების თავისუფალი გამოხატვის პრინციპი. აკოპიანი ამტკიცებს, რომ ადამიანის პოლიტიკური ორიენტაცია და ხმის მიცემის უფლება არ უნდა იყოს საჯარო განხილვის საგანი, მიუხედავად იმისა, ვინ არის ეს ადამიანი. ის ასევე მიიჩნევს, რომ მისი საქმე ეწინააღმდეგება გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციას.
აკოპიანმა გაიხსენა, რომ 2022 წლის სექტემბერში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მმართველი პარტიის წევრი მიხიტარ აირაპეტიანი იყო და მაშინაც ფონდი ახორციელებდა საქველმოქმედო პროგრამებს შირაკის რეგიონში, სადაც არჩევნები ტარდებოდა. მისი თქმით, იმ პერიოდში არ დაწყებულა არც ადმინისტრაციული და არც სისხლის სამართლის საქმე, რაც, მისი შეფასებით, ქალთა დისკრიმინაციის აკრძალვის დარღვევაზე მიუთითებს.
აკოპიანი ასევე დაეყრდნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებას, რომლის მიხედვითაც საქველმოქმედო საქმიანობის შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც ფონდის მმართველი ორგანოს წევრები ემთხვევა პარტიის ხელმძღვანელობას ან ფონდის დამფუძნებელი/ხელმძღვანელი არის არჩევნებში წარდგენილი კანდიდატი. აკოპიანის თქმით, არც ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და არც სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არ წარმოადგენენ რომელიმე პოლიტიკურ ძალას და არც არჩევნებში მონაწილეობენ. მისი მტკიცებით, ფონდის პროგრამების ფარგლებში ბენეფიციარებს შორის არასოდეს ჩატარებულა აგიტაცია.
ჟურნალისტების კითხვაზე, ასოცირდება თუ არა ფონდი მმართველ პარტიასთან, აკოპიანმა უპასუხა, რომ ეს საკითხი საზოგადოებამ უნდა შეაფასოს და დასვა კითხვა, რა კავშირი აქვს ასეთ ასოციაციას არჩევნებთან.
მისი შეფასებით, „დამოუკიდებელი დამკვირვებლის“ განცხადებები სადავოა და საბოლოო პასუხს სასამართლო გასცემს.
„არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა, თითქოს ჩვენ რაღაცას ვარღვევთ — ამას სასამართლო დაადგენს“, — თქვა მან.
თავის მხრივ, „დამოუკიდებელი დამკვირვებლის“ ბლოკმა ადმინისტრაციულ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, ფონდის დირექტორი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიეცეს 15 ეპიზოდზე. ბლოკის წარმომადგენლის, დანიელ იოანნისიანის თქმით, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პარტიებთან აფილირებულმა ფონდებმა უნდა შეწყვიტონ საქმიანობა არჩევნების გამოცხადების შემდეგ. კანონი ასეთი დარღვევისთვის ჯარიმას, 6 მილიონ დრამამდე ითვალისწინებს.
იოანნისიანის შეფასებით, „ჩემი ნაბიჯი“ მკაფიოდ ასოცირდება პარტია „სამოქალაქო შეთანხმებასთან“. მან აღნიშნა, რომ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი არის მოქმედი დეპუტატი ლენა ნაზარიანი, მიუხედავად იმისა, რომ ის 2026 წლის საარჩევნო სიაში არ არის. მან ასევე აღნიშნა, რომ „ჩემი ნაბიჯი“ იყო ბლოკის სახელწოდება, რომელსაც მმართველი პარტია იყენებდა წინა არჩევნებზე.
ბლოკის განცხადებით, ფონდს საქმიანობა უნდა შეჩერებოდა, თუმცა საქველმოქმედო პროექტების განხორციელება გააგრძელა. ამასთან, ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა, რადგან არც აკოპიანი და არც ფონდი არ არიან კანდიდატები, პარტიის წევრები ან ნდობით აღჭურვილი პირები. მათი თქმით, საქველმოქმედო საქმიანობას აგიტაცია არ ახლდა, რაც ასევე გამორიცხავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
ბოლო თვეებში აკოპიანმა ასევე გაახმოვანა პირადი ცხოვრების დეტალები და განაცხადა, რომ წყვეტდა ურთიერთობას პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, რომელთანაც სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდა. თუმცა მოგვიანებით, ის კვლავ გამოჩნდა ფაშინიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში. თავად ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ძალისხმევა გაიღო მათი ურთიერთობის აღსადგენად და მოხარულია, რომ ოჯახს კიდევ ერთი შანსი მიეცა.