ცვლილებები საქართველოს მთავრობაში: სუს-ის უფროსის პოსტზე მდინარაძეს გელაძე შეცვლის, შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი იქნება
გაზიარება
გაზიარება
ცვლილებები საქართველოს მთავრობაში
საქართველოს მთავრობაში ცვლილებებია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე “ქართული ოცნება” მამუკა მდინარაძეს გეკა გელაძით ანაცვლებს. ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე გააკეთა.
ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნების” მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. ის ასევე იქნება ვიცე-პრემიერი.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრს, ამ თანამდებობის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაიკავებს. აღსანიშნავია, რომ სულხან თამაზაშვილი დიდი ბრიტანეთის, ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ არის სანქცირებული.
დღევანდელ ბრიფინგზე ოცნების პრემიერმა ასევე თქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მესამე ვიცე-პრემიერიც იქნება.
“ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გეკა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში ხელმძღვანელობდა სისტემურ რეფორმებს და უწყების საქმიანობას ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა სულხან თამაზაშვილი, რომელიც მანამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იყო. პრემიერის თქმით, თამაზაშვილს აქვს შსს სისტემაში მუშაობის გამოცდილება და მისი ხელმძღვანელობით აჭარაში განხორციელდა მმართველობითი და ინფრასტრუქტურული პროექტები. კობახიძის თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ახალი კანდიდატი უახლოეს დღეებში დასახელდება, კონსულტაციების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის უმაღლეს საბჭოსთან.
მთავრობის ადმინისტრაციაში ასევე გამოცხადდა, რომ საქართველოს მთავრობის სტრუქტურას ემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. ამ პოზიციას დაიკავებს მამუკა მდინარაძე, რომელსაც ასევე მიენიჭება ვიცე-პრემიერის მოვალეობა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობაში დაბრუნება “უწევს.”
ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება ახალი სამინისტროს შექმნის შესახებ დაჩქარებული წესით წარედგინება და მიღება მომავალ სასესიო კვირაში იგეგმება.
ოცნების პრემიერიმა პარტია “ქართული ოცნების” დაარსებიდან 14 წლის იუბილესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფორმირებაში და პოლიტიკური პროცესების განვითარებაში. მისი თქმით, ბოლო 14 წლის განმავლობაში განხორციელდა დემოკრატიული ცვლილებები და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება.
კობახიძის განცხადებით, ამ პერიოდში ქვეყანა გადავიდა “დაპირისპირებიდან სტაბილურობაზე“ და “უნდობლობიდან ნდობაზე“, ხოლო “ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად მოხდა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება და სუვერენიტეტის დაცვა.